განათლების კომიტეტის თავმჯდომარე – ქართულ სკოლებში უკრაინული სექტორი მაქსიმუმ 2 თვის ვადაში უნდა შეიქმნას – ახლა მიმდინარეობს პედაგოგების გადამზადება, სწავლების პროცესში ჩართული არიან თარჯიმნებიც
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე – ქართულ სკოლებში უკრაინული სექტორი მაქსიმუმ 2 თვის ვადაში უნდა შეიქმნას – ახლა მიმდინარეობს პედაგოგების გადამზადება, სწავლების პროცესში ჩართული არიან თარჯიმნებიც
საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, უკრაინული სექტორი ქართულ სკოლებში მაქსიმუმ 2 თვის ვადაში უნდა შეიქმნას.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამილახვარმა განუცხადა, აქტიურად მიმდინარეობს პედაგოგების გადამზადება, რომ უკრაინელმა ბავშვებმა ქართულ სკოლებში სწავლა თავიანთ მშობლიურ ენაზე შეძლონ.
მისივე ცნობით, ამჟამად სკოლების ნაწილში, სწავლის პროცესში, თარჯიმნებიც არიან ჩართული.
„ბოლო რამდენიმე დღის მონაცემებით, 380-ზე მეტმა უკრაინელმა ბავშვმა მიმართა სკოლებს და უკვე ჩარიცხულები არიან ქართულ საჯარო და კერძო სკოლებში. ჩვენ გავამარტივეთ ჩარიცხვის წესი როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა განათლების სამინისტროში, რომ ცალკე შევქმნათ უკრაინული სექტორი უკრაინელი ბავშვებისთვის. რამდენ ბავშვს მივიღებთ, რაოდენობა განსაზღვრული არ არის. უწყება მზად არის რამდენი მომართვიანობაც იქნება და ვისაც სჭირდება სწავლის გაგრძელება ომის მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა უკრაინელ ბავშვს შევთავაზოთ სასკოლო სერვისები მათთვის სასურველ ადგილზე, თუ პირობებით. ახლა მათთან მუშაობა ძირითადად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. გარკვეულწილად, სწავლის პროცესში მონაწილეობენ თარჯიმნებიც, რომ ბავშვებს სწავლა გაუადვილდეთ. ახლა სპეციალური ჯგუფი მუშაობს, რომ შეიქმნას რამდენიმე სკოლაში უკრაინული სექტორი, სადაც სწავლება უკრაინულად იქნება. უკრაინული ენის მცოდნე მასწავლებლებს მეთოდურად ვამზადებთ, რომ ბავშვებს სერვისები შევთავაზოთ. მანამდე, სანამ ეს მოხდება, განათლების სამინისტრო მუშაობს, რომ სადაც საჭიროა, თარჯიმნები ჩაერთონ პროცესში. ბაზა გვაქვს უკვე, რომელმა მასწავლებლებმა იციან უკრაინული. რაც შეეხება ვადებს, ზუსტი ვადები არ ვიცი, თუმცა, ამას წლები არ უნდა დაჭირდეს და მალე უნდა დაიწყოს ერთ-ორ თვეში მაქსიმუმ, რომ ამ ბავშვებს ეს სემესტრი სრულყოფილად დავამთავრებინოთ. ვიმედოვნებ, რომ არ დასჭირდებათ, მაგრამ თუ სექტემბრიდანაც დასჭირდათ სწავლის გაგრძელება საქართველოში, რა თქმა უნდა, სისტემა უფრო მომზადებული დახვდება. საკითხი სავარაუდოდ, მინისტრის ბრძანებით დარეგულირდება, მაგრამ თუ საკანონმდებლო ცვლილებებიც დასჭირდება, პირადად მე და განათლების კომიტეტი მზად ვართ დაჩქარებული წესით მივიღოთ ეს ცვლილებები“, – განაცხადა ამილახვარმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.