საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მთავრობას „მტკიცედ სთხოვს“, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს.
როგორც კელი დეგნანი „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „ხედვა ვაშინგტონიდან“ განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი ბრალდებები, რათა „საზოგადოებამ იცოდეს ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდება“.
„ჩვენ კანონის უზენაესობას პატივს ვცემთ. მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ ბრალდებულად სცნო. შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული ბრალდების ხარისხიანობის განსაზღვრა. მან საქმე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში შეიტანა, რომელიც ამას გადაწყვეტს. ეს არის სათანადო ადგილი ამის გასაკეთებლად. იმ საქმეებზე, რომელიც ჯერ კიდევ წარმოებაშია, მთავრობას მტკიცედ ვთხოვთ, რომ მისი სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს და მის წინააღმდეგ ბრალდებები სრულად იყოს წარმოდგენილი იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდება“,-აღნიშნავს კელი დეგნანი.
ელჩის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ძალიან დაძაბულ დროს დაბრუნდა. ამასთან, ის მოუწოდებს მთავრობას დაიცვან ადამიანის უფლებები და მას ღირსების დაცვით მოექცნენ.
„ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ძალიან დაძაბულ დროს დაბრუნდა. ზუსტად არჩევნების დაწყების წინ, როდესაც პოლარიზაცია ძალიან იყო გაღრმავებული. ჩვენ როგორც საჯარო, ისე კერძო საუბრებში მთავრობას მოვუწოდეთ, რომ დაიცვან მისი ადამიანის უფლებები და მას ღირსების დაცვით მოექცნენ, რომ სათანადო სამედიცინო მომსახურება და სამართლიანი სასამართლო პროცესი მიიღოს, რაც გაეროს ადამიანის უფლებების კონვენციის საბაზისო პრინციპია.
ასევე მოვუწოდეთ მთავრობას დაიცვას სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ვისაც კონსტიტუცია ავალდებულებს მოქალქეების უფლებების დაცვას. ძალიან კარგი ბაზისი არსებობს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს პატივისცემით და ღირსებით მოპყრობა, რაც მას ეკუთვნის საერთაშორისო სამართლის და სხვა საერთშორისო შეთანხმებების საფუძველზე.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გავაგრძელებთ მის მიმდინარე სასამართლო საქმეებზე დაკვირვებას და რა დონემდეც შეგვიძლია ამის გაკეთება, იმაში დარწმუნებას, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს წვდომა და ის იღებდეს მისთვის საჭირო სამედიცინო მზრუნველობას“,-აღნიშნავს კელი დეგნანი