ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ძაღლები ქრებიან, მოგვიანებით მოსახლეობა ამ ძაღლების დაღრღნილ ძვლებს პოულობს ან იმასაც ვერ პოულობენ. ჯავახეთში მგლებს შიმშილის და გამრავლების სეზონი აქვთ.
მოსახლეობამ სოფელ დადეშთან არაერთხელ შეამჩნია 5-6 მგლის ხროვა ან მარტოხელა მგელი, საკვების საძებნელად სოფლის ახლოს, როგორ დაძრწიან. მგლები დასახლებულ პუნქტში შედიან და როცა პირუტყვს ვერ პოულობენ, ხშირად ძაღლებს იტაცებენ. ძაღლების დაღრღნილი ძვლები ადგილობრივმა მოსახლეობამ იპოვა. საქართველოში მგლის მოკვლა აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც ისინი საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს. ამ შემთხვევაშიც კი საჭიროა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ნებართვა. შესაბამისი მიმართვა რაიონის გამგეობიდან უნდა გაიგზავნოს.
მგლებმა სოფელ დადეშში მცხოვრები ეღიშის ძაღლები დახოცეს. მისი აზრით, პრობლემა ის არის, რომ მეცხოველეები ძაღლებს ვერ აჩხუბებენ და შესაბამისად ძაღლს თავდაცვის უნარიანობა განვითარებული არ აქვს. ისინი არა თუ პირუტყვს და პატრონს ვეღარ იცავენ, არამედ საკუთარ თავსაც. შედეგად მგლების საკვები ხდებიან.
„მგლების მოძრაობას ვაკვირდები ხანდახან ღამით. მაინტერესებს. ბევრი მგელი გვყავს. თუ ყურადღებიანი ხარ, ყოველდღე შეამჩნევ, ზამთარში პირუტყვი ბეღელშია, ამიტომ მიჰყავთ პატარა და თუნდაც დიდი ძაღლები. ამ სეზონზე მგელი ყოველთვის აგრესიულია, რადგან საკვები არ არის და მათ გამრავლების სეზონი აქვთ. მგლების გარდა ფოცხვერიც არის. გუშინ დილის 3 საათზე ვნახე. ბევრი პირუტყვი მყავს და ბოსელი შორს არის. ფოცხვერი სადღაც 20 მეტრში იყო, მაგრამ ძაღლები ფხიზლად იყვნენ და წავიდა. არაერთხელ მინახავს. იარაღი არ მაქვს თავის დასაცავად. ჩემი 100 კილოგრამიანი ძაღლი შეჭამეს. მყავდა 60 კგ-იანი ლეკვიც, რომელსაც ფოცხვერმა თათი დაარტყა, ლეკვი რამდენიმე დღეში მოკვდა. მტაცებლებიდან მელიებიც გვყავს, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შინაური ცხოველებივით არიან”,- ამბობს ეგიში.
ძაღლების მომშენებლები ამტკიცებენ, რომ ძაღლების ჩხუბის აკრძალვის გამო, მთიან რაიონებში ძაღლებმა (ძირითადად სომხური მგლის ჯიშის – გამფრი) არ იციან როგორ დაიცვან თავი მგლის თავდასხმის დროს, ამიტომ ხშირად ხდებიან მათი თავდასხმის მსხვერპლი.
„სამი ძაღლი მყავს, სომხური მგელი-გამფრი, ძალიან ერთგული მცველები არიან, მუდმივი წვრთნა, გამოცდა სჭირდებათ, რომ იცოდნენ, როგორ დაიცვან ცხვრის ფარა მგლებისგან, ძალიან ბევრი ძაღლი მყავს. არსებობს სპორტის ასეთი სახეობა – ტესტირება ჰქვია, ამგვარად ავარჯიშებენ ძაღლებს. გვინდა მივმართოთ კომპეტენტურ ორგანოებს, რომ დაუშვან ტესტირება, როგორც სპორტის სახეობა“, – ამბობს ძაღლების გამომშენებელი, ადამ აივაზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა ისჯება ჯარიმით, ან სასჯელით – გამოსასწორებელი საზოგადოებრივი შრომით 120-დან 240 საათამდე, ან თავისუფლების 6 თვიდან 1 წლამდე ვადით აღკვეთით. იგივე ქმედება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ განმეორებით ან არასრულწლოვანთა თანდასწრებით, ისჯება გამოსასწორებელი საზოგადოებრივი შრომით 200-დან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე.
ფოტო და ვიდეო მასალა Jnews-ს მოქალაქეებმა მიაწოდეს.