თურქეთის ბაზარი უკვე გაიხსნა და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის, gmp-ის სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფასებს შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია.
„დაპირებისამებრ, ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას. შესაბამისად, უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის, gmp-ის სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები. მოგეხსენებათ, ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე. საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად, 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი იმისა, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და იმედი მაქვს, იმპორტიორი კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე და შესაბამისი რეკომენდაციები გაეგზავნა როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს.
„დაპირებისამებრ, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე. ჩაუტარდა მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გაეგზავნა პარლამენტს, მთავრობას. ახლა მინდა, ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლებს, რომ ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა, რადგან საჭირო იქნება რიგ კანონებში ცვლილების განხორციელება. ჩვენი მოლოდინით, ეს კიდევ უფრო დაეხმარება, უფრო გააიაფებს მედიკამენტებს. რაც მთავარია, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ერთი მხრივ, მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგი, რეგულირებას არ ვიხმარდი ამ ეტაპზე, და მეორე მხრივ, ხარისხის კონტროლი, რაც აუცილებელია. ხარისხიანი მედიკამენტები უნდა მიეწოდოს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ჩვენი ნომერ პირველი მოთხოვნა. ჩვენ ახლა დავიწყებთ აქტიურად მუშაობას. ბატონი მინისტრი, აზარაშვილი დაიწყებს მუშაობას ამ თემაზე და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.