ახალქალაქის ცენტრალური და ზოგ სოფელში გზების თოვლისგან გაწმენდაზე კომპანია „ჯავახ ავტო გზა“ ზრუნავს. ამ დროისთვის, გზების გაწმენდა და რეაგენტებით დაფარვა მიმდინარეობს, თუმცა ამ კომპანიასთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლოს დასრულდება. თოვლის გაწმენდაზე ტენდერი კი მომავალ წელს, 2022 წელს, ორჯერ ვერ ჩატარდა.
კომპანია „ჯავახ ავტო გზას“ დირექტორის, ნოდარ ინასარიძის განცხადებით, გზების თოვლისგან გაწმენდის სეზონი ახლა იწყება.
„მიმდინარეობს სამუშაოები, ამის შემდეგ, რამდენი სამუშაოც იქნება, იმდენის ანაზღაურება გადაგვიხდიან. ჩვენი მოვალეობაა გზების თოვლისგან გაწმენდა და ქვიშა-მარილის დაყრა, იმასაც მხოლოდ ცენტრალურ გზებზე ვყრით. ამ დროისთვის „ჩვენს განკარგულებაში არ არის ჩაკეტილი გზები“, – განაცხადა მან.
2021 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ქალაქების გზების თოვლისგან გასაწმენდად 100 000 ლარი გამოიყო.
ახალქალაქის ქუჩებსა და სოფლების: ბავრის, დილისკის, დავნიას, ორჯას, აზავრეთის, ალათუმანის, ხანდოს გზებზე ტენდერში შპს „ჯავახ ავტო გზამ“ გაიმარჯვა. გზების საერთო სიგრძე 174 კმ-ია. მთლიანობაში გათვალისწინებულია 1173,5 საათი მუშაობა და 70 ტონა რეაგენტი.
შეგახსენებთ, რომ ტენდერი 2022 წელს თოვლსაწმენდ სამუშაოებზე 2-ჯერ გამოცხადდა და ორივეჯერ მონაწილეთა სიმცირის გამო, ვერ შედგა. პირველად – 30 ნოემბერს, მეორედ – 9 დეკემბერს. ტენდერში, ასევე, გათვალისწინებულია 70 ტონა რეაგენტი და 174 კმ გზა.
როგორც კომპანია „ჯავახ ავტო გზას“ დირექტორი ნოდარ ინასარიძე ამბობს, მან არაფერი იცის მომავალი წლის ტენდერზე. “ტენდერი თუ გამოცხადდება, შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა“, – თქვა მან.