ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოლარში მობილური მექანიზაციისა და მეცხოველეობის მომსახურების ცენტრი ფუნქციონირებს, ასევე, მობილური ლაბორატორია და ზოოტექნიკური აფთიაქი. ცენტრმა მონაწილეობა მიიღო საგრანტო კონკურსში LAG – Local Development Group – ევროკავშირის ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში და 32 000 ლარის ოდენობით გრანტი მოიპოვა.
ცენტრმა მუნიციპალიტეტში ვეტერინარული სამსახურის განვითარებისთვის გრანტი მოიპოვა. პროექტის მიხედვით, ცენტრში უნდა განხორციელდეს პირუტყვის ვაქცინაცია, ასევე ძროხებისა და ღორების ხელოვნური განაყოფიერება. პროექტის ფარგლებში ასევე გაიხსნა კეთილმოწყობილი, მობილური ლაბორატორია. გრანტი ვეტერინარმა, არმან ჰარუთუნიანმა მოიგო. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ დროისთვის ცენტრში მხოლოდ პროფილაქტიკური აცრები ტარდება.
არმან არუთიუნიანის თქმით, ძირითადად სოფლების: კოჩიოს, ალათუმანის, ბეჟანოსა და კოტელიას ფერმერებთან მუშაობენ.
“ვმუშაობ მათთან, ვისაც 30-40 სული ძროხა ან ღორი ჰყავს, ჩვენ ვატარებთ პროფილაქტიკურ ვაქცინაციას, რასაც სახელმწიფო სავალდებულოდ არ თვლის”, – ამბობს არმანი.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში არის მოთხოვნა პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებაზე, რადგან ფერმერებს სურთ საქონლის ჯიშების შეცვლა. მიაჩნია, რომ საქონლის ჯიშების შეცვლა რეგიონში უკვე ეუცილებელია.
„ჩვენს რეგიონში უკვე აუცილებელია ძროხებისა და ღორების ხელოვნური განაყოფიერების დაწყება, რადგან არსებული ჯიშები აღარ არის ეფექტიანი, ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ რძისა და ხორცის პროდუქტიულობა და ცხიმიანობა 35-40%-ით გაიზრდება”, – ამბობს არმან ჰარუთუნიანი.
არმანი ახალქალაქში პირუტყვისა და ღორის ხელოვნური განაყოფიერების პროცესის დაწყებას 2019 წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა ამას პანდემიამ შეუშალა ხელი, უცხოეთიდან სათესლე მასალის ახალი ნიმუშების ჩამოტანა ვერ შეძლო.
„მასალაზე, რომელიც საქართველოში იწარმოება ხარისხის გარანტიას არ იძლევიან, ამიტომ არ გვინდა, სამუშაოს დაწყება წარუმატებელი იყოს, იმიტომ, რომ ეს ბიზნესია და არ გვინდა კლიენტების ნდობა დავკარგოთ, ეს ჩვენი ბიზნესისთვის ცუდი იქნება. მაგრამ გზები უკვე იხსნება და სათესლე მასალას საზღვარგარეთიდან შემოვიტანთ. იქ ყველაფერი სერტიფიცირებულია და ხარისხზე პასუხისმგებელი არიან“, – ამბობს არმან ჰარუთუნიანი.
მიუხედავად იმისა, რომ პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების განვითარებაში ხელი პანდემიამ შეუშალათ, ზოოტექნიკური აფთიაქი, არმანის თქმით, პანდემიის დროს უკეთ მუშაობდა, ვიდრე პანდემიამდე.
“ბევრი აფთიაქი დაიხურა და მეზობელი სოფლების მცხოვრებნი ჩვენს აფთიაქში მოდიოდნენ. პანდემიის დროს ჩვენი აფთიაქი უფრო კარგად მუშაობდა, ვიდრე პანდემიამდე”, – ამბობს არმანი.
რაიონში ამ ლაბორატორიის მოსვლასთან ერთად ფერმერებს შეეძლებათ შეცვალონ პირუტყვის ჯიში – მაგალითად, ძროხამ ბევრი რძე მოიწველოს, მიიღოს რძის ჯიში, ხორცისთვის – სახორცე ძროხის ჯიში.