რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკური შედეგების თემის განხილვისას JNEWS-ი ახალქალაქის რაიონის სოფლებს: კოთელიას, ჩამდურასა და მურჯახეთს ეწვია, რომელთა მცხოვრებლები, ან სამუშაოდ არ მიდიან რუსეთში, ან მათი მხოლოდ მცირე ნაწილი მიდის.
ჯავახეთში ათასობით ოჯახი, რომელთა შემოსავლის წყარო რუსეთიდან გზავნილია, ამ დღეებში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუ მხოლოდ 10 დღის წინ 1000 რუბლში 42 ლარის მიღება იყო შესაძლებელი, ახლა უკვე 24 ლარია, რუბლისადმი ნდობა დღითი დღე ეცემა.
სოფელ კოთელიას, ჩამდურასა და მურჯახეთის მოსახლეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ძალიან დიდ შედეგებს ტოვებს, როგორც ახალქალაქისთვის, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის.
„ეს ომი შედეგებს ტოვებს არა მარტო საქართველოსა და ახალქალაქზე, არამედ მთელ მსოფლიოზე“, – ამბობს სოფელ კოთელიას ერთ-ერთი მცხოვრები.
აქედან რუსეთში სამუშაოდ ცოტა ადამიანი მიდის, ხალხი ძირითადად მუშაობს ადგილზე ან სხვა მეზობელ ქვეყნებში.
„კოთელიას მოსახლეობა რუსეთზე ეკონომიკურად არ არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენს მეზობლებს აქვთ პირდაპირი კავშირი, ისევე, როგორც ჩვენს სახელმწიფოს რუსეთთან და ა.შ. მოკლედ გიპასუხებთ, რომ სიფრთხილე გვმართებს, რადგან რუსეთის ინტერესებში შემავალ ზონაში ვართ. ჩვენი ქვეყნიდან რუსეთში მილიონამდე ადამიანი წავიდა, სომეხი, აზერბაიჯანელი თუ ქართველი, არ აქვს მნიშვნელობა, იქიდან შემოაქვს ჩვენს ქვეყანაში ფული, ამას რა თქმა უნდა ეკონომიკური შედეგები მოჰყვება“, – ამბობს სოფელ კოთელიას მცხოვრები.
ერთ-ერთი ჩვენი თანამოსაუბრე, რომელიც ყოველწლიურად მიემგზავრება რუსეთში სამუშაოდ, აღნიშნავს, რომ ეს ომი მის ოჯახს ჯერ არ შეხებია.
„არ ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესების შესახებ. რატომ უნდა წავიდეთ რუსეთში სამუშაოდ, ავაშენოთ რუსეთი, ჩვენ აქ ვიმუშავებთ, ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, თუ სანქციები დაწესდება, ეს ჩვენზე იმოქმედებს“.
სოფელ კოთელიასგან განსხვავებით, რუსეთ-უკრაინის ომი პირდაპირ აისახება სოფელ ჩამდურას მცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მანამდე ადგილობრივი ფერმერები მოსავალს რუსეთსა და უკრაინაში ყიდდნენ, ახლა კი ამბობენ, რომ სოფელში, არც ერთი რუსული სატვირთო მანქანა არ შედის.
„ომის შედეგები ყველგანაა. გაძვირდა ყველაფერი, ერთი ტომარა სასუქი 200 ლარი გახდა, საწვავი გაძვირდა, რუბლი დაეცა, ხალხი როგორ იცხოვრებს. სატვირთო მანქანები ჩამოდიოდნენ რუსეთიდან და უკრაინიდან, მიჰქონდათ კარტოფილი, მაგრამ ახლა არავინ მოდის“, – ამბობს სოფელ ჩამდურას მცხოვრები.
მურჯახეთის ახალგაზრდები ძირითადად სოფელში რჩებიან და სოფლის მეურნეობას მისდევენ.
„დღეს, მაგალითად, დოლარი ისევ გაძვირდა, ამასთან ერთად გაძვირდა საწვავი, რაც სოფლის მეურნეობასაც აზიანებს და სასუქის ფასიც მაღალია. თუ ჩვენი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სახის სანქციებს დააწესებს, ეს არ დააზარალებს რუსეთს, არამედ პირიქით, ამიტომ ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება მართებულად მიმაჩნია. მეორე მხრივ, ცხინვარის ომის დროს, როგორც ვიცი, უკრაინა ეხმარებოდა საქართველოს. რაც საქართველომ გააკეთა, არ არის ჰუმანური“, – აცხადებენ ახალგაზრდები.
სოფლებში ყველას აწუხებს არსებული მდგომარეობა, რუსეთთან კავშირი ძალიან ძლიერია, შესაბამისად, ომის გავლენაც. მოსახლეობა ყოველდღიურად ელოდება ომის დასრულებას და სიტუაციის დასტაბილურებას.