ახალქალაქის ცენტრში გუშინ, 20 დეკემბერს, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 9 წლის ბავშვი და დედა თბილისში გადაიყვანეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოკვლევა იმის დასადგენად, არის თუ არა ქირურგიული ჩარევის საჭიროება. ახალქალაქის საავადმყოფოს ექსპერტების თქმით, 21 დეკემბრის ღამისთვის დაშავებულების მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
20 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათისთვის, ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მოპირდაპირედ, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომობილი, რომელმაც კონტროლი დაკარგა, ხეს შეეჯახა. ავტომობილში ერთი ოჯახის წევრები ისხდნენ. მძღოლი, 31 წლის მამაკაცი დაიღუპა.
მანქანაში მყოფი მისი ცოლ-შვილი მოტეხილობებითა და ჰემოტომებით ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს. ღამით კი, თბილისში გადაიყვანეს. ბავშვი იაშვილის სახ. ბავშვთა კლინიკაში მოათავსეს, ქალი კავკასიის სამედიცინო ცენტრში.
დაზარალებულებს დამატებითი ექსპერტიზა უტარდება, რათა მოხდეს შედარება ახალქალაქში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებთან და შემდგომი სამედიცინო ჩარევა გადაწყდეს. ბავშვს შესაძლოა ოპერაცია არ დასჭირდეს, თუ მისი მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით არ გაუარესდება.