საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. რეზოლუცია მიღებულია 74 მომხრე ხმით, წინააღმდეგი არავინ წასულა. რეგისტრაცია 107 დეპუტატს ჰქონდა გავლილი.
უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც დღეს პარლამენტში მიიღეს, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ იყო წარდგენილი. დოკუმენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების – გიორგი ხელაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, გივი მიქანაძის და თამარ ტალიაშვილის მიერ არის შემუშავებული.
ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველო გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული.
„საქართველოს პარლამენტი ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;
ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა;
გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;
აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;
მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;
სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციას ოპოზიციიდან მხოლოდ „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებმა და პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“, „ლელოს“, პარტია „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი.