კორონავირუსის გამო დაწესებულები შეზღუდვების ორი წლის განმავლობაში ახალქალაქის თითქმის ყველა მუნიციპალურმა დაწესებულებამ „შეაჩერა“ საქმიანობა. როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ახალქალაქში ხალხმა ინტერნეტით დაიწყო „ცხოვრება“, სპორტი და კულტურაც არ ჩამორჩა ამ ყველაფერს. JNEWS-ი შეეცადა გაერკვია, რამდენად შეძლეს ახალქალაქის სპორტულმა დაწესებულებებმა ადრინდელი მუშაობის რეჟიმისა და შემადგენლობის აღდგენა.
ახალქალაქში სპორტული სკოლა დახურული იყო, მოსწავლეთა უმეტესობა სახლში ვარჯიშობდა.
სპორტული სკოლის დირექტორი, არამ სუკიასიანი ამბობს, რომ ისინი ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.
„ამჟამად ვარჯიში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. თებერვლის დასაწყისში ჩვენი ერთ-ერთი მწვრთნელი ავად გახდა, 10 დღით დავიკეტეთ, მაგრამ ეს ყველაფერი გავიდა, ახლა სკოლა ჩვეულებრივად მუშაობს“, – ამბობს არამი.
მისივე თქმით, ახლა მოსწავლეების რაოდენობა ისეთივეა, როგორიც პანდემიამდე იყო. მართალია, გაუჭირდათ, მეცადინეობები არ ტარდებოდა, მაგრამ ახლა უკვე ძველ რეჟიმს დაუბრუნდნენ.
ახალქალაქის სპორტული კომპლექსიც ვერ გაექცა კორონავირუსის შეზღუდვებს. დიდი ხნით დაკეტვის შემდეგ, საბოლოოდ ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.
„ჩვეულებრივად ვვარჯიშობთ, უფრო მეტს ვვარჯიშობთ, ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში“, – ამბობს სპორტკომპლექსის დირექტორი, ატომ ელიზბარიანი.
მისი თქმით, მოსწავლეთა რაოდენობაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ბავშვების ნაკადი იმდენად დიდია, რომ მათი მიღებაც კი შეუძლებელია.
„ჩემი აზრით, ეს ჩვენი სპორტსმენების წარმატებით არის განპირობებული, როცა ისინი ასპარეზობენ და მაღალ შედეგებს აფიქსირებენ. ეს ბავშვებსა და მშობლებში სურვილს აჩენს, რომ მათმა შვილებმა შედეგები დააფიქსირონ, მიაღწიონ სიმაღლეებს, გახდნენ ცნობილი“, – დასძენს ატომ ელიზბარიანი.
მომავლის სახლში დატვირთული სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.
„უკვე ძალიან კარგია, ყველა მოდის და ჩვეულებრივ გაკვეთილებს ვატარებთ. რამდენი მოსწავლეც იყო დახურვამდე, ახლაც ამდენივე მოდის. მეცადინეობები აღვადგინეთ, ძალიან კარგია “, – ამბობს სათენიკ მაიტესიანი.
მუსიკალური სკოლის დირექტორი, სვეტლანა კაროიანი კორონავირუსის გამო ორწლიან შეზღუდვას დაკარგულად თვლის. მათ პროფესიაში დისტანციური სწავლება თითქმის შეუძლებელია.
„ორი წელი სავალალო მდგომარეობა იყო, სულ დაკეტილი ვიყავით, ონლაინ გაკვეთილებზე გადავედით, მაგრამ ჩვენი პროფესიისთვის ეს თითქმის შეუძლებელია, პირდაპირი კომუნიკაცია გვჭირდება. ახლა ნელ-ნელა აღვადგინეთ წინა სამუშაო რეჟიმი, რაც ძალიან გვიხარია“, – ამბობს ის.
სამხატვრო სკოლა უახლოეს მომავალში გამოფენის მოწყობას აპირებს. გაკვეთილები გრაფიკით ტარდება.
„იანვრიდან, ორშაბათის გარდა, ყოველდღიური განრიგით ვმუშაობთ. სამხატვრო სკოლაში რაიონის სხვადასხვა სოფლიდან მოდიან ბავშვები, ბავშვების ნაკადი ძირითადად დიდია სასკოლო არდადეგების დროს. ამ დროისთვის 35 მოსწავლე გვყავს, რომლებიც რეგულარულად მოდიან ხატვაზე“, – ამბობს ხელოვნების სკოლის პედაგოგი, კარლენ კარაპეტიანი.
ის აღნიშნავს, რომ სკოლის შენობა უკვე კარგად არის მოწყობილი, ის სრულად თბება.