საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ93 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.