ახალქალაქის მოსახლეობა მაწანწალა ძაღლების პრობლემა აწუხებს. ძაღლების გამო, მოსახლეობა დაშინებულია.
Jnews-ს მოქალაქეები საკუთარი პრეტენზიებით მიმართავენ. ახალქალაქში მაწანწალა ძაღლები ყოველ ნაბიჯზე შეგვხვდებათ, რომლებიც აგრესიული ქცევით აწუხებენ და აშინებენ ადამიანებს.
რედაქციაში საჩივრების უმეტესობა მშობლებისგან შემოდის, რომლებიც შვილებს დილით ადრე სკოლაში აცილებენ. მათივე თქმით, სწორედ დღის ამ დროს ხვდებიან ძაღლების ხროვას, ზოგი ამბობს, რომ საღამოს ხვდებათ, როცა სამსახურიდან სახლში ბრუნდებიან.
„ყოველ დილით შიშით მიმყავს ბავშვი სკოლაში, ყოველ ნაბიჯზე შეიძლება მაწანწალა ძაღლები შეგხვდეს, ისინი ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არა ასეთი აგრესიულები, ამ ბოლო დროს ყველას ეშინია, რადგან თავს ესხმიან ხალხს. მეშინია ბავშვის უახლოეს მაღაზიაში გაგზავნაც კი, გზად შეიძლება თავს დაესხან და უკბინონ. შემიძლია ვთქვა, რომ ამ შიშმა შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა, რადგან გვეშინია, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მეზობელთან წასვლაც კი“, – ამბობს ყოფილი სამხედრო ბანაკის ერთ-ერთი მცხოვრები და დასძენს, რომ ძაღლები ძირითადად ქალაქის ხიდზე იკრიბებიან, აფერხებენ ხალხის თავისუფალ გადაადგილებას.
კიდევ ერთი მცხოვრები ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევაზე ყვება, როდესაც შუახნის მამაკაცს მოსახლეობის თვალწინ ძაღლები დაესხნენ თავს და გამვლელებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს, იმის შიშით, რომ გაბრაზებული ძაღლები მათაც დაკბენდნენ. მოსახლეობის თქმით, ძაღლები საკმაოდ დიდები არიან, რაც შიშს აორმაგებს.
ასეთი ისტორიები, ინციდენტები და საჩივარი უსასრულოდ ისმის, რადგან მსგავსი ფაქტები ყოველდღიურად ხდება. კითხვა დარჩა ჰაერში, აპირებენ თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით მერიას მიმართონ?
Jnews-ი შეეცადა ახალქალაქის მერიაში გაერკვია, თუ იგეგმება სამომავლოდ ამ პრობლემის მოგვარება?
ახალქალაქის მერიის ეკოლოგიური დეპარტამენტის გარემოსდაცვითი განყოფილების უფროსმა, რამაზ ხუციშვილმა განაცხადა: „ყოველწლიურად ვაცხადებთ ტენდერს ამ მიმართულებით შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად. წლეულს ბიუჯეტში 26 000 ლარია გათვალისწინებული. უამრავ პრეტენზიას ვიღებთ მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებითაც და ვცდილობთ გამოსავლის პოვნას. ეს მართლაც დიდი პრობლემაა. ამ დროისთვის მკაფიო ინფორმაციას ვერ მოგცემთ, მაგრამ უახლოეს 1-2 თვეში, სავარაუდოდ, ამ საკითხს დავუბრუნდებით“.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ თვეებში ძაღლის კბენის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.
ლიდა ალმასიანი