85 წლის ასაკში, მანუკ კარახანიანს, ნინოწმინდიდან, ცხოვრებაზე, სიყვარულზე და ბედნიერებაზე ფილოსოფოსობა უყვარს. საბჭოთა პერიოდში რაიონის გაზეთის რედაქტორი იყო, შემდეგ კი, დამოუკიდებელ საქართველოში ძალიან ბევრ რამეზე დაფიქრდა, რის შესახებაც Jnews-ს ესაუბრა.
ჩვენი სტუმრობა გამოცდილი ჟურნალისტისთვის მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო. ის ამაყად შეგვხვდა. მანუკ კარახანიანი ქუჩაში, მეზობელთან ერთად გველოდა.
სახლში შეგვიპატიჟა, დაგვათვალიერებინა წიგნების თაროები, რომელსაც თითქმის მთელი ოთახი ჰქონდა დაკავებული. ის ამაყობს საკუთარი ბიბლიოთეკით, სომეხი მწერლების წიგნებით.
მანუკ კარახანიანი 1936 წელს სოფელ ყაურმაში დაიბადა. სკოლის შემდეგ სწავლა ერევნის უნივერსიტეტში, გეოგრაფიის ფაკულტეტზე განაგრძო. ოცნებობდა მსოფლიოში მოგზაურობაზე, ციმბირში, ჩრდილოეთ პოლუსზე წასვლაზე. ძალიან ნანობს, რომ მისი ოცნებები არ ახდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტი გახდა.
“ცხოვრებამ მაჩვენა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის საკმარისი არ არის. მე ეს პროფესია ავირჩიე, რათა მსოფლიოში მემოგზაურა. ვერ ასრულდა ჩემი ოცნება. მაშინ სხვა დრო იყო. ხელს მიშლიდა პირობები და გარემო. არც მე მიბრძოლია საკმარისად საკუთარი ოცნებისთვის. მაგრამ არ ვნანობ, ჟურნალისტი რომ გავხდი”, – ამბობს მანუკ კარახანიანი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მშობლიურ ქალაქში, ნინოწმინდაში დავბრუნდი (ყოფილი ბოგდანოვკა). მანუკ კარახანიანმა სოფელ ყაურმის სკოლის დირექტორი გახდა. 1966 წელს მუშაობა დაიწყო რაიონულ გაზეთში. გაზეთი “არჩალუისი” 1935 წელს შეიქმნა და მაშინ “სტალინის გზა” ერქვა.
რედაქციაში მუშაობის დაწყებისას, მანუკ კარახანიანი წერილების განყოფილებაში იყო, შემდეგ სოფლის მეურნეობის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. 1976 წლიდან 1984 წლამდე სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. გაზეთიდან წავიდა. მაგრამ ის მისი ბედისწერა იყო. 1984 წელს “არშალუისში” დაბრუნდა და მისი რედაქტორი იყო 2020 წლამდე.
მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გართულდა მუშაობა, არ იყო სახსრები ხელფასებისთვის, გაზეთის დასაბეჭდად, საკუთარი სახსრებით, ზოგჯერ კი სხვების დახმარებით გამოსცემდნენ გაზეთს.
„ სულ 5-ნი დავრჩით და გადავწყვიტეთ გვემუშავა, გაზეთი გადაგვერჩინა, ვფიქრობდით, რა გვექნა, სად წავსულიყავით სამუშაოდ. ჩვენი სახსრებით და სხვების დახმარებით ვბეჭდავდით გაზეთს. ყველაზე რთული იყო სტამბასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ძვირი ჯდებოდა ბეჭდვა, იმ წლებში მოსახლეობა დაშორდა მედიას“, – ამბობს კარახანიანი.
გაზეთის ტირაჟი საუკეთესო წლებში დაახლოებით 8000 იყო. გაზეთი თავიდან გამოდიოდა კვირაში 3-ჯერ, შემდეგ თვეში 3-ჯერ, თვეში 2-ჯერ და ბოლოს – თვეში ერთხელ. გაზეთი ახალქალაქში 8 წლის განმავლობაში იბეჭდებოდა, სტამბის დახურვის შემდეგ იბეჭდებოდა გიუმრიში, ერევანში, შემდეგ ახალციხეში.
მანუკ კარახანიანის თქმით, თანამედროვე ჟურნალისტიკა განსხვავდება მისი თაობის ჟურნალისტიკისგან.
„მაშინ იმ თემებზე წერდნენ, რაც რეგიონის ინტერესებში იყო. კომუნისტურ პარტიაზე ბევრს წერდნენ, პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე რასაც იტყოდა იმას წერდნენ. მაშინ ჟურნალისტიკა დამოუკიდებელი არ იყო. და საერთოდ არაფერია დამოუკიდებელი, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელ მხარეს მოძრაობს ხელი“, – ამბობს კარახანიანი.
„არშალუისის“ უახლესი ნომრები ამაყად გვაჩუქა, გაზეთის ბოლო გვერდზე თავისი სახელი მონიშნა და გვაჩვენა.
მიაჩნია, რომ ჟურნალისტიკა ძიებაა. ის ნანობს, რომ ახლა ნაკლებია ბეჭდური მედია და ნამდვილად არ უყვარს და არ კითხულობს ონლაინ გაზეთებს.
მანუკ კარახანიანი ახლა 85 წლისაა, აკეთებს საოჯახო საქმეებს, კითხულობს აქამდე წაუკითხავ წიგნებს თავისი უზარმაზარი ბიბლიოთეკიდან.
მანუკ კარახანიანი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელზე – არპიკზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი, ვაჟი და ქალიშვილი შეეძინათ. ახლა ისინი რუსეთში ცხოვრობენ. ყარახანიანებს სამი შვილიშვილი ჰყავთ. ბავშვებთან და შვილიშვილებთან ყოველდღე სკაიპის საშუალებით ურთიერთობა მათი მთავარი სიხარულია.
არპიკს ძალიან უყვარს თავისი ქმარი. მასზე როცა საუბრობს თვალები უნათდება, თავს ბედნიერ ქალად მიიჩნევს.
მანუკ კარახანიანი არ ნანობს იმას, რაც გააკეთა და თვლის, რომ ადამიანი ყოველთვის ნანობს მხოლოდ იმას, რაც არ გაუკეთებია.
კითხვაზე, თუ რა არის ბედნიერება? მანუკ კარახანიანი ფილოსოფოსობს:
“ბედნიერება არის კონცეფცია, რომელიც მოიცავს ორ აზრს: ფილოსოფიურ და დისკრეციულ. ბედნიერებას არ განსაზღვრავს ერთი დღე. ბედნიერება ადამიანში მუდმივი უნდა იყოს”.