საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდის ეპარქიის მუზეუმი ევროკავშირის გრანტით, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის – LAG-ის მიერ ახალქალაქში განხორციელებული ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში, კეთილმოეწყო. თუმცა, სრული გაუმჯობესება ჯერ არ დასრულებულა.
გრანტით გამოყოფილი თანხით აშენდა შენობა სამუზეუმო ექსპონატებისთვის. 150 000 ლარიდან 120 000 ლარი გრანტი იყო, 30 000 ლარი კი თვითდაფინანსება.
პროექტის მიზანი იყო ეპარქიაში მუზეუმის გახსნა, რათა ეპარქიაში არსებული ნახატები გამოფენილიყო და მსურველებს ენახათ. მუზეუმში შესვლა უფასოა. დღეს იქ 60-მდე ნახატია გამოფენილი, თუმცა, დირექტორის, ნინო მურცხვალაძის თქმით, ნახატი და ექსპონატი ბევრია.
გრანტის თანხა საკმარისი იყო შენობის ასაშენებლად და რემონტისთვის, მაგრამ შემდეგ მუზეუმში გათბობა მოეწყო და კიბე დაემატა, რაც ეპარქიის ხარჯით გაკეთდა.
როგორც ახალქალაქისა და კუმურდის ეპარქიის მუზეუმის დირექტორი, ნინო მუცხვალაძე ამბობს, სხვა სამუშაოების დასასრულებლად სპონსორებს ეძებენ. ოთახში დეკორატიული ტიხრების დამატება სურთ.
“რადგან ყველა ნახატი კედელზე ვერ ეტევა, მოძრავ ტიხრებს გავაკეთებთ, რომ კონცერტების ან ფილმების ჩვენების მოწყობისას ისინი გადაადგილდნენ და სივრცე გათავისუფლდეს”, – ამბობს მუზეუმის დირექტორი.
მუზეუმი მუდმივად არ არის ღია მნახველებისთვის, როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული, წინასწარი შეთანხმებით მიდიან ჯგუფები და ღონისძიებები იმართება.
„ახლა ისე არ ვმუშაობთ, რომ ხალხი ყოველდღე მოვიდეს სურათების სანახავად, როგორც დაგეგმილი იყო, მაგრამ ყოველთვის ვიწვევთ მხატვრებს, მუსიკოსებს, ვაწყობთ გამოფენებს, კონცერტებს, ფილმების ჩვენებას, ვიწვევთ რეჟისორებს“, – ამბობს ნინო მუცხვალაძე.
2021 წლის ივნისში პიანისტ პოლინა ოსეტინსკაიას კონცერტი გაიმართა, 2020 წელს სომეხი რეჟისორის, დოკუმენტური ფილმის „ჩვენ“ ჩვენება მოეწყო, გაიმართა სომეხი მხატვრის, ნერსეს მელიქიანის ნამუშევრების გამოფენა და სხვა.
ნინო მუცხვალაძის შეფასებით, პროექტის მაქსიმალური მიზანი მიღწეულია.
„ზუსტად ასე წარმომედგინა, ახლა თუ დაფინანსებას მოვიძიებთ, მუზეუმი სრულად აღიჭურვება“, – ამბობს ნინო.
ტურისტების შემოდინება, როგორც მოსალოდნელი იყო, არ არის. პანდემიამ მთლიანად შეაჩერა ტურიზმის განვითარება, თუმცა მუზეუმში იმედოვნებენ, რომ შენობის ბოლომდე აღჭურვასაც შეძლებენ და ტურისტებიც ეტაპობრივად გამოჩნდებიან.