დღეს, 11 თებერვალს, ახალქალაქის საკრებულოში გაიმართა პროექტის „სათხილამურო სპორტისა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც სოფელ ოლავერდში სათხილამურო ცენტრის გახსნა იგეგმება.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, სოფელ ოლავერდში აშენდება სათხილამურო ტრასები, საბაგირო დაახლოებით 300 მეტრი სიგრძით, დაახლოებით 1000 მეტრი სათხილამურო ტრასა, რომელიც წინასწარი გათვლებით 180-200 ათასი ლარი დაჯდება.

ინიციატივის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც სათხილამურო ცენტრი აშენდება, შესაძლებელი იქნება სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება: სასტუმრო, რესტორანი და ა.შ.

პროექტის წარდგენისას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე სედა მელკუმიანმა აღნიშნა, რომ ახალი სამთო-სათხილამურო კურორტის გახსნა ხელს შეუწყობს ახალქალაქში ტურიზმის განვითარებას, რისთვისაც რეგიონს უკვე აქვს საფუძველი, მაგალითად, ბუნებრივი რესურსები, კულტურული და სხვა ღირსშესანიშნაობები, კულტურულ-ისტორიული ძეგლები.

marzikner

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანიშვილი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი ტურიზმის მოღვაწეები, არაგვის სათხილამურო ცენტრის მოსწავლეები და სხვები.

pashtonyaner

pashtonyaner1

ნაირი ირიციანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახალი პროექტების განხორციელებისას ყოველთვის გათვალისწინებულია ის ფაქტი, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. ეს სათხილამურო ცენტრი რაიონის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ახალქალაქის მერი, მელქონ მაკარიანი მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას პრიორიტეტულად მიიჩნევს. მაკარიანმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა მიმართულებით, რა პრინციპით მოახდენენ ორიენტირებას, იქნება სოფელი ოლავერდი, სამსარი თუ სულდა.

მერმა ასევე ისაუბრა არაგვის სათხილამურო ცენტრის გაფართოებისა და სპორტული ინვენტარის შევსების საჭიროებაზე.

Besik Amiranishvili

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანიშვილმა თქვა: „ამ პროექტს საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება, პრეზენტაციაზე თანხა იყო მითითებული, ეს იყო დაახლოებითი გათვლა. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, დავუკავშირდები ეკონომიკის სამინისტროს, მოვაწყობთ შეხვედრას, როგორც სამინისტროსთან, ასევე სამთო დასვენების ზონების განვითარების სააგენტოსთან. ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი იქნება ტერიტორიის შესწავლა“.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აქვთ გარკვეული გეგმები ლევანის ტბასთან დაკავშირებით, ისინი ითვალისწინებენ ტბამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობას.

ახალქალაქის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა გუბერნატორს და ადგილობრივ ხელისუფლებას დარგის პრობლემები და პოტენციალი გააცნეს.

inqnazbagh