ჩვენი თანამემამულე, ანაჰიტ პოდოსიანი 10 წელია თბილისშია. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლება საქართველოში მიიღო და პროფესია შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში სამუშაო აქვს, ჯავახეთში დაბრუნება და რეგიონის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა გადაწყვიტა.

ანაჰიტ პოდოსიანმა ნინოწმინდის რაიონის სოფელ პატარა ხანჩალის საშუალო სკოლა დაამთავრა. 2011 წელს „გაცვლის პროგრამაში“ მონაწილეობდა, ოთხი თვის განმავლობაში სწავლობდა აჭარაში, გონიოში, სოფელ ჭარნალის ადგილობრივ ქართულ სკოლაში და ქართველების ოჯახში ცხოვრობდა.

„ამ პროგრამის მიზანი იყო საქართველოში მცხოვრებ სომეხ სტუდენტებს ქართველ თანატოლებთან კომუნიკაციის საშუალება მისცემოდათ და სახელმწიფო ენა ესწავლათ”.

ამ ოთხი თვის განმავლობაში იგი იწყებს ქართულად საუბარს, რასაც, ასევე, ხელს უწყობს მისი სკოლის ქართული ენის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები.

დაბრუნების შემდეგ გამოცდებს აბარებს და სკოლას ამთავრებს.

„ვინაიდან ქართული ენა ვიცოდი, მქონდა შესაძლებლობა გამოცდა ჩამებარებინა და მაღალი ქულების წყალობით მომეცა საშუალება საქართველოში უფასო ფაკულტეტზე ჩამებარებინა, რაც სომხეთში შეუძლებელი იყო. ავირჩიე სწავლა საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობ”.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსზე ეროვნული უმცირესობებისთვის გათვალისწინებული პროექტით „1+4“ ჩაირიცხა. შემდეგ სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. უკვე მე-3 კურსიდან იწყებს სტიპენდიის მიღებას დიდი წარმატებისთვის.

ანაჰიტი მედიცინით სკოლის ასაკიდან იყო დაინტერესებული, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მოსამზადებელ კურსზე მიიღო.

„როდესაც მოსამზადებელ კურსზე სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს შევხვდი, დავინტერესდი სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლების სირთულეებითა და ფორმით”.

პირველი, რაც მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა უთხრეს, – თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტზე სწავლა ძალიან რთულიაო, – და არ ურჩევდნენ. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დააინტერესა და მოტივაცია გაუჩინა, რადგან, როგორც თავად ამბობს, უყვარს სირთულეების გადალახვა. მშობლებიც მიესალმებიან ქალიშვილის არჩევანს.

university

2019 წელს სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. 2020 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურაზე ჩაირიცხა. კორონავირუსის ეპიდემიის დროს იგი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა Evidence-ის ლაბორატორიაში.

ახლა ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლაბორატორიის რეზიდენტია, 2019 წლიდან თბილისის 26-ე პოლიკლინიკაში ოჯახის ექიმის ასისტენტად მუშაობს. 2020 წელს კლინიკა “კურაციოს” ლაბორატორიაში ლაბორანტის სტაჟიორი იყო.

laboratoria

უკვე 10 წელია თბილისში სწავლობს და მუშაობს. მას დედაქალაქში დარჩენის სურვილი არასდროს ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ იმავე კლინიკაში დარჩენისა და მუშაობის შეთავაზება მიიღო, გადაწყვეტილება მაინც არ შეუცვლია, უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ სად და რა პოზიციაზე იმუშავებს, ჯერჯერობით არ ამხელს.

„მიუხედავად იმისა, რომ არის შემოთავაზებები, მალე დავბრუნდები ჯავახეთში. არის ჯავახეთთან დაკავშირებული პროგრამები, რომლებიც პროცესშია და იმედია განხორციელდება, წინასწარ არ მინდა მათზე საუბარი. ყოველთვის წარმოვიდგენდი, რომ ჯავახეთში ვიმუშავებდი“.

ანაჰიტი ახლა სრულიად ქართულ გარემოშია, როგორც უნივერსიტეტში, ასევე სამსახურში.

„არავისთან არ მიჩხუბია, რადგან სომეხი ვარ. ქართულ საზოგადოებაში თავს თითქმის სრულად ინტეგრირებულად ვთვლი“.

თბილისში სწავლის დროს ის თვალყურს ადევნებდა სომეხ ახალგაზრდებს და ხვდებოდა, რომ, რაც უფრო აქტიურად მონაწილეობენ ისინი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, მით უფრო მეტად ინტეგრირდებიან ქართულ საზოგადოებაში. მისი აზრით, ინტეგრაციის ერთადერთი პრობლემა ენის არ ცოდნაა.

ჩვენი რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოში სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემა აღარ იარსებებს, რადგან, როგორც თავად აღნიშნა, ბოლო წლებში, სკოლებში ქართული ენა მაღალ დონეზე ისწავლება.

bjshkuhi

„მივმართავ მათ, ვინც არ დაბრუნდა და ვუთხრა, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ. როცა შეგვიძლია ცოტათი მაინც დავეხმაროთ ჩვენს ხალხს, რომ არ მოუწიონ თბილისში გამგზავრება ყველაზე უმნიშვნელო სამედიცინო დახმარებისთვის, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს?“.

ანაჰიტს მიაჩნია, რომ ყველა, ვინც სწავლობს და ხდება კარგი სპეციალისტი, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ჯავახეთში, რათა ჯავახეთი განვითარდეს ყველა სფეროში.