სოფელ პატარა სამსარში სახლებს და ტექნიკას თოვლისგან წმენდენ. 5-მდე სახლი თოვლში ჩაეფლო. სახლის მობინადრეები ერთი დღე-ღამე თოვლში ცხოვრობდნენ, დღეს სოფლის ახალგაზრდობა შეიკრიბა და სახლებთან მისასვლელად თოვლში გვირაბები გათხარეს.

პატარა სამსარას ასეთი თოვა არ ახსოვს. მართალია, დიდთოვლობა და სოფელში ჩაკეტილი გზები ახალი ამბავი არ არის, მაგრამ თოვლის ქვეშ მოყოლილი სახლები – პირველად ხდება.

სოფელში უამინდობა პარასკევს საღამოს დაიწყო, ქარი ამოვარდა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები. სოფელში შუქი გამოირთო. კომპანია Energo Pro Georgia -ს ტექნიკური ჯგუფი ამ დრომდე ვერ უახლოვდება დაზიანების ადგილებს, რათა აღდგეს ენერგომომარაგება.

1

სოფელი ბევრმა დატოვა, მაგრამ 72 ოჯახი დარჩა და ცხოვრობს. აქედან 5 ოჯახის სახლი თოვლით იყო დაფარული. რაიონში მძვინვარე ძლიერმა ქარმა ახლომდებარე მთებიდან თოვლი ჩამოყარა და სოფელში გორაკებად მოაგროვა. უფრო მეტიც, ეს თოვლი მკვრივი და ძნელად მოსავლელი გახდა.

3

დღეს დილით, როცა ძლიერი ქარი საბოლოოდ ჩადგა, სოფლის ახალგაზრდობა შეიკრიბა და თოვლის ტყვეობიდან მცხოვრებთა გამოყვანა დაიწყო. სახლების ფასადები გაიხსნა, რომ ხალხი გამოსულიყო და სახლებში შესულიყო. თუმცა, ზოგან ტექნიკა კვლავ თოვლის ქვეშაა, რადგან ის ძალიან ღრმად არის ჩაფლული თოვლში.

4

შაბათის ღამე საშინელი იყო სამსარელთათვის. ქორწილიდან დაბრუნებულები იძულებულნი გახდნენ, მანქანები გზაზე დაეტოვებინათ და სახლში მისულიყვნენ, რათა ქარბუქს არ დაეხრჩო. ეს მანქანები ისევ თოვლის ქვეშ არის, დღეს ცდილობენ თოვლიდან გამოყვანას.

ყველაფერი ამით არ დასრულებულა. შაბათ-კვირის ღამეს, როცა ქარი მძვინვარებდა, სოფლის მკვიდრს მშობიარობა დაეწყო. სოფელში არც ექიმია და არც ექთანი, ახალგაზრდა ქალს, რომელიც მედდის პროფესიას ეუფლება, საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა. გზის გასწვრივ დარჩენილ სოფელში სასწრაფო დახმარების მანქანამ და მაშველებმა ვერ მიაღწიეს. ბოლოს მშობიარე ქალი სასწრაფო დახმარების მანქანამდე სოფლიდან ტრაქტორით მიიყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ქალმა იმშობიარა, ჩვილიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ.

5

კითხვაზე, როგორია თოვლის ქვეშ ცხოვრება, ელექტროენერგიის გარეშე, სოფლის მცხოვრებლები გვპასუხობენ:

„თუ ოჯახში არ არიან ადამიანები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, შესაძლებელია მოთმენა, მაგრამ, როცა პრობლემაა, ეს აუტანელია”.