საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული დილარის ახალი ოფიციალური კურსი 3.4494 ლარს შეადგენს. კურსის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნული ბანკი დოლარს ყიდის.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 მარტს განხორციელებული ვაჭრობის შედეგად, დოლარის ფასმა 3.4494 ლარი შეადგინა. ძველი კურსით ერთ აშშ-ს დოლარზე 3.2389 ლარი იყო. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებები დოლართან მიმართებით 0.2105 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ევროს, ახალი კურსი 3.7436 ლარია. ძველი კურსი შეადგენდა 3.4578 ლარს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებები ევროსთან მიმართებით 0.2858 ლარს შეადგენს.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში დღეიდან, ანუ 25 მარტიდან შევა.
ასევე, დღეს, 25 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკი აუქციონზე 40 მილიონ ამერიკულ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ შოკის პიკის გადავლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა შეძლებს სწრაფ აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას.
«კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკი და პანდემიის მომავალი განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენის მოლოდინები ბოლო დღეების განმავლობაში სავალუტო ბაზარზე მერყეობის მატებაშიც აისახა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი გაურკვევლობა, ეროვნული ბანკი, მოსახლეობაზე ნეგატიური შედეგების გავლენის მინიმიზაციის მიმართულებით, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. სავალუტო ბაზრის უცხოური ვალუტით მიწოდების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ორი ინტერვენცია, საერთო ჯამში 60მლნ აშშ დოლარის ოდენობით. როგორც ცნობილია, წინა წლებში, ამავდროულად რეზერვების დაგროვებას ახორციელებდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ გამოწვევებს საქართველოს ფინანსური სისტემა მომზადებული შეხვდა. საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, რაც იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს. სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.»,- ნათქვამია ინფორმაციაში.