Armenian      Russian

უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch 2021 წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოში 2021 წელს ადამიანის უფლებების უკუსვლის ტენდენცია შეინიშნებოდა, რაც მმართველ პარტიას და ოპოზიციურ პარტიებს შორის დრამატული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ხდებოდა.

ანგარიშში საუბარია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დარღვევებზე, ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე. ასევე თავდასხმებზე მედიის წარმომადგენლების მიმართ. გარდა ამისა, ბავშვების ინტიტუციონალიზაციის პრობლემაზე, ძალადობაზე ლგბტქ ადამიანების მიმართ და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე.

HWR წერს, რომ 2021 წელს სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის დაუსჯელობა კვლავ პრობლემად დარჩა.

“პოლიციამ ხელი შეუშალა შეკრების თავისუფლებას მაშინ, როცა დემონსტრანტებს არ მისცა კარვების გაშლის უფლება პარლამენტის შენობის წინ. 2021 წლის თებერვალში პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა 20 დემონსტრანტზე მეტი მას შემდეგ, რაც სამართალდამცველების მიერ კარვის აღებას დაპირისპირება მოჰყვა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ადამიანის უფლებების კუთხით ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 5 ივლისის მოვლენებზე და Tbilisi Pride-ის მარშის გაუქმებაზე.

“იმის ნაცვლად, რომ უზრუნველეყოთ პრაიდის ორგანიზატორებისა და მონაწილეების შეკრების თავისუფლება, ხელისუფლებამ ისინი პირიქით დაადანაშაულა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “არაგონივრული” იყო აქციის გამართვა საჯარო ადგილას, რამაც შეიძლება “სამოქალაქო დაპირისპირება” გამოიწვიოს”, – წერს Human Rights Watch.

ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო ბავშთა უფლებების კუთხით არსებულ სიტუაციასაც 2021 წლის განმავლობაში. ანგარიშში ხაზგასმულია ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები. HWR-მა აღნიშნა, რომ ივლისში UNICEF-მა უმასპინძლა ორდღიან სემინარს, რომლის მიზანი მთავრობისთვის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარება იყო.

რაც შეეხება შრომით უფლებებს, ანგარიშში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამოქმედებული ყოვლისმომცველი რეფორმების და ასევე ახალი რეგულაციების მიუხედავად, სამართლიანი შრომითი პირობები მაინც მუდმივ პრობლემად დარჩა.

“სოციალური დაცვა მინიმალურია, პროფკავშირებს არ გააჩნიათ იურიდიული გარანტიები, რაც მათ საშუალებას მისცემს, ეფექტურად მოაგვარონ სისტემური ცვლილებები, ხოლო შრომის ინსპექციის ეფექტურობა შეფერხებულია რესურსების ნაკლებობის გამო”, – ნათქვამია ანგარიშში.