რა მოვლენები მწიფდება რუსეთთან, უკრაინასთან და ყაზახეთთან დაკავშირებით, რისკენ ისწრაფვის საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი, შესაძლებელია თუ არა ომი რუსეთსა და უკრაინას შორის და კიდევ ბევრი რამის შესახებ Jnews-ს “რონდელის ფონდის” წევრი, პოლიტოლოგი გიორგი ბილანიშვილი ესაუბრა.
ის ფაქტი, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან ჯარს აყენებს, არის დაშინება ან მზადება სრულმასშტაბიანი ომისთვის?
უკრაინის საზღვართან ჯარების ჩაყენება არ შეიძლება მხოლოდ დაშინებად ჩაითვალოს, რადგან ბევრი სანდო წყაროს, როგორც უკრაინული, ისე უცხოური სადაზვერვო სამსახურების მიერ, არაერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ემზადება. ჯერჯერობით უცნობია, რუსეთი ემზადება სრულმასშტაბიანი ომისთვის თუ სამხედრო ოპერაციისთვის უკრაინის გარკვეული ტერიტორიების დასაკავებლად. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი რუსული სამხედრო ავანტიურის შედეგები არა მხოლოდ უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისთვის იქნება საფრთხის შემცველი, არამედ რუსეთისთვისაც. დღეს უკრაინა უფრო მომზადებულია რუსული სამხედრო აგრესიისთვის და ვაშინგტონმა უკვე გამოაცხადა უპრეცედენტო სანქციები, რომლებსაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რუსეთს დაუწესებენ.
რა შედეგი მოჰყვა რუსეთსა და ნატოს შორის უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებს?
ჯერჯერობით, სამწუხაროდ, რაიმე დადებით შედეგებზე საუბარი არ არის, რადგან რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის წინააღმდეგ და აძლიერებს სამხედრო ყოფნას უკრაინის საზღვარზე. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკების პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მოსკოვზე ზემოქმედების ერთ-ერთი მექანიზმია.
პოსტსაბჭოთა სივრცეში კონფლიქტების დაწყების ინტენსივობა გაიზარდა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მეორე შეიარაღებული კონფლიქტი მწიფდება, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?
არა მხოლოდ გასული წელიწადნახევრის განმავლობაში მომხდარი ფაქტორები, არამედ ბევრი რამ, რაც ადრე მოხდა, მათ შორის რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს, მეზობლების სუვერენიტეტის საზიანოდ გააძლიეროს თავისი პოზიციები პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთის საბოლოო მიზანია გამოაცხადოს პოსტსაბჭოთა სივრცე მოსკოვის ექსკლუზიური გავლენის სფეროდ. საბედნიეროდ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვთ, რომ არავინ აპირებს მოსკოვის აგრესიულ ზრახვებს შეეგუოს და რუსეთზე ზეწოლის სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებით, მოვლენების ასეთი განვითარების თავიდან აცილებას ცდილობენ.
შეიძლება თუ არა რუსეთის მუქარა ომის დაწყების შანტაჟად ჩაითვალოს?
დიახ, მართლაც, რუსეთი ცდილობს დასავლეთის შანტაჟს იმით, რომ თუ მისი პირობები არ დაკმაყოფილდება, ახალ ომს დაიწყებს უკრაინის წინააღმდეგ. ჯერჯერობით დასავლეთი ამ შანტაჟს არ დამორჩილებია და რუსეთს რაციონალური პოლიტიკის გატარებით პასუხობს, მათ შორის, მოლაპარაკების პროცესში მოსკოვის ჩართვით.
დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების მომენტში ყაზახეთში დაიძაბა ვითარება, რა იყო ეს?
ყაზახეთში სოციალური ნიშნით დაწყებული პროტესტი მალევე გადაიზარდა ყაზახეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. კერძოდ, ყაზახეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევსა და მის წინამორბედ ნურსულთან ნაზარბაევს შორის. ამ ბრძოლის შედეგად, რუსეთის მხარდაჭერით, ტოკაევმა პოზიციები განიმტკიცა, რადგან მან თავად ჩამოაშორა ხელისუფლებას ნაზარბაევი, რომელიც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ასევე, ნაზარბაევის ბევრი თანამოაზრე ჩამოაცილეს ხელისუფლებას, ზოგიერთი მათგანი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს.
იყო თუ არა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ქვეყნებიდან ჯარების გაგზავნის რეალური საჭიროება?
ძნელია ვიმსჯელოთ, იყო თუ არა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ქვეყნების ჯარების ყაზახეთში შესვლის რეალური საჭიროება. ამით რუსეთმა შექმნა ძალზე საშიში პრეცენდენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში ავტორიტარული რეჟიმის სამხედრო ძალით მხარდაჭერისთვის. სამომავლოდ, თუ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მსგავსი პროცესები განხორციელდება, რუსეთის მხრიდან მსგავსი ზომების გატარების მოთხოვნა დიდი იქნება და ის შესაძლოა რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს.
გიორგი ბილანიშვილი 2018 წლის მარტიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის მკვლევარი. მას უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკასა და ანალიტიკაში 18-წლიანი გამოცდილება აქვს. 2014-2017 წლებში ბილანიშვილი სახელმწიფო უშიშროების საბჭოსა და კრიზისების მართვის აპარატში მუშაობდა საგარეო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორად. მანამდე 1999 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკურ დეპარტამენტში.
მას აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი (2006-2008) და არის ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის კურსდამთავრებული (GFSIS, 2011-2012).