უკვე რამდენიმე დღეა ფეისბუქის ქართული სეგმენტი აქტიურად განიხილავს პროგრამას „1+4“, უფრო სწორად, „ნულოვან კურსზე“ ენის სწავლების ღირებულების – 2250 ლარის გადახდის საკითხს. მომხმარებელთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს ეროვნული უმცირესობების მიმართ უსამართლობაა.
JNEWS-მა შეისწავლა სტუდენტებისა და ლექტორების ჩანაწერები და გამოყო ზოგიერთი მათგანი, რომელიც კარდინალრად განსხვავდება დანარჩენი პუბლიკაციებისგან. ძნელი სათქმელია, რომელი მხარეა მართალი, მაგრამ თითოეული მათგანი ამ თემაზე თავის არგუმენტსა და კონტრარგუმენტს წარმოაჩენს.
პოსტები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ფასიანი ენის სწავლას, ძირითადად შეიცავს შემდეგ შინაარსს:
„სახელმწიფო ენის ღირებულება ამ ქვეყანაში 2250 ლარია. უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების პროგრამა უფასო უნდა იყოს. რატომ ვიხდით 2250 ლარს ქართული ენის მოსამზადებელ კურსში? რამდენად სამართლიანია, თქვენი აზრით, სახელმწიფო ენის სწავლების საფასური?“- წერს ასია ბალასანიანი.
სტუდენტების პუბლიკაციებს თან ახლავს შემდეგი ჰეშთეგები: #ქართული2250ლარად (#Georgianfor2250lari), #მასწავლექართულიუფასოდ (#TeachingGeorgianfree).
საკითხის მეორე მხარეს არის მოსაზრება, რომ თანხა განკუთვნილია არა ენის შესწავლისთვის, არამედ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ გამარტივებული შესაძლებლობა, მიიღონ განათლება საქართველოს უნივერსიტეტებში შეღავათიანი პოლიტიკის ფარგლებში, სადაც სტუდენტები სახელმწიფოსგან კონკურსების საშუალებით იღებენ დაფინანსებას.
„ბოდიში, თუ ჩემგან სხვა პოსტს ელოდით, უბრალოდ არ მგონია, რომ ეს მიდგომა იმუშავებს და გააადვილებს ინტეგრაციას“, – წერს ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ქართული ეთნოლოგიის განყოფილების მკვლევარი, თეა ქამუშაძე.
არის საკითხის მესამე მხარეც, რომელიც ამტკიცებს, რომ საჭიროა არა უფასო სასწავლო კურსის, არამედ სკოლებში ენის სწორად სწავლების მოთხოვნა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს კურსი არ აიძულებს აბიტურიენტებს და ასეთი ჰეშთეგებით უფასო კურსის მოთხოვნა „უსამართლოა“. ასევე მხედველობაში მიიღება ის ფაქტი, რომ გარდა სკოლისა, არსებობს მრავალი უფასო ენის შემსწავლელი პროგრამა, რომელთა გამოყენებაც, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება.