სოფია მელქონიანი უკვე 27 წელია, ახალქალაქის რაიონის სოფელ არაგვაში, დანგრეულ სახლში მარტო ცხოვრობს. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მუშაობს. ცხოვრობს პენსიით და სახელმწიფოს მიერ გაცემული სოციალური დახმარებით, რომელიც ორი თვეა არ მიუღია. არ იცის კიდევ ვის მიმართოს დახმარებისთვის.
დანგრეულ სახლში მხოლოდ დენი აქვს, ბუნებრივი აირი და წყალი – არა. მზის სხივები სახურავში აღწევს და ცივ ოთახს ანათებს. სოფიასთვის ოთახში ერთადერთი შუქი მისი ქალიშვილისა და ნათესავების ფოტოებია, რომლებიც მაგიდაზე ფრთხილად დააწყო.
სოფიას ვიწრო და პატარა დივანზე სძინავს, როგორც თავად აღნიშნავს, იღვიძებს უკვე მკვდარ ჭიებთან ერთად, რომლებიც ჭერიდან ცვივიან. ოთახში იმდენი ხვრელია, რომ სოფიას ბაყაყებისა და გველების ნაკლებობა არ უგრძვნია, ამბობს, ჰყავს ძაღლი რიჟიკი, რომელიც მათ იგერიებს.
JNEWS-ის იქ ყოფნისას სოფიამ სახლის სახურავი მცენარეებისგან გაწმინდა, რათა წვიმის დროს წყალი არ ჩაუვიდეს.
ზამთარში ამ პატარა სენაკს შეშით ათბობს, ამბობს, რომ შეშა 1200 ლარის შეშა დაწვა, მაგრამ ოთახი მაინც არ თბება, ყველგან ხვრელია, იატაკი ბეტონიისაა.
„შეშას ვწვავ, ვწვავ, მაგრამ, მაინც ვერ ვთბები, ამიტომ თბილად ვიცვამ, ბევრ ტანსაცმელს ვიცვამ, შალს შარვალზე“, – ამბობს სოფია.
დასალევ წყალს მეზობელი სახლებიდან ეზიდება. წვიმის წყალს სარეცხად იყენებს. მეზობლებისგან ბევრი წყლის მოტანა არ შეუძლია, რადგან მკლავი სტკივა, გზა კი საკმაოდ გრძელია.
მრავალი წლის წინ მან მკერდის ოპერაცია გაიკეთა, ახლა, როცა მძიმე სამუშაოს ასრულებს, მკლავი სტკივა.
„საარსებო საშუალება არ მაქვს, ერთადერთი იმედი პენსია და სოციალური დახმარებაა, მაგრამ დახმარება მომიხსნეს. ახლა სოფლის სპეციალისტთან ერთად ისევ დავწერე განცხადება, ვნახოთ რა იქნება, აღადგენენ თუ არა“, – დასძენს ის.
ორჯერ მოვიდნენ სოციალური დახმარების სამსახურიდან, გადაამოწმეს და ჩანაწერები გააკეთეს, თუმცა სოციალური დახმარება ამ დრომდე არ აღუდგენიათ.
„ჩემი პენსიის იმედი მაქვს, რომელიც უკვე აღარ ვიცი, წამლებში დავხარჯო, პური ვიყიდო თუ სხვა ხარჯი დავფარო. კარგია, რომ ჩემი დის შვილი მეხმარება. სოფელში, მაგალითად, გუშინ ერთმა გოგონამ ტანსაცმელი მაჩუქა და მითხრა, ჩაიცვიო”.
ჩვენთან საუბრის განმავლობაში სოფია ღელავდა. გაიხსენა წინა წლები, როცა არავის დახმარება არ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ნორმალურად ემუშავა და ეცხოვრა. კაფეში მუშაობდა, საკუთარი და ქალიშვილის ყველა ხარჯს ფარავდა.
სოფიას სოფელში კიდევ ერთი სახლი აქვს, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს. როგორც თავად ამბობს, მეზობელს სურდა მისი სახლის მიწების ხელში ჩაგდება, ამ მიწისთვის იბრძოდა და სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ახლა უკვე შეუძლებელია იმ სახლში ცხოვრება, რადგან ოთხი კედელი დარჩა, გაყიდვა როცა შევთავაზეთ, თქვა, რომ მყიდველი არ არის.
სოფიას ჰყავს ქალიშვილი, რომელიც რუსეთშია გათხოვილი, მაგრამ დედას ვერ ეხმარება.
JNEWS-მა მიმართა სოციალური დახმარების სამსახურს იმის გასარკვევად, თუ სოფია მელქონიანს სოციალურ დახმარებას უკვე ორი თვეა, რატომ არ აძლევენ?