LAG – ლოკალური განვითარების ჯგუფი – ევროკავშირის ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბერძნების სათემო კავშირი ერთ-ერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს – “ბერძნულის საკვირაო სკოლა თანამედროვე მეთოდებით სწავლისთვის”.
პროექტი საერთო ჯამში 6 640 ლარს შეადგენდა, საიდანაც 1 640 ლარი თვითდაფინანსება იყო, 5 000 ლარი – გრანტი. პროექტი სოციალურია. მისი მიზანია ჯავახეთის ბერძნულ თემში ბერძნული ენის, წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების შენარჩუნება.
გრანტით ბერძენთა კავშირმა 4 კომპიუტერი, ყურსასმენი შეიძინა, გარემონტდა ახალქალაქში ბერძნების სათემო კავშირის ოფისის ოთახი და სამზარეულო. ბერძნული ენის ცენტრს „პატრიდა“ ჰქვია, ისევე როგორც სათემო ორგანიზაციას.
სკოლის გაკვეთილები ტარდება კვირაობით 4 საათის განმავლობაში. ამ დროისთვის გაკვეთილები, ბერძნების სათემო კავშირის თავმჯდომარის მიქაელ კოლიკიდის თქმით, ონლაინ ტარდება. დისტანციურ რეჟიმზე პანდემიის დროს გადავიდნენ და კვლავ იცავენ მას, რათა დაზოგონ კომუნალური ხარჯები.
ბერძნულს ლამზირა მაცუკატოვა ასწავლის. პედაგოგს ანაზღაურებას საქართველოში საბერძნეთის საელჩო უხდის.
„გრანტიდან ხელფასები და კომუნალური გადასახადები არ გადაგვიხდია. როცა დამატებითი შემოსავალი მქონდა, კომუნალურებს ვიხდიდი, ახლა აღარ შემიძლია. რასაც ვაკეთებ, ქველმოქმედების სახით ვაკეთებ, რათა ბავშვებმა შეინარჩუნონ იდენტობა, ეროვნული ცნობიერება და პატრიოტიზმი, მიეკუთვნებოდნენ პონტოელ ბერძნებს“, – განმარტავს მიხეილ კოლიკიდი.
საკვირაო სკოლაში 10-12 მოსწავლე სწავლობს, ჯგუფი შერეულია, ბავშვები და უფროსები ერთად სწავლობენ. სკოლაში ენას ასწავლიან არა მარტო ბერძნებს, არამედ სომხებსა და ქართველებსაც.