საქართველოში ფასების დონის სწრაფი ტემპით ზრდა დეკემბერშიც გაგრძელდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 13.9% შეადგინა. ცნობისათვის, 2021 წელს ფასების ზრდის ტემპი ეროვნული ბანკის მიზნობრივ დონეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი დონე 3%-ს შეადგენს.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2021 წლის დეკემბერში თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 36.1% შეადგინა. ეს მაჩვენებელი მთელი წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალია. არადა, უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკის ინფლაციის მიზნობრივი დონე საშუალოვადიან პერიოდში 5%-ს შეადგენს.
აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურს ჯერჯერობით მხოლოდ გასული წლის ნოემბრის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, სადაც ჩანს, რომ ინფლაციის წლიურმა დონემ ქვეყანაში 11.1% შეადგინა. აზერბაიჯანში ინფლაციის მიზნობრივი დონე 4%-ია, გადახრის ბუნებრივი მაჩვენებელი კი ±2%- დიაპაზონში მერყეობს.
გარდა ამისა, ფასები ზრდის ტემპი მაღალია რუსეთშიც, კერძოდ, 2021 დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 8.4%-ით განისაზღვრა. რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი კი 4%-ს შეადგენს.
სომხეთში ინფლაციის დონემ 7.7 შეადგინა. ამასთან, სომხეთში ინფლაციის მიზნობრივი დონე 4%-ს შეადგენს.
სამეზობლოში არსებული მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ ინფლაციის დონე თითოეულ ქვეყანაში ცენტრალური ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სამეზობლოში თურქეთის შემდეგ ყველაზე სწრაფად ფასები საქართველოში იზრდება.