კორონავირუსის შტამი “ომიკრონი” მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებას განაგრძობს. ახალქალაქის ინფექციონისტების თქმით, აქაც „ომიკრონი“ მეფობს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადამიანს რთულად გადააქვს ვირუსის ეს შტამი, ისინი უარს არ ამბობენ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობაზე – ქორწილებში, დაკრძალვებზე, დაბადების დღეებზე და ა.შ.
კორონავირუსის პირობებში ქვეყანაში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება, უფრო სწორად, იზოლაციის, შეკრების საკარანტინო წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების მე-5 მუხლი (შეკრების დებულება) 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს, რაც დაკავშირებულია მასობრივ ღონისძიებებთან (ქორწილი, იუბილე, პანაშვიდი და ა.შ.), მასობრივი გასართობი ღონისძიებების ჩათვლით.
აკრძალვისა და იმის მიუხედავად, რომ „მწვანე პასპორტი“ ან 72-საათიანი ტესტია საჭიროა, ასობით ადამიანი იკრიბება თბილისის სავაჭრო ცენტრებში, რიგებია კვების ობიექტებთან. ამასთან, არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ ერთი დღის წინ ტესტჩაბარებული ადამიანი მეორე დღეს არ დაავადდება, იგივე ეხება მათ, ვისაც აქვს „მწვანე პასპორტი“.
ახალქალაქში ქორწილის ტრადიცია განახლდა. თუ ადრე, პანდემიის დროს, ახალდაქორწინებულები 50-60 სტუმარს ეპატიჟებოდნენ, ახლა სხვა ვითარებაა – როგორც პანდემიამდე იყო, 300-მდე სტუმარს ეპატიჟებიან. თუკი კოროვირუსის დროს „მაყარის“ ტრადიცია გაქრა, ახლა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე დღეში ორჯერ მაინც შეხვდებით ხმოვანი სიგნალებით მოძრავ ავტომობილებს, რომლებიც ახალი ოჯახის შექმნას იუწყებიან.
ინფექციონისტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების 90%-ში არის „ომიკრონის“ შტამი, რომელიც გაცილებით სწრაფად ვრცელდება. ახლაც რჩება მოსახლეობაში სტერეოტიპები, რომ მათ უბრალოდ გრიპი აქვთ, მათ დაავადებას არანაირი კავშირი არ აქვს კორონავირუსთან, რის გამოც, ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან საზოგადოებრივ ადგილებში, დადიან ქორწილებში, დღესასწაულებზე და სხვა ხალხმრავალ შეკრებებზე.
მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ ახალქალაქში მცხოვრები ყველა შეზღუდვას დაიცავს და 300-კაციანი ქორწილი აიკრძალება, თავიდან იქნება აცილებული თუ არა კორონავირუსის შტამების გავრცელება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მეტროში ამდენივე მგზავრია დისტანციის დაცვის გარეშე.