ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიძგები გახშირდა, ეპიცენტრი კი უმეტეს შემთხვევაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან ფიქსირდება, სადაც ასევე მოიმატა გველების რაოდენობამ. Jnews-ი შეეცადა დაეზუსტებინა, არის თუ არა კავშირი ამ ორ პროცესს შორის, ასევე გაარკვია, რომ უფრო ხშირი ბიძგები, მხოლოდ რეგიონის სასარგებლოდ არის.

საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ინგა ხელაშვილი ამბობს, რომ ბიძგების გაზრდილი სიხშირე რეგიონისთვის უფრო პოზიტიურია, ვიდრე ნეგატიური.

„ადრეც იყო მიწისძვრები, მაგრამ არც ისე ბევრი. ალბათ, იქ დიდი ენერგია დაგროვდა და უნდა გამოსულიყო. 1992 წელს ძლიერი მიწისძვრა იყო, შემდეგ რამდენიმე წელი არაფერი მომხდარა. როცა ენერგია გროვდება, ყოველ 10-20 წელიწადში ერთხელ უნდა გამოვიდეს. კარგია, როცა თანდათანობით გამოდის და არა მყისიერად. ხანდახან ძლიერი ბიძგების შემდეგ არის დღეები, როცა საერთოდ სიმშვიდეა“, – ამბობს საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ინგა ხელაშვილი.

ის ჯერ ვერ ადასტურებს, არის თუ არა კავშირი სამებაში მიწისძვრების მატებასა და გველების პოპულაციის ზრდას შორის, მაგრამ ეს საკითხი შესწავლის პროცესშია.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის კიდევ ერთი თანამშრომელი, მანანა დმანიშვილი ამბობს, რომ ჯავახეთში უჩვეულო არაფერი ხდება.

„რაც ჯავახეთში ხდება, მიმდინარეობს შესწავლა, თუმცა პროცესები გააქტიურდა, მაგრამ ამაში უჩვეულო არაფერია. ხან პროცესები იძაბება, ხან ჩაცხრება. აქტიური პროცესები გასული ზაფხულიდან დაიწყო. ეს მდგომარეობა ხდება, როგორც რაჭაში, ასევე ჯავახეთში. მიმდინარეობს პროცესების შესწავლა“, – თქვა მანანა დმანიშვილმა.

სამებაში გველების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით შემდეგი თქვა:
„ზუსტად ვერ ვიტყვი, რომ პროცესები ურთიერთდაკავშირებულია, მეცნიერულად ეს არ იქნება სწორი, სანამ ყველაფერი არ შეისწავლება“, – თქვა მანანა დმანიშვილმა.

წელს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 13 თებერვალს დაფიქსირდა 6,1 ბალიანი სიმძლავრით, 1 მაისს კი 5,3 ბალი იყო. დანარჩენები ოდნავ აღემატებოდნენ 3 ბალს.

2022 წლის აპრილიდან დღემდე ჯავახეთში დაფიქსირდა 1000 მიწისძვრა 3 ბალამდე სიმძლავრით, ხოლო 15 მიწისქვეშა ბიძგები 3 ბალის ზემოთ.

ბოლო ძლიერი მიწისძვრა 8 ბალიანი ახალქალაქში 1986 წელს დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში ფუნქციონირებს სეისმური ცენტრი, რომელიც ეწევა დედამიწის ქერქის გეოფიზიკურ კვლევას და მისი მდგომარეობის შესახებ მონაცემებს მყისიერად გადასცემს თბილისში, სადაც ხდება ინფორმაციის დამუშავება.