ნოემბერში გადავიარეთ მეხუთე ტალღის პიკური პერიოდი, ახლა რესპირატორული ვირუსები აქტიურდება და თავისუფლად შეიძლება, ისევ გვქონდეს ზრდის ტენდენცია, თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით კლებულობს.
„გიდასტურებთ, რომ ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით კლებულობს. ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა მერყეობს 3 500-4 500 შორის, აღარ არის 5 000-6 000 და ა.შ. ასევე, უკვე სტაბილურად რვა პროცენტს ჩამოცდა ბოლო ორი კვირაა დადებითობის მაჩვენებელი. მნიშვენელოვანია, რომ ეს ტენდენცია მყარად გრძელდება ბოლო დღეებია, მაგრამ ნიშნული მაინც მაღალია. ნახტომისებური, რადიკალური შემცირება არ გვაქვს, გვაქვს ნელი ტემპით, მაგრამ შემცირება და სტაბილიზაციისკენ სვლა არის მაღალ ნიშნულზე. ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგანაც 3 500 ახალი შემთხვევა ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ძალიან მაღალია. თუ რას უკავშირდება ეს – თანდათან, მაინც აცრების მაჩვენებელი იზრდება, თვითონ ვირუსს აქვს გარკვეული ციკლური მიმდინარეობა, ყველა შტამს; ჯერჯერობით ახალი შტამი „ომიკრონი“ საქართველოში არ გამოჩენილა და ყველა ეს ფაქტორი ერთობლიობაში ხელს უწყობს იმას, რომ ნელი სტაბილიზაციისკენ სვლა გახლავთ; მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი, რადგანაც ციფრები მაინც მაღალია. ჩვენ ნოემბერში გადავიარეთ მეხუთე ტალღის პიკური პერიოდი. ახლა ზამთრის პერიოდია, რესპირატორული ვირუსები აქტიურდება და თავისუფლად შეიძლება, რომ ისევ გვქონდეს ზრდის ტენდენცია, თუ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რაზეც ვსაუბრობთ და სამწუხაროდ, არ ვიცავთ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ისევ დაბალია ქვეყანაში, კვლავ ინიშნება დიდი შეკრებები სხვადასხვა მიზეზით, აცრების მაჩვენებელი მომატებულია დეკემბერში, 10 დან 11 000-მდეა ყოველდღიური, მაგრამ ეს არასაკმარისია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, სიკვდიალიანობა არ შემცირდება, ვიდრე ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა არ ჩამოვა 1 000-ს ქვემოთ.
„ახალი წელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ყველას ვუსურვებ პანდმიის დასრულებას 2022 წელს, მაგრამ მაინც ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს ეს დღესასწაული, თავი ავარიდოთ ძალიან დიდი შეკრებებს, ყველგან ვიყოთ პირბადით – იქნება დახურული თუ გარე სივრცე, ყველა შეკრება იქნება თუ ბავშვებისთვის კონცერტი, ადამიანები იყვნენ აცრილი, დაუშვან მხოლოდ მწვანე პასპორტებით და დავიცვათ რეგულაციები“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ასევე უპასუხა შეკითხვას, ხომ არ იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო მომდევნო სხდომაზე კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე პასპორტების საკითხთან დაკავშირებით.
„ვერ გეტყვით, ეგ დამოკიდებულია საბჭოს დღის წესრიგზე. ჯერჯერობით, როგორც ვიცი, ეს საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება სწრაფი ტესტების გაკეთებას, გახდება თუ არა ის ფასიანი გარკვეული ჯგუფებისთვის, წარდგენილია ჩვენი წინადადებები სამინისტროში. არსებობს მთავრობის 975-ე დადგენილება, რომელიც არეგულირებს „პისიარ“ და სწრაფი ტესტების ვალდებულებას სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების მიმართ და ეს ჩვენი წინადადებების ახალი პაკეტი წარდგენილია, თუ ამ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით, რომელ ჯგუფებში უნდა დარჩეს ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე და ვისთვის საკუთარი ხარჯით, თუ ისინი აცრილი არ არიან. იმ პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, ვისაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ, მათთვის ფასიანი არ გახდება სწრაფი ტესტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.