ახალქალაქში, იუსტიციის სახლთან უკვე მეორე დღეა, გრძელი რიგებია. Jnews-მა ორი დღის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პასპორტისა და პირადობის მოწმობის ფასი 1-ლი მაისიდან გაიზრდებოდა. ახალქალაქში აღნიშნულმა ინფორმაციამ მოსახლეობის აღშფოთება და იუსტიციის სახლთან რიგები გამოიწვია.
როგორც იუსტიციის სახლის წინ მდგარი ადამიანები აცხადებენ, რიგების მიზეზი ის არის, რომ ორშაბათიდან, 1 მაისიდან, პასპორტის ან პირადობის მოწმობის აღება გაძვირდება. პასპორტი 50%-ზე მეტით, პირადობის მოწმობა 100%-ზე მეტით გაძვირდება.
„არ მესმის, რატომ გადაწყვიტეს პასპორტების გაძვირება, გაძვირდა ქაღალდი თუ პასპორტების იმპორტი? მგონი, დოკუმენტების ფასი უკრაინის ომს არ უნდა უკავშირდებოდეს. რუსეთიდან ან უკრაინიდან ხომ არ არის შემოტანილი? მაშ, რა არის მიზეზი? ჩვენი ცხოვრების დონე იმდენად მაღალია თუ იმდენს ვშოულობთ, რომ 50%-ით გაძვირებული დოკუმენტები ცხოვრების წვრილმანია. ცინიზმი უბრალოდ გასაკვირია. რაზე ფიქრობენ?!“, – ამბობს ახალქალაქის მცხოვრები.
მოქალაქეების აზრით, პრობლემა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლება გაძვირების შესახებ ხალხის წინასწარ ინფორმირებას, არც კი აპირებდა, რათა ხალხს დოკუმენტები გამოსაცვლელად დრო ჰქონოდათ.
“მასმედიაში გასული ინფორმაცია რომ არა, ფაქტის მერე გავიგებდით“, – ამბობს რიგში მდგომი მამაკაცი. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტების ღირებულების შესაძლო გაძვირების შესახებ Jnews-მა საკუთარი არხებით შეიტყო და ინფორმაციის გადამოწმებას იუსტიციის სახლში შეეცადა, სადაც გაძვირების შესახებ ინფორმაცია არ უარყვეს, არამედ განაცხადეს, რომ დეტალები აპრილის ბოლოს გამოქვეყნდებოდა, კონკრეტული ფასების გარეშე. ფასების შესახებ ინფორმაცია Jnews-მა საკუთარი არხებით მოიპოვა.
ბოიმეტრული პასპორტის ათ დღეში ასაღებად, მოქალაქე პირველი მაისიდან 154 ლარს გადაიხდის 100 ლარის ნაცვლად.
• იმისათვის რომ დოკუმენტი 5-დღეში მიიღოთ, საჭიროა 184 ლარის გადახდა, 120 ლარის ნაცვლად.
• დოკუმენტის 3-დღეში მისაღებად 150 ლარის ნაცვლად 229 ლარს გადაიხდით.
• დოკუმენტის იმავე დღეს მისაღებად 205 ლარის ნაცვლად 354 ლარის გადახდა მოგიწევთ.
რაც შეეხება პირადობის მოწმობას, 10-სამუშაო დღეში პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეები 1-ლი მაისიდან 30 ლარის ნაცვლად 64 ლარს გადაიხდიან.
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ხუთ დღეში ასაღებად 40 ლარის ნაცვლად 84 ლარის გადახდა მოგიწევთ.
• სამ დღეში მის მისაღებად 50 ლარის ნაცვლად 104 ლარს გადაიხდით.
• იმავე დღეს მისაღებად 65 ლარის ნაცვლად 154 ლარი იქნება გადასახდელი.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის (არასრულწლოვნებისთვის) პასპორტის აღება 75 ლარის ეღირება 50 ლარის ნაცვლად.