საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.
ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე დაბალია და გაწმენდითი სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ზვავსაშიშროება ჯერჯერობით კვლავ ნარჩუნდება გუდაური–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისთვის, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ქარბუქის საშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ყოველდღე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აღდგენილია მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ტრაილერების გადაადგილება ჯერჯერობით აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.