სურსათის შესაძლო დეფიციტზე, პროდუქტებზე ფასების მატებაზე, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში მოსალოდნელ ეკონომიკურ პრობლემებსა და კიდევ ბევრ სხვაზე Jnews-ს რონდელის ფონდის ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, პროფესორ ვლადიმერ პაპავა ესაუბრა.  .

უკრაინაში ომის დაწყებისას, ბევრი ექსპერტი რუსეთს ეკონომიკურ პრობლემებს უწინასწარმეტყველებდა. თუმცა, დღეისთვის, ეს წინასწარმეტყველებები სრულად არ ახდა, რატომ? 

– დავიწყოთ იმით, რომ ეკონომიკური სანქციები, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა, არ არის სრულყოფილი და მასში არის ზოგიერთი გულახდილი “ხვრელები”. ევროპა იძულებულია განაგრძოს რუსული გაზისა და ნავთობის შეძენა, იმიტომ, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ძლიერად არიან დამოკიდებულნი რუსეთის ენერგორესურსებზე. მეორე “ხვრელი” მდგომარეობს იმაში, რომ ამ სანქციებს ყველა ის ქვეყანა არ შეუერთდა, რომლებიც განსაზღვრავენ მსოფლიო ეკონომიკას. ასეთი ქვეყნებია: ისრაელი, თურქეთი, რა თქმა უნდა ჩინეთი და ინდოეთი. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ სანქციები სრულყოფილია, არ გამოდის. თავდაპირველად რა თქმა უნდა იყო შოკი, რის შედეგადაც რუსული რუბლის კურსი დაეცა. რუსეთს აქვს სავალუტო რეზერვები, რათა რუბლი გაამყარონ. მათ ეს შეძლეს. ხვდებით რაშია საქმე? ეს სანქციები მუშაობს, მაგრამ სწრაფ ეფექტს, პრინციპში, ვერ იძლევიან. რუსეთში მიაჩნიათ, რომ ეკონომიკური ვარდნა 8%-ის ფარგლებში იქნება. მაგრამ სხვადასხვა საერთაშორისო პროგნოზებით, ეს იქნება 10-20%-ის ფარგლებში. ნებისმიერ შემთხვევაში ეს სანქციები რუსეთის ეკონომიკის შემცირებას გამოიწვევს. ამაზე რუსი ექსპერტებიც კი თანხმდებიან.

 რუბლთან დაკავშირებით იყო დეფოლტის პროგნოზი, მაგრამ რუბლი გამყარდა და უფრო მაღალი პოზიციები დაიკავა, ვიდრე ომამდე ჰქონდა. 

– დეფოლტს რაც შეეხება, რუსეთმა შეძლო მის განკარგულებაში არსებული სავალუტო რეზერვებით დეფოლტის თავიდან აცილება. წავიკითხე ასევე კვლევები, რომელთა თანახმად, რუსეთი ბევრს არ დაკარგავს, თუ დეფოლტს გამოაცხადებს, იმიტომ, რომ თუ რუსეთი ვალებს არ გადაიხდის, უპირველეს ყოვლისა ის ქვეყნები დაზარალდებიან, რომელთა ვალიც რუსეთს აქვს. დეფოლტის გამოცხადება ყოველთვის ხელსაყრელი არ არის, იმიტომ, რომ დეფოლტის გამოცხადებით ქვეყანა კარგავს ღირსეული პარტნიორის იმიჯს და ინვესტორები ასეთ სახელმწიფოსთან საქმის დაჭერას თავს არიდებენ. მაგრამ აღნიშნულ, კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთი არაფერს კარგავს. იმიტომ, რომ ინვესტორებმა ისედაც დატოვეს რუსეთი. თეორიულად დეფოლტით რუსეთს ვერ შეაშინებ.

როგორ აფასებთ საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის მდგომარეობას?

იყო პერიოდი, როდესაც ლარი გაუფასურდა. ახლა ლარი შედარებით დასტაბილურდა. ლარის კურსი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებულია, მათ შორის, მომხმარებლის მოლოდინზე, თუ რა მოხდება ეკონომიკაში, მსოფლიო ეკონომიკაში.

იმდენად, რამდენადაც მსოფლიო საზოგადოება საქართველოს უკრაინასთან კავშირში ხედავს, ომის დასაწყისში საქართველოს მიმართ ინვესტორების ინტერესი მინელდა, თუ გაძლიერდა? 

– მე ვიტყოდი, რომ ამ ომის შედეგად, საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზარდა. საქმე იმაშია, რომ საქართველო საკვანძო რგოლია ევროპის აზიასთან დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანში. თუკი, ცენტრალური აზიის ქვეყნები და განსაკუთრებით ჩინეთი რუსეთს თავიანთი საქონლის დასავლეთისა და ევროპისკენ გადასაზიდად იყენებდნენ, ახლა ეს შესაძლებლობები შეზღუდული, ან მთლიანად დახურულია. ამიტომ ისინი, თავიანთი ეკონომიკის დასავლურ სამყაროსთან დასაკავშირებლად სხვა გზებს ეძებენ. არსებობს ძალიან საინტერესო ფუნქცია, რომელიც შესაძლოა გაძლიერდეს საქართველოში – ეს არის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია. არც ისე დიდი ხნის წინ, ყაზახეთმა გამოაცხადა, რომ აპირებს ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდას საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებით, ამიტომ სატრანსპორტო ნაკადების გაზრდილი ინტენსივობა, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ინვესტიციების შესაძლო ზრდას.

რამდენად შესაძლებელია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გააქტიურება? 

– როცა საქონლის სათანადო მოცულობა არ არის, სატრანსპორტო დერეფანი ვერ ამოქმედდება.  ახლა სწორედ ის დრო დგება დრო, თუ უკვე არ დადგა, როდესაც ბევრი ქვეყანა იწყებს ფიქრს, რუსეთის გვერდის ავლით, როგორ დააკავშირონ აღმოსავლეთის ქვეყნები დასავლეთთან. მაგალითად, ჩინეთი განიხილავს და აქტიურად იყენებს საზღვაო ტრანსპორტს. მაგრამ ჩინეთს ასევე, აქვს შესაძლებლობა სახმელეთო ტრანსპორტით ისარგებლოს. ის სახმელეთო ტრანსპორტს თუ გამოიყენებს, საქართველოს გავლით დასავლეთში საქონლის ნაკადი გაიზრდება. როგორც უკვე ვთქვი, ყაზახეთმა გამოაცხადა, რომ საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებას გაზრდის.

ანუ სამომავლოდ, ბაქო-თბილისი- ყარსის მიმართ ინტერესი გაიზრდება?

-პრინციპში ამისათვის ყველა პირობაა შექმნილი.

ომის დასაწყისში უკრაინაში ექსპერტები ამბობდნენ, რომ იქნებოდა ფასების ზრდა, დეფიციტი. ფასების ზრდა დადასტურდა, რა ხდება დეფიციტთან დაკავშირებით? 

– რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე სამეცნიერო წრეებში გაჩნდა ტერმინი – „სასურსათო ომი“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან რუსეთისა და უკრაინის წილი ერთად, მაგალითად, ხორბლის ექსპორტში 25% იყო, მაგრამ უკრაინას, ომის გამო, ახლა ხორბლის ექსპორტი არ შეუძლია, საზღვაო შესაძლებლობებს ექსპორტისთვის ვერ იყენებს. შესაბამისად, ხორბლის მსოფლიო ექსპორტის მეოთხედზე მეტით შემცირდა. ბუნებრივია, ეს ზრდის მარცვლეულის ღირებულებას. რაც შეეხება რუსეთს, ხორბლის ექსპორტს ან ზღუდავს, ან მთლიანად კრძალავს, ან ხორბლის ფასს ზრდის. რუსეთი ხორბალს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს, პირობითად რომ ვთქვათ, როგორც ერთ-ერთ, მშვიდობიან იარაღს. რაც შეეხება ზოგად დეფიციტს, ეს დეფიციტი COVID-19-ის პანდემიის დროს დაიწყო. ჯერ კიდევ, ამ დეფიციტის შედეგები არ იყო აღმოფხვრილი, რომ ომი დაიწყო და ასე ვთქვათ, ერთი პრობლემა უკვე გადაფარავს მეორე პრობლემას, კიდევ უფრო ამძიმებს ეკონომიკურ მდგომარეობას, ამცირებს საქონლის მიწოდებას. ეს არის დეფიციტი, ეს არის გლობალური საკითხი, გლობალური პრობლემა. დეფიციტის დროს ბუნებრივია, ფასები იზრდება. იქნება ეს მზესუმზირის თუ ზეითუნის ზეთი. ბევრი საკვები პროდუქტი გახდა დეფიციტური. ეს აისახება ფასებზე. იზრდება, ასევე, მსოფლიო ფასები ნავთობზე. იზრდება იმის გამო, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ახლა ამოქმედდა. ენერგომატარებლებზე ფასები როდესაც იზრდება, ეს თითქმის მთელ ეკონომიკაზე ახდენს გავლენას.

 

V_Papava_10_09_2021_GREY_thumb
ვლადიმერ პაპავა 2001 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის გამოყენებითი ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი და დირექტორი. 1994-2000 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. 2000 წელს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილედ. 2004-2007 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტის უფროსის მოადგილე. 2005-2006 წწ. იყო ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიანტი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტში, ნიტცეს სკოლა – SAIS, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი). 2013-2016 წლებში რექტორი და ეკონომიკის პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.