ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზა, მართალია ახლახანს მოასფალტდა, მაგრამ მაინც საშინელ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით სოფელ ვაჩიანთან. სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ მონაკვეთზე გუშინ დაიწყო.
მტვრიანი გზა, უზარმაზარი ორმოები და ჩამორეცხილი ასფალტის ზედა ფენა – ამ გზაზე კარგა ხანია ეს მდგომარეობაა, მაგრამ ბოლო დროს საგრძნობი გახდა. ამ გზაზე ხშირად მოძრაობენ სატვირთოები. მას შემდეგ, რაც ვალეს საბაჟო გამშვები პუნქტი (საქართველო-თურქეთის საზღვარზე) რემონტის გამო დაიკეტა, კარწახში სატვირთოების ნაკადი რამდენჯერმე გაიზარდა. თურქეთისკენ მიმავალ გზაზე ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ორმო ჩნდება.
აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გუშინ, 6 ივნისს დაიწყო, მანამდე კი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2 500 848 ლარის ოდენობის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო აუქციონში ორი კომპანია მონაწილეობდა: “არალი”, რომელმაც 2 390 000 ლარი შესთავაზა და “ჯავახავტოგზა” – 2 126 282 ლარით. ამ უკანასკნელ კომპანიასთან გზის 1 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გაფორმდა.
სარეაბილიტაციო ხელშეკრულება 2021 წლის 24 ნოემბერს გაფორმდა. სამუშაოები, ხელშეკრულების მიხედვით, 2022 წლის 30 აგვისტოს უნდა დასრულდეს.