ბოლო 24 საათში კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია 8.5%-ით, 1.02 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის, Bitcoin-ის ფასი მკვეთრად, 10%-ით გაუფასურდა და 25 000-დოლარიან ნიშნულსაც ჩამოსცდა, რაც 18 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
13%-ით შემცირდა საბაზრო კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა Ethereum-ის ფასიც და 1,300 დოლარიან ზღვარს ქვემოთაა. იკლებს სხვა პოპულარული ციფრული ვალუტების ღირებულებაც – გუშინდელს მერე BNB – 12%-ით, Cardano – 14%-ით, Solana – 19%-ით, Dogecoin კი 16%-ით გაუფასურდა.
კრიპტო ვალუტების გაიაფების უმთავრესი მიზეზი ამერიკაში ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება. მაისში მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ფასები 8.6%-ით გაიზარდა, რაც 40-წლიანი მაქსიმუმია – ბოლოს ამერიკაში მსგავსი ინფლაციის დონე 1981 წელს იყო.
ინფლაციის მაღალი დონის გამო ინვესტორები მოელიან, რომ ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს და გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს. როგორც წესი, კრიპროვალუტები აშშ-ს ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილების მიმართ სიმყარით არ გამოირჩევიან – პირველ რიგში, სწორედ რისკიან და მაღალი ლიკვიდობის მქონე ციფრულ ვალუტებს ყიდიან ინვესტორები, რაც მათ ფასზეც აისახება.
განაკვეთების ზრდა ნეგატიურად მხოლოდ ციფრული ვალუტების ღირებულებაზე არ აისახება და მცირდება წამყვანი კომპანიების აქციების ფასებიც. ასე მაგალითად, ბოლო სავაჭრო სესიის შემდეგ S&P 500-ის ინდექსი, რომელიც აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების საერთო ღირებულებას ასახავს, თითქმის 3%-ით შემცირდა. 2.7%-ით დაეცა Dow Jones-ის ინდექსი, Nasdaq-ის კი 3.5%-ით.
ინფლაციის მსგავსი დონე აშშ-ში ზრდის შფოთვას იმასთან დაკავშირებითაც, რომ შესაძლოა, ეკონომიკა მალე რეცესიაში აღმოჩნდეს.
ბაზარზე მოელიან, რომ ცენტრალურმა ბანკმა გამკაცრების პოლიტიკა მიმდინარე წლის ბოლომდე და შესაძლოა, 2023 წელსაც გააგრძელოს. თეთრ სახლში ფასების მკვეთრ ზრდას პანდემიის გამო მიწოდების ჯაჭვების წყვეტასა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს აბრალებენ.