მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი და იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოში ბავშვების კორონავირუსით ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია. მისი თქმით, ამჟამად ქვეყანაში ინფიცირების ყოველი 100 შემთხვევიდან 20 ბავშვია, 100 ინფიცირებულიდან კი 9 ბავშვს კლინიკაში მოთავსება ესაჭიროება. ამის შესახებ ჩხაიძემ დღეს, 18 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა, მათ შორის 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებშიც.
“საქართველოში კორონავირუსის გამო 8 ბავშვის გარდაცვალებაა დაფიქსირებული. მათგან უმრავლესობა დელტა ვარიანტით იყო ინფიცირებული ანუ იმით, რომელიც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს. ყოველი 100 ბავშვიდან ცხრას საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება. ძალიან დიდი ციფრია. ასეთი მაჩვენებელი არ იყო შარშან. ინფიცირებულთა რაოდენობაშიც გაზრდილია ბავშვების წილი, ყოველი 100 ინფიცირებულიდან 20 ბავშვია. ამიტომ ბავშვებზე ხელაღებით თქმა, რომ არაუშავს და მსუბუქად გადაიტანენ, არასწორია…
12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე დღეა დაიწყო. რიცხვები ყოველდღიურად მზარდია. ჩვენი კლინიკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ თუ პირველი ორი დღის განმავლობაში ერთი ვაქცინირებული ბავშვი იყო მოსული, გუშინ აცრილი იყო 8 ბავშვი, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანების უკან ვაქცინირებული მშობლები დგანან”, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, 12-დან 15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია 20-25%-ით ამცირებს მოზრდილებში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს. როგორც ჩხაიძე განმარტავს, საქართველოში ამ ასაკობრივი ჯგუფს 200 ათასი ბავშვი მიეკუთვნება, მათგან 50 ათასი მოზარდის აცრა კი კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა, მისი თქმით, ვაქცინაციის ამჟამინდელი ტემპის გათვალისწინებით, მოლოდინის საფუძველი, რომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების დიდი ნაწილი აიცრება არ არის.
ამასთან, ბრიფინგზე ჩხაიძემ ისაუბრა პოსტკოვიდურ გართულებებზეც. კერძოდ, როგორც ის განმარტავს, ხანგრძლივი კოვიდი მოზრდილების მსგავსად აქტუალურია ბავშვებშიც.
“ხანგრძლივი კოვიდი ნიშნავს, რომ შეიძლება ძალიან მსუბუქად გადაიტანოთ კორონავირუსი, საერთოდ არ გქონდეთ არავითარი სიმპტომი, მაგრამ 5-7 თვე უამრავი სიმპტომი დაგრჩეთ, მათ შორის დეპრესია, ძილის დარღვევა, კონცენტრაციის, დასწავლის უნარების და მახსოვრობის დაქვეითება, ტემპერატურა, ხველა, სახსრების ტკივილი, ჰაერის უკმარისობა და სხვა უამრავი სიმპტომი, რომელიც ხანგრძლივ კოვიდს ახლავს.
ამიტომ მსუბუქი მიმდინარეობა არ ნიშნავს, რომ თქვენი შვილი, რომელმაც მსუბუქად ან უსიმპტომოდ გადაიტანა, შემდეგ პერიოდში თავისუფალი იქნება. ბავშვების 30% შეიძლება ხანგრძლივი კოვიდის მატარებელი იყოს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორია, რაც ვაქცინაციის მნიშვნელობაზე მიუთითებს”, – განმარტა ჩხაიძემ.
მან ასევე ისაუბრა მედპერსონალზეც, ვინც კორონავირუსთან ბრძოლაში არიან ჩართულები. ჩხაიძის განცხადებით, ადამიანური რესურსი ამ ეტაპზე არის, თუმცა “ეს რესურსი თავისი შესაძლებლობის ზღვარზეა”, რადგან მედპერსონალი განსაკუთრებული დატვირთვით უკვე წელიწადნახევარზე მეტია მუშაობს.