„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან პენიტენციურ დაწესებულებამდე ავტოკოლონით მივიდნენ. მათ ადგილზე საქართველოს დროშა მიიტანეს და მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერი შეძახილებით მიმართეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. ისინი სააკაშვილის მიმართ პენიტენციური უწყების მხრიდან დარღვეულ უფლებებზე საუბრობენ.
„ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, პუტინის ახალი და ძალიან სახიფათო სამხედრო აგრესიის წინაშე არის უკრაინა, მთელი მსოფლიო არის უკრაინის თავისუფლების გარშემო გაერთიანებული, ამ დროს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინის ერთ-ერთი მთავარი მტერი, რომელზედაც თავად პუტინი საუბრობდა, არის ტყვეობაში. დიახაც, ტყვეობა არის, როდესაც ოთხ კედელში ხარ გამოკეტილი და არ გეძლევა სამართლიან სასამართლოში მონაწილეობის უფლება. ეს ტყვედ ყოფნა არის და არა პატიმრობაში ყოფნა. ტყვეობაში ყოფნა არის, როდესაც არ გეძლევა კუთვნილი ზარების განხორციელების უფლება. ტყვეობაა, როდესაც არ გეძლევა სამედიცინო დახმარების მიღების უფლება, ამიტომ ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა ჩვენი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს აქტიური თანამონაწილეობით ამ ტყვეობაში მყოფი ადამიანის გათავისუფლება. მიუხედავად იმისა, ბევრს მოწონს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ან არ მოსწონს, დარწმუნებული ვარ და ვიცი განწყობები საზოგადოებაში. ბევრ მათგანშიც კი, ვისაც არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობა“, დიახაც, უსამართლობის განცდა არის და არავინ უარყოფს, რომ მიშა არ უნდა იყოს პატიმრობაში და ტყვეობაში. საღად მოაზროვნე არავინ უარყოფს, რომ პიჯაკების საქმის გამო არ უნდა იჯდეს ციხეში, არავინ უარყოფს, ვისაც ობიექტურობა აქვს, რომ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლების გამო, ვგულისხმობ შეწყალებას, ტყვეობაში პრეზიდენტი არ უნდა გვყავდეს. ქვეყანაში რომ არსებობდეს ელემენტარულ დონეზე სამართლაინი სასამართლო, არც ერთი საპროტესტო აქცია არ გაიმართებოდა, თავად მიხეილ სააკაშვილიც მოთმინებით დაელოდებოდა პროცესს და ვერდიქტს. სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და ამასთან შეგუებას არავინ აპირებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.