„IDS ბორჯომი საქართველოს“ გაფიცული თანამშრომლების ორგანიზებით, „ბორჯომის“ 1-ელი და მე-2 ქარხნების მშვიდობიანი პიკეტი მიმდინარეობს.
როგორც საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირი წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, „IDS ბორჯომი საქართველოს“ გაფიცული თანამშრომლები 50 ადამიანის სამსახურში აღდგენას, თანამშრომელთათვის ძველი ხელშეკრულებების დაბრუნებას და მათ წინააღმდეგ შანტაჟში მონაწილე მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
„აქციის მონაწილეები ქარხნის ტერიტორიაზე პროტესტს მშვიდობიანი ფორმით, ხელებაწეული გამოხატავენ და მათ ასევე რიგითი ბორჯომელებიც შეუერთდნენ. გაფიცული თანამშრომლები 50 ადამიანის სამსახურში დაუყონებლივ აღდგენას და მათთვის ძველი ხელშეკრულებების დაბრუნებას ითხოვენ. ასევე აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა შანტაჟში მონაწილე მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირების სამსახურიდან გათავისუფლება“, – განაცხადა დიასამიძემ.
როგორც მან განმარტა, ყველა ის მუქარა, რომელიც გაფიცულ თანამშრომელთა წინაღმდეგ მიმდინარეობს, მაღალი მენეჯერული პოზიციის მქონე პირების განხორციელებულია. დიასამიძე პოლიციას მოუწოდებს, რომ ამასთან დაკავშირებით უწყებამ რეაგირება მოახდინოს.
„თანამშრომელთა სრული უმრავლესობა მონაწილეობს ამ აქციაზეა. დარჩნენ მხოლოდ მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირები – დირექტორების, წარმოების უფროსების, დირექტორის მოადგილეების გარდა ყველა დანარჩენი ადამიანი გარეთ გამოვიდა. აქციას ასევე შემოუერთდნენ რიგითი ბორჯომელები. აქ არის 4 ლოკაცია და ოთხივეზე ჩვენი გაფიცულები არიან – საუბარია დაახლოებით 400 ან მეტ ადამიანზე. ადმინისტრაციის ძალიან ბევრი თანამშრომელი შემოგვიერთდა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით“, – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.
როგორც პროფკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, ვიდრე კომპანიასა და გაფიცულებს შორის შეთანხმება არ შედგება, დასაქმებულები, მათ შორის ადმინისტრაციის თანამშრომლები არ აპირებენ ქარხანაში შესვლას.