ახალქალაქში სამშენებლო ნარჩენებისთვის სპეციალური ნაგავსაყრელების არქონის პრობლემა მუდმივად არსებობს. მცხოვრებლების ნაწილი წუხს, რომ ნაგვის გადასაყრელი ადგილი არ არის, სხვები კი ამბობენ, რომ გარემო ბინძურდება, რადგან ხალხი ყველგან ნაგავს ყრის.

როგორც ახალქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა JNEWS-ს განუცხადა, ჩარენცის ქუჩის ბოლოს, გზიდან ჩამოფხეკილი ასფალტი კლდის ქვეშ დაყარეს. ვითარება ადგილზე ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ ასფალტის ნარჩენები ხეობისკენ მიმავალ გზაზე მართლაც ეყარა.

shinaghb

რადგან ქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გვითხრა, რომ ასფალტი ჯავახეთის ქუჩიდან მიიტანეს, დავინტერესდით, იცოდნენ თუ არა ამის შესახებ ქუჩის მცხოვრებლებმა. ერთ-ერთმა მცხოვრებმა უკმაყოფილოდ გვიპასუხა, რომ ასფალტი “ნამდვილად არ არის ჯავახეთის ქუჩიდან”, ხოლო, ის თუ რატომ დაყარეს ნაგავი კლდის ძირში, “არავის საქმე არ არის”!

ამის შემდეგ JNEWS-ი კომპანია “მშენებლობას” წარმომადგენელ ვარდან ჩოლახიანს დაუკავშირდა. სწორედ ეს კომპანია აწარმოებს ჯავახეთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს.

“ასფალტის ნარჩენებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვარ. ასფალტი, რომელიც გზაზე მოვხსენით, ჩვენვე გვჭირდება შემდგომი სამუშაოებისთვის და შევინახეთ, ნაწილს ვაძლევთ ადგილობრივებს, ვისაც თავისი ტერიტორიის მოსწორება სურს. ამდენად კონკრეტული მონაკვეთთან დაკავშირებით, რაზედაც თქვენ საუბრობთ, საქმის კურსში არ ვარ”, – განაცხადა მან.

სპეციალური ნაგავსაყრელის არქონა უკვე დიდი ხანია აწუხებს ახალქალაქისა მისი რაიონების მოსახლეობას. ხალხმა არ იცის, სად დაყარონ სამშენებლო ნაგავი, მისი ჩაყრა არ შეიძლება ნაგვის კონტეინერში, რადგან კონტეინერი და ნაგვის მანქანა დაზიანდება. ამიტომ ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა სამშენებლო ნაგავს ან ბუნებაში ყრიან, ან რომელიმე ღია ადგილას.