უკრაინაში ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში საქართველოში შემოსულია რუსეთის 20 000 მოქალაქე, როდესაც 2019-ში შემოსული იყო 40 000, ანუ თითქმის ორმაგი, ანალოგიური 13 დღის განმავლობაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
„საზღვარს რაც შეეხება, საზღვარი კონტროლდება ძალიან მაღალ დონეზე. უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, გვაქვს მაქსიმალურად აქცენტი გამახვილებული უსაფრთხოებაზე – როგორც მწვანე საზღვარზე, ასევე გამშვებ პუნქტებზე. იყო ძალიან ხშირი საუბარი, თითქოს რაღაც უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში. ეს არ არის მართალი. 2020 წელს დაკეტილი იყო მთლიანად. 2019 წელს და 2021 წელს თუ შევადარებთ, დაახლოებით 70 პროცენტია შემოსული, რაც მაშინ შემოდიოდა, იმაზე ნაკლებია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კითხვაზე, მთელ წელს ადარებთ თუ კონკრეტულ პერიოდს, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ იგულისხმება წინა წლების ანალოგიური პერიოდი.
„ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში არის 20 000 ადამიანზე ცოტა მეტი. როცა, ვთქვათ, 2019-ში შემოსული იყო 40 000. ანუ თითქმის ორმაგი, ანალოგიური 13 დღის განმავლობაში. ეს არის არა მთელი წლის, არამედ ის 13 დღე, ანალოგიურად, ვთქვათ, 24 თებერვლიდან დღევანდელ 9 მარტამდე. ეს 13 დღე აღებულია 2019 წელიც, 2020 წელიც. შედარებით ნაკლებია შემოსული, ნახევარია შემოსული. აქედან კიდევ ძალიან ბევრი შემოდის, მაგალითად, თურქეთიდან ჩრდილოკავკასიის მოსახლეობა, ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავის ქვეყნებში, გაჩერდა ფრენები. უმეტეს შემთხვევაში არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც თურქეთში, სტამბოლში, ანკარაში ქირაობენ ავტობუსებს, ოჯახებით მოდიან და პირდაპირ გადიან ლარსიდან. ესეც ითვლება ამ ხალხში, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა, თუმცა ტოვებენ ქვეყანას, გადიან. რომ ვთქვა, ნახევარი რჩება, არ რჩება. დაახლოებით სამი ათასია, რომლებიც შემოვიდნენ და ჯერ არ გასულან“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
კითხვაზე, რა კეთდება, რომ დივერსანტები არ შემოიპარონ, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ღიად ვერ ისაუბრებს.
„დივერსანტების შემოპარვა ცოტა სხვა სპეციფიკაა და ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებ. ვმუშაობთ უსაფრთხოების სამსახურთან ერთად. დივერსანტების შემოპარვა საერთოდ სხვა თემაა. ამაზე ღიად ვერ ვიტყვი, რას და როგორ ვაკეთებთ“, – დასძინა გომელაურმა.
კითხვაზე, რუსეთთან დროებითი სავიზო რეჟიმი ხომ არ ამოქმედდება, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მისი პრეროგატივა არ არის.
„მე ამაზე პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ. ეს ჩემი პრეროგატივა არ არის. ასე ვიტყოდი – ჩვენ, ძალოვნებს, უფრო გამკაცრებული გვაქვს კონტროლი. იყო ბევრი შემთხვევა, თუნდაც იყო, სახელს ვერ გეტყვით, ჟურნალისტი არ შემოუშვესო. დიახ, „დოჟდის“ ჟურნალისტი. ბევრი ადამიანი არ შემოვუშვით, 100-ზე მეტი, ერთ-ერთი ალბათ ისიც მოყვა. ეს ჩვეულებრივი გაწერილი წესია, რასაც მესაზღვრე თვითონ წყვეტს, ვინ შემოუშვას და ვინ – არა. ამას არ წყვეტს მინისტრი, არც მისი კურატორი მოადგილე და ასე შემდეგ. არის თვითონ მოსაზღვრე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, შემოუშვას თუ არა. აქ არის როგორც რუსეთის მოქალაქე, ასევე ბელარუსის, უკრაინის, გერმანიის და სხვა ქვეყნებისაც. სტანდარტული გაიდლაინით მოქმედებს მესაზღვრე. არის კრიტერიუმები: ადამიანი სად რჩება, ვისთან მიდის, აღებული აქვს თუ არა უკან დასაბრუნებელი ბილეთი. ალბათ, რაღაც ვერ დააკმაყოფილა. ბევრია ხოლმე აგრესიის შემთხვევა, როგორც სხვა ქვეყნებში. ჩვენ მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს, რისი შესაძლებლობაც აქვს საქართველოს. ასპროცენტიანი დაცვა არც ერთ ქვეყანას არ აქვს. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ უსაფრთხო იყოს. მაქსიმალურად ვაკონტროლებთ საზღვრებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.