სოფელ ხოსპიოსა და მარტუნის მოსახლეობა წუხს, რომ ჩვეულებრივი სამარშრუტო ტაქსები, რომლებმაც ამ სოფლების მცხოვრებლები ქალაქში და უკან უნდა ატარონ, არ მუშაობს. მიკროავტობუსების მძღოლები ამბობენ, რომ მგზავრები ცოტაა, საწვავი გაძვირდა და ზარალზე არ იმუშავებენ.
ხოსპიოსა და მარტუნის ბევრი მცხოვრები ახალქალაქში მუშაობს და ყოველდღიურად უწევს ქალაქში წასვლა, მაგრამ სამარშრუტო ტაქსი არ მუშაობს და ტაქსით ყოველდღიურად მგზავრობის საშუალება არ აქვთ.
მოსახლეობის თქმით, როდესაც ახალქალაქი-ხოსპიოს რეისი გაიხსნა, ის 18:00 საათამდე მუშაობდა, შემდეგ კი მძღოლებმა 15:00 საათამდე დაიწყეს მოძრაობა, იმის მტკიცებით, რომ კლიენტები ცოტაა და მათთვის ეს არ იყო მომგებიანი. ბოლო თვეებში სამარშრუტო ტაქსები საერთოდ არ მუშაობს.
„სამსახურში ყოველდღე მივდივარ, ტაქსის მძღოლები 10 ლარს იღებენ, მაგრამ სხვები უფრო მეტს იხდიან. ყოველდღიურად 10 ლარს ვეღარ გადავიხდი მგზავრობაში. ხელფასი ცოტა მაქვს. მიკროავტობუსის მძღოლს ვკითხე, რატომ არ მუშაობენ რეგულარულად, მითხრეს, – გზავრები არ არიან, თუ იქნებიან მოვალთო. მაგრამ არ მუშაობენ და ხალხი არ მოდის, თუ ხალხი დარწმუნებული იქნება, რომ მიკროავტობუსი მუშაობს, ტაქსით არ წავა“, – ამბობს ხოსპიოს ერთ-ერთი მცხოვრები.
მიკროავტობუსმა 9:00-დან 15:00 საათამდე უნდა იმუშაოს, თუმცა მოსახლეობა ჩივის, რომ ისინი საერთოდ არ ჩანან.
„მარშუტკები დიდი ხანია არ არის, მგზავრობის საფასური 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ მაინც არ დადიან, ტაქსი ძალიან ძვირია. თუ მუშაობა არ უნდათ, წავიდნენ, სხვები მოვლენ“, – ამბობს კრმაჯიანი.
ახალქალაქი-ხოსპიოს ხაზზე 3 მძღოლი მუშაობს. მათ ასევე დაჰყავთ მოსწავლეები ქალაქიდან და უკან, რაშიც სახელმწიფოსგან ხელფასი ერიცხებათ. მოსწავლეებთან ერთად მოსახლეობაც გადაჰყავთ.
ერთ-ერთი მძღოლი, იერემიან რუდიკია, ის ამ ხაზზე 18 წელია მუშაობს. Jnews-თან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ მგზავრობის ფასი მართლაც 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ მათთვის ეს ფასი მაინც არ იყო მომგებიანი.
„საწვავი გაძვირდა, მუშაობა წამგებიანი გახდა. დილის 8:30 საათზე გავდივართ და მერე, თუ ხალხია, ვმუშაობთ, თუ არა, არ ვმუშაობთ. თუ მიდიხარ და მხოლოდ 2-3 მგზავრია, მაშინ ბენზინის თანხა არ იფარება. ხოსპიოში წასასვლელად ვასხამ 4-5 ლარის საწვავს და 2 ლარს ვიღებ. არავინ იმუშავებს, ვერავინ ისარგებლებს, თუ საწვავის ხარჯი არ დაიფარება. ბევრი ხალხი რომ იყოს, ღამითაც ვიმუშავებდი. ადრე საწვავი იაფი იყო და მუშაობასაც ჰქონდა აზრი“, – ამბობს რუდიკ იერემიანი.
კიდევ ერთი მძღოლი, ვაჩაგან ბაბაიანი ამბობს, რომ ცოტა ხალხი იყო, საწვავი გაძვირდა და მათთვის წამგებიანი გახდა მუშაობა.
„ვფიქრობ, ხალხთან და დანარჩენ მძღოლებთანაც უნდა შევთანხმდეთ, განრიგი შევადგინოთ, რომ ყველა ავიყვანოთ, ბევრი ხალხი იყოს, თორემ მივდივართ და ისინი უკვე ტაქსით წასულან, რჩება 1-2 ადამიანი. მე ასევე დამყავს მოსწავლეები მურჯახეთიდან დილით, დაახლოებით დილის 8:30 საათზე სკოლაში და შემდეგ უკან“, – განაცხადა მან.
როგორც ხედავთ, არის მოთხოვნა, არის შეთავაზებაც, მაგრამ ისინი განსხვავდებიან, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა არ რეგულირდება.