ორწლიანი პაუზის შემდეგ, როგორც ჩანს, ახალქალაქის საცურაო აუზი საბოლოოდ მზადაა გახსნისთვის. დირექტორის თქმით, ამ დროისთვის აუზზე არანაირი პრობლემა არ არის.
ახალქალაქში აუზი დიდი ხანია არ ფუნქციონირებს, როგორც კორონავირუსის, ასევე ტექნიკური მიზეზების გამო.
„როცა ბრძანებას მივიღებთ, მაშინ გავხსნით. აუზი მზად არის, გარემონტებულია. ამ დროისთვის არანაირი პრობლემა არ გვაქვს. დღემდე ცხადი იყო, რომ ის დაკეტილი იყო კორონავირუსის გამო. შეიძლება, არის იმედი, რომ მომავალ თვეში გავხსნით“, – ამბობს ახალქალაქის ერთადერთი საცურაო აუზის დირექტორი, მარტინ გაბრიელიანი.
რა შემოსავალი ექნება აუზს გახსნის შემდეგ, დირექტორი ჯერ ვერ გვპასუხობს.
„ჩვენ არ დაგვიანგარიშებია, 7-13 წლის ბავშვის გადასახადი 10 ლარს შეადგენს, 13-დან 18 წლამდე -20 ლარს, ხოლო 18 წელზე უფროსებისთვის თვეში -40 ლარს. ცვლილებები არ ყოფილა, რადგან აუზმა არ იმუშავა, შესაძლოა, როცა მუშაობას დაიწყებს, მერე იყოს ცვლილებები, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი“, – დაამატა მან.
შეგახსენებთ, რომ ქალაქში ერთადერთი საცურაო აუზი 2012 წლიდან ფუნქციონირებს. ახალქალაქში ცურვაზე ჩაწერა 7 წლიდან არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ბავშვებისა და მოზრდილების აუზები განსხვავებულია.
წლების განმავლობაში აუზში სხვადასხვა პრობლემა წარმოიშვა, თითქმის ყოველ წელს აუზი რამდენიმე თვე არ მუშაობდა.
ახალქალაქის აუზმა ფუნქციონირება 2018 წლის 1 აგვისტოდან შეწყვიტა. დახურვის თავდაპირველი მიზეზი ის იყო, რომ დასუფთავება კანალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებში გადაიზარდა. სისტემა არ მუშაობდა, სარდაფში წყალი დაგროვდა. პრობლემების აღმოფხვრის სამუშაოები მუდმივად ჭიანურდებოდა. მხოლოდ 2019 წლის თებერვალში დაიწყო აუზმა მუშაობა, მაგრამ ნაწილობრივ. მიზეზი მოზრდილთა აუზიდან წყლის გაჟონვა გახდა.
უკვე 2020 წელს, როცა აღმოჩნდა, რომ აუზი მზად იყო ექსპლუატაციისთვის, ის მომხმარებლებისთვის უნდა გახსნილიყო, მაგრამ მაშინაც, კორონავირუსის გამო აუზი არ გაიხსნა.
2021 წლის სექტემბერში ახალქალაქის აუზის ადმინისტრაციამ Jnews-ს აცნობა, რომ მის გახსნას ერთ თვეში გეგმავდა. მითითებული პერიოდის დასრულებამდე აუზში კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა, შენობაში მოკლე ჩართვა მოხდა, შემდეგ წყლის მილები გასკდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში აუზი არ მუშაობდა, მაგრამ თანამშრომლები ხელფასს იღებდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს აუზზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 188 800 ლარი გამოიყო, საიდანაც ხელფასზე 67 440 ლარი იყო გათვალისწინებული, კომუნალურ ხარჯებზე 112 000 ლარი, 32 000 ლარი ელექტროენერგიაზე, 80 000 ლრი ბუნებრივ და თხევად აირზე. გამოყოფილი თანხიდან ამ დაწესებულებამ გაზში მხოლოდ 5832 ლარი გადაიხადა, ელექტროენერგიაში კი 1514 ლარი.
2022 წელს გაზში თვეში 2000 ლარს იხდიდნენ. ორი წლის განმავლობაში გათბობა ჩართული იყო ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე, რათა სისტემა არ გაყინულიყო.
აღსანიშნავია, რომ წლეულს აუზზე 185 000 ლარი გამოიყო.
ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ყველაფერი მზად არის, არანაირი პრობლემა არ არის და გახსნას ელოდებიან.
მერი მელქონ მაკარიანი ამბობს, რომ ცურვის მსურველებს აუზი თბილი ამინდის დადგომამდე, აპრილის შუა რიცხვებში გაუღებს კარს.