საქართველოში მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება. ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა გამოცდის ახალქალაქში ჩაბარება. ამ საკითხზე უწყებაში ჯერ კიდევ მსჯელობენ.
სარეგისტრაციო პორტალზე ახალქალაქში უფასო დღეები მხოლოდ 6 მაისიდან არის, ხოლო ახალციხეში 26 აპრილიდან. ვინც ახლა დარეგისტრირდება, პრაქტიკულ გამოცდას რეალური გზის პირობებში გაივლის.
როგორც JNEWS-ს იანვარში შსს-ს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, ქალაქში გამოცდის ჩაბარება ყველა მუნიციპალიტეტში იქნება შესაძლებელი, სადაც მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებია განთავსებული, ხოლო სააგენტოს ახალქალაქში ცენტრი არ აქვს. მათი თქმით, ახალქალაქიდან მსურველებს გამოცდის ჩაბარება ახალციხეში შეუძლიათ.
დღეს კვლავ მივმართეთ სააგენტოს იმავე კითხვის დაზუსტების თხოვნით, რაზეც მივიღეთ შემდეგი პასუხი:
„ამის შესახებ ინფორმაციას ჯერ ვერ ვავრცელებთ, იგეგმება მისი დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც არის სტრუქტურული ერთეულები. ამის შესახებ ინფორმაციას გავავრცელებთ, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია“, – გვიპასუხეს სააგენტოში.
ახალქალაქშიც უკმაყოფილონი არიან, რომ გამოცდა რეალურ პირობებში ჩატარდება, მაგრამ არ არსებობს ავტოსკოლა, სადაც მსურველებს შეეძლებათ ავტომობილის მართვა ისწავლონ და მერე ჩააბარონ გამოცდა. იმისთვის, რომ მანქანის მართვა, რამდენიმე საათის განმავლობაში ისწავლონ, ახალციხეში უნდა ჩავიდნენ, მაგრამ იქ მხოლოდ პრაქტიკული ნაწილი ისწავლება. როგორც ჩანს, ბევრი ადამიანი უარს ამბობს მართვის მოწმობის აღებაზე, რადგან სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ.