ახალქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ საკრებულოსთან არსებული ახალი გენდერული საბჭო შეიკრიბა, რომელშიც 7-ის ნაცვლად უკვე 13 წევრია. საბჭო ამჟამად მუნიციპალიტეტის ახალ გენდერულ სტრატეგიაზე მუშაობს. გენდერული საბჭო მოქმედებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. საბჭოს მიზანია შექმნას თანაბარი პირობები, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის, მათ შორის, ბიუჯეტში. ახალმა საბჭომ ახალი სტრატეგიის შემუშავება დაიწყო.
„ახალი საკრებულო რომ აირჩიეს, რა თქმა უნდა, გენდერულ საბჭოს ახალი შემადგენლობა ჰყავს, ახლა მერიასთან ერთად ვმუშაობთ გენდერულ სტრატეგიაზე და ამის შემდეგ დავიწყებთ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას. სტრატეგიას, სავარაუდოდ, თვის ბოლოს, საკრებულოს სხდომაზე წარვადგენთ ვცდილობთ, ამ დროისთვის მზად ვიყოთ. რაში მდგომარეობს ეს სამუშაო. უნდა შევხედოთ გასული წლების შედეგებს, რა გვაქვს ჩვენი მუნიციპალიტეტის მახასიათებლებიდან გამომდინარე, რა არის გასაკეთებელი, რა უნდა გავაკეთოთ მერე, ზოგადად, როგორ მუშაობს ხალხი, გავითვალისწინოთ ამ ხალხის გამოცდილება. შევხედავთ, ვინ რა გააკეთა. ჩვენ ამას გავითვალისწინებთ და შევადარებთ ჩვენსას და ერთობლივად გადავწყვეტთ, როგორ ვიმუშაოთ შემდგომში“, – ამბობს სედა მელკუმიანი.
სედა მელკუმიანი საბჭოს მუშაობას დადებითად აფასებს, გარდა რამდენიმე პუნქტისა.
„პირადად მე ვფიქრობ, რომ ბევრი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ საკრებულო აფასებს. საბჭოს მუშაობას პოზიტიურად ვაფასებ, იმიტომ, რომ საკმარისზე მეტი ტრენინგი ჩატარდა, მუშაობდა ქალთა ოთახი, იყო საკმარისი ინფორმაცია. მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რაც მთავარია. ცვლილება ისაა, რომ ქალის ხმა ისმის – ეს ერთ-ერთი პოზიტიური სამუშაოა, არის გენდერული სტატისტიკა და რა თქმა უნდა არის გამოტოვებები, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა, მათ შორის, პანდემიის დროს. ონლაინ პირობებში გაუგებარი იყო, როგორ უნდა იმუშაო ბენეფიციარებთან“, – ამბობს სედა მელკუმიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალთა საბჭო 2018 წელს ჩამოყალიბდა. საბჭო 7 ადამიანისგან შედგებოდა, აქედან 6 საკრებულოდან, 1 მერიიდან. ახალი გენდერული საბჭო 13 კაცისგან შედგება, საბჭოში შედიან, როგორც კაცები, ასევე ქალები, მათ შორის ქალი დეპუტატები, რომლებიც შედარებით მეტნი არიან ამ მოწვევაში.