ადამიანის სიცოცხლესა და კეთილდღეობაზე ზრუნვა არის, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლებების ვალდებულება. კორონავირუსმა ორივეს გამოცდა მოუწყო. პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე, მრავალი კითხვა გაჩნდა: როგორ გაუმკლავდნენ ახალ გამოწვევებს ადგილზე, რამდენად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, როგორ რეაგირებდნენ სირთულეებზე და როგორ იმოქმედებს დღევანდელი გამოცდილება თვითმმართველობის მომავალზე?
Jnews-ი შეეცადა თვალი ედევნებინა, რამდენად ეფექტიანად მუშაობდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება.
2020 წლის მარტის შუა რიცხვებში, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ყველა სახელმწიფო დაწესებულება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
პანდემიის პირველ დღეებში ადგილობრივი ხელისუფლების მთელი ძალისხმევა მიმართული იყო დეზინფექციისკენ, თუმცა იმ დროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის, არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დეზინფექცია ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის ყველა დაწესებულებას, სკოლას, ქუჩებს. მერიამ ახალქალაქის სერვისცენტრს გადასცა ერთი ტონა ანტისეპტიკური ხსნარი, რომელსაც 2-3 თვის განმავლობაში, რამდენჯერმე ჩაუტარდა დეზინფექცია. ხსნარი ადგილობრივი სახსრებით არ შეძენილა, მერიამ საჩუქრად მიიღო. სკოლები სკოლის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. მაგრამ, როცა მუნიციპალიტეტში კორონავირუსმა გავრცელება დაიწყო, დეზინფექცია აღარ ხდებოდა, არც დაწესებულებებში და, არც ქუჩებში. ახალქალაქის მერიაში ამას იმით ხსნიან, რომ ვირუსის შესახებ მანამდე ბევრი რამ არ იყო ცნობილი და ფიქრობდნენ, რომ ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობა ხელს შეუწყობდა გავრცელების პრევენციას, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ის არაეფექტური იყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინების თანახმად, ღია სივრცეების ფართომასშტაბიანი მორწყვა ან ფუმიგაცია, როგორიცაა ქუჩები ან ბაზრები, არ არის რეკომენდებული COVID-19-თან საბრძოლველად. ქუჩები და ტროტუარები ამჟამად არ განიხილება ვირუსის გადაცემის ფაქტორად.
2020 წლის მარტის ბოლოს, საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა, ე.წ. კომენდატის საათი შემოიღეს. ახალქალაქი შეზღუდულ ფარგლებში ცხოვრობდა, არ მუშაობდა დაწესებულებები, სკოლები, ბაზრები, ვაჭრობა მხოლოდ სასურსათო მაღაზიებში იყო. ადგილობრივი თვითმმართველობები ასევე გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე.
„ვცდილობდით, არც ერთი ოფისი არ დაკეტილიყო, თანამშრომლების 30% მუშაობდა, მეტი არა, როცა საჭირო იყო ტელეფონით ვუკავშირდებოდით. რა თქმა უნდა, ასეთმა რეჟიმმა გავლენა მოახდინა სამუშაოს ხარისხზე, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, საქმე არ დაზარალებულიყო“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა, იურიკ უნანიანმა, რომელსაც უფლებამოსილება 2021 წლის 29 ოქტომბერს შეუწყდა.
კითხვაზე, რამდენად ეფექტიანად იმოქმედა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ყოფილი მერი გვპასუხობს, რომ პანდემიის დროს მათ თავად სჭირდებოდათ დახმარება.
„ჩვენ ერთ-ერთი დაზარალებული მხარე ვიყავით, სახელმწიფო ცენტრალიზებულად ეხმარებოდა ყველას და ჩვენ გვთხოვეს დახმარება ადგილზე“, – თქვა უნანიანმა JNEWS-თან ინტერვიუში.
პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში კორონავირუსით, ოფიციალური მონაცემებით, მერიის 15 თანამშრომელი დაავადდა.
პირველ ხანებში დახმარება ფინანსების გამოყოფაში გამოიხატებოდა. მერია და საკრებულო ცდილობდა მოსახლეობისთვის ადგილობრივი მედიით მიემართა. ისინი ხალხს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებდნენ. მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში ქვემო ქართლში ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, რომელმაც პაციენტთან კონტაქტში მყოფ ადამიანებში კორონავირუსის გავრცელება გამოიწვია, უკვე ხელისუფლების დონეზე დაიწყეს საუბარი ეროვნული უმცირესობების ინფორმირების აუცილებლობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მთავრობის ადმინისტრაცია, ასევე გუბერნია გააქტიურდა, ადგილობრივი მედიის საშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაცია სომხურ ენაზე. მაგრამ ძირითადად ეს იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიბანოთ ხელები და როგორ მოიქცეთ ისე, რომ არ დაინფიცირდეთ ან არ დაავადდეთ. ეს ინფორმაცია თითქმის იდენტური იყო სომხურ და სხვა ტელეარხებზე.
მაგრამ, რაც შეეხება შეზღუდვებს და კომპენსაციის მიღებას, როდესაც მოსახლეობისთვის დეტალურად უნდა აეხსნათ: რა შეიძლება გაკეთდეს და რა არა? ან როგორ დარეგისტრირდნენეს კომპენსაციის მისაღებად? მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება არ იყო პრიორიტეტული, არც ადგილობრივი და, არც ცენტრალური ხელისუფლებისთვის.
ახალქალაქის მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა სახელმწიფო ენის არცოდნის გამო. სამუშაოს დაკარგვის გამო, კომპენსაციის მისაღებად მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ქართულ ენაზე ელექტრონული ფორმის შევსება მოუწიათ. დარეგისტრირების მსურველთა უმეტესობა ქართულად ვერ ლაპარაკობდა და თავის მხრივ, გვერდი შეფერხებით მუშაობდა. დარეგისტრირდნენ, როგორც შეეძლოთ, დახმარებას ითხოვდნენ ნაცნობებისა და შემთხვევითი ადამიანებისგან. ზოგმა ფულის შოვნა გადაწყვიტა და 5 ლარად არეგისტრირებდა.
300 ლარის ოდენობის კომპენსაცია ერთჯერადად ეკუთვნოდა ყველა იმ ადამიანს, ვინც სამსახური დაკარგა კოვიდ-შეზღუდვის გამო (1200 ლარი საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა შემთხვევაში). ახალქალაქის ტანსაცმლის ღია ბაზრობის ყველა მოვაჭრე აღმოჩნდა ასეთი, მაგრამ მათ არ გააჩნდათ, რაიმე დამადასტურებელი საბუთი, რომ პანდემიამდე მუშაობდნენ. ახალქალაქის მერიამ შემოსავლების დაკარგვის დამადასტურებელი ცნობები გასცა. ყოფილი მერი იურიკ უნანიანი მიიჩნევს, რომ, რაც მათ გააკეთეს ტანსაცმლის ბაზრობის მომუშავეებისთვის, სხვაგან არ გაკეთებულა.
2020 წლის თებერვლიდან, COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარების გამო, საქართველომ ყველა საზღვარი ჩაკეტა. საქართველოდან შესვლა და გასვლა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვით ხდებოდა. სამინისტრო ყველა ასეთი შემთხვევას ცალ-ცალკე განიხილავდა. ჯავახეთში ბევრი ოჯახს საზღვარგარეთ მუშაობით ინახავს. ჩაკეტილი საზღვრების პირობებში ასეთი შემოსავალი არ იყო, გამუდმებით წუწუნებდნენ ადგილობრივები. 2021 წლის მარტის დასაწყისიდან ჯავახეთის ყველა მცხოვრებს, რომელსაც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის სურვილი ჰქონდა, გამონაკლისის სახით, მიეცა გამგზავრების ნებართვა. სიების შედგენა და ცენტრში (საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში) გაგზავნა თავდაპირველად პარტია „ქართული ოცნების“ ახალქალაქის ოფისმა დაიწყო. შემდეგ რეგისტრაცია მერიაში გაგრძელდა. მარტში, რამდენიმე დღის განმავლობაში, მერიამ დაიწყო სომხური პასპორტის მოთხოვნა რეგისტრირებულთაგან. თუმცა, მოსახლეობის პრეტენზიებისა და Jnews-ის კითხვის შემდეგ, თუ რატომ სჭირდებათ პასპორტი, რეგისტრატორებმა ამის გაკეთება შეწყვიტეს.
„ხოპანში” წასულების რეგისტრაცია- ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის, მაგრამ გამოვყავით 2-3 ადამიანი და გამოვაცხადეთ, რომ ვინც ვერ დარეგისტრირდა ტექნიკურ დახმარებას გავუწევდით. არ ყოფილა ისეთი, ვინც არ დარეგისტრირებულა. რაც შეეხება ინფორმაციას, ყველგან იყო, ჩვენს გვერდზე, თქვენ გაავრცელეთ, ინტერვიუები მივეციტ ტელევიზიებს“, – თქვა ახალქალაქის მერმა.
ახალქალაქის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.akhalkalaki.ge, ბოლო ინფორმაცია 30 სექტემბერს გამოქვეყნდა. – წერია საკრებულოსა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის მემორანდუმზე. ხოლო უახლესი ინფორმაცია COVID-19-ზე გამოქვეყნდა 2020 წლის 14 დეკემბერს. ეს ეხებოდა საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელებას, სადაც ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია «მესხი დემოკრატების» (PITA) წარმომადგენლებმა, USAID-ს და UNAG-ის მხარდაჭერით ქალაქში საინფორმაციო ბუკლეტები სომხურ ენაზე დაარიგეს.
შეზღუდვებისა და კომპენსაციების პერიოდში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე სხვა ინფორმაცია არ იყო. ასევე არ არის ინფორმაცია ვაქცინაციაზე.
2020 წლის ივნისში მერია გამოვიდა ღარიბი მოსახლეობისთვის 50 კგ ფქვილის დარიგების ინიციატივით. ფქვილი ვიყიდეთ 20 516 ლარად. თითო ტომარა 418 ღარიბ თუ გაჭირვებულ ოჯახს გადაეცა. სია სოფლებში მერის წარმომადგენლების დახმარებით შეადგინეს. 2020 წლის ბოლოსთვის კი მუნიციპალიტეტის სოციალური პაკეტი შეიცვალა. კორონავირუსის გამო, შექმნილ რთულ სოციალურ ვითარებაში 358 ბენეფიციარს სხვადასხვა სოციალური პროგრამის ერთჯერადი დახმარებისთვის 82 900 ლარი გამოეყო. ამ პროგრამის ფარგლებში სოციალურ პაკეტში პირველად ჩაერთვნენ არასრული ობლებიც (რომლებმაც ერთი მშობელი დაკარგეს). მერიამ მთავრობისგან მიღებული 16 000 ნიღაბი დაურიგა რისკჯგუფებს და მათ, ვინც პროფესიის გამო, ინფიცირებულებთან ურთიერთობს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა კონკრეტულად პანდემიასთან დაკავშირებით თავის ბიუჯეტში ხარჯები გაითვალისწინა, მხოლოდ ანტისეპტიკური ნივთიერების და ნიღბების შესაძენად, ისიც მცირე ოდენობით. ჩვენს შეკითხვებზე პასუხის მიხედვით, მერიამ წლეულს, კორონავირუსის პრევენციისა და დაცვის ღონისძიებებზე 8300 ლარი დახარჯა, რითაც სამედიცინო ნიღბები და აქსესუარები შეიძინეს.
„ვიყიდეთ ანტისეპტიკები და ნიღბები, წელს უკვე გამოცხადდა ტენდერი, ველოდებით, მაგრამ, არც ისე დიდი რაოდენობითაა, რომ მთელი რეგიონის მომარაგება უზრუნველვყოთ. ეს ჩვენს სპეციალისტებს მივეცით“, – თქვა იურიკ უნანიანმა.
გარდა ამისა, 2020 წლის აპრილში, ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მაღაზიებმა ღარიბთა დასახმარებლად აუცილებელი პროდუქტების პაკეტი მოამზადეს. „ქართული ოცნების“ მერიის და ადგილობრივი შტაბის თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს სიიდან სოფლებსა და ქალაქში პაკეტი 100 ოჯახს დაურიგეს.
ცენტრალური ხელისუფლება არ თანამშრომლობდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ანტიკრიზისული გეგმის შემუშავების პროცესში. 2020 წლის 1 აპრილს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ყველა ოჯახი, რომელიც მოიხმარს თვეში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას, ასევე 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სრულად დაფინანსდება კომუნალური ხარჯები. სახელმწიფომ მოსახლეობის კომუნალური ხარჯები ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ 7 თვის დაფარა. კომპენსაციის პირველი თვის შემდეგ გაირკვა, რომ ჯავახეთში ბევრი ვერ ისარგებლებს ამ პრივილეგიით, რადგან მაღალმთიანეთის მძიმე პირობებში ხარჯები ბევრად აღემატება პროგრამით გათვალისწინებულ მაქსიმუმს. ადგილობრივმა მოსახლეობამ დისკრიმინაციული მიდგომა გააპროტესტა.
ადგილობრივი ხელისუფლება მთავრობაზე ზეგავლენის მოხდენას, მას შემდეგ ცდილობდა, როცა პროგრამა უკვე მიმდინარეობდა.
„შევთავაზეთ, სახელმწიფომ ყველა აბონენტს აუნაზღაუროს 200 კუბამეტრი, დანარჩენი კი თავად აბონენტებმა დაფარონ. არ ვიცი, 200 კუბამეტრი ბარიერი რა პრინციპით იქნა მიღებული, როგორ დაითვალეს? მაგრამ ამ გადაწყვეტილების გამო მართლაც ჩვენი მოსახლეობა დაზარალდა. კონკრეტულად მე თვითონ მივმართე გუბერნიას“, – თქვა იურიკ უნანიანმა.
თუმცა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კომუნალური ხარჯების ნაწილობრივ მაინც დაფარვის ვერსია, არც განხილულა. საბიუჯეტო სახსრები კი შეზღუდული იყო და მსგავსი პრეცენდენტი საქართველოში არ ყოფილა, ხოლო ცენტრს ასეთ შესაძლებლობაზე არ უსაუბრია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა, თავის მხრივ, საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობას „ქართული ოცნების“ შტაბის სამხარეო უფროსის სახელით მიმართა თხოვნით, გადაეხედათ მაღალმთიანი რეგიონების შეღავათების პირობები. პასუხი არ მიუღია.
ეს საკითხი ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ განიხილა.
ადგილობრივი ხელისუფლების შუამავლობა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, როგორც ჩანს, ცალმხრივია. ანუ ის, რაც ცენტრიდან მოსახლეობამდე უნდა მივიდეს და ცენტრალური ხელისუფლება საუბრობს აუცილებლობაზე, ეს ხდება. მაგრამ ხშირად ის, რაც უნდა მივიდეს მოსახლეობისგან ცენტრამდე, ან ყოველთვის არ აღწევს, ან გვიან მიეწოდება, ან ყურადღება არ ექცევა.
ვაქცინაციის პროცესში – COVID-19-თან ძირითადი ბრძოლის პროცესში, ადგილობრივი ხელისუფლებაც არ არის აქტიური. აცრების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთშია. თვითმმართველობა არ ატარებს საინფორმაციო ან სხვა სახის კამპანიას, რომელიც ასტიმულირებს კორონავირუსის იმუნიზაციას. მერიაში ამბობენ, რომ შეძლებისდაგვარად აწარმოებენ აგიტაციას მოსახლეობაში, მაგრამ ვერ ახერხებენ.
დღემდე მერიის 60-70 თანამშრომელიდან 10-ია აცრილი
ევროპის საბჭოს ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, დავით ლოსაბერიძე მიიჩნევს, რომ არის საკითხები, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება მაინც ვერ წყვეტს.
„სოციალური დახმარება, კითხვები საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით, ასევე მოსახლეობის ინფორმირება – ამის გაკეთება შესაძლებელია და ეს დამოკიდებულია ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ბევრი რამ, პირველ რიგში, მერზეა დამოკიდებული. მუნიციპალიტეტების დეცენტრალიზდება ნიშნავს მერის შესაძლებლობების და ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას“, – თქვა დავით ლოსაბერიძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ წლების განმავლობაში პანდემია თითქოსდა, ადგილობრივი ხელისუფლების ცუდად მუშაობის თავისმართლების საშუალებად იქცა.
“ბევრი თავის მართლება იყო ამ წლებში. ეს იყო კარგი მიზეზი, საიმისოდ, რომ არაფერი გაკეთდეს და ყველაფერი პანდემიას დავაბრალოთ. ერთი სიტყვით, შეუძლებელია იმის თქმა, რას შეუშალა ხელი პანდემიამ და რას არა. არსებობს რაღაცეები, რაც მათ შეეძლოთ გაკეთებინათ”, – დასძენს იგი.
„ის, რაც მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ“, მაგალითად, ადგილობრივ ხელისუფლებას შეეძლო ეზრუნა სამედიცინო აღჭურვილობისა და ატრიბუტების საჭიროებისდა მიხედვით გავრცელება. 2021 წლის დასაწყისში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის LAG-ის ინიციატივითა და მერიასთან ერთობლივი დაფინანსებით, 167 160 ლარის ღირებულების სხვადასხვა მოწყობილობა და ატრიბუტი შეიძინეს. აქედან 150 000 ლარით LAG-მა დააფინანსა, 17 160 ლარი ადგილობრივმა ბიუჯეტმა გაიღო. ტექნიკა მერიას იანვრის ერთ-ერთ შაბათ-კვირას გადაეცა. გადაცემის ღონისძიებას არ ესწრებოდა, არც ერთი მედია და არც LAG-ის წარმომადგენელი. დღეს გაირკვა, რომ ამ მოწყობილობებს შორის არის მოზრდილებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი ნებულაიზერები, რომლებიც აუცილებელია მძვინვარე კორონავირუსის პირობებში. თუმცა, სოფლებში მიღებული „საჩუქარი“ ძირითადად გამოუყენებელია, რადგან ექთნებმა, არც კი იციან მათი გამოყენება. დღეს, როდესაც ზოგიერთი ადამიანის სიცოცხლე ჟანგბადზეა დამოკიდებული, რასაც ნებულაიზერი უზრუნველყოფს, სოფლებში 60-ზე მეტი ასეთი აპარატი გამოუყენებელია.
საკმაოდ სერიოზული სამუშაოს შესრულების შემდეგ, ამ მოწყობილობებისა და ატრიბუტების ყიდვისა და გავრცელების მერე, ადგილობრივი ხელისუფლება არ შეწუხებულა, დაინტერესებულიყო, სამედიცინო მოწყობილობები მუშაობდა თუ არა.
ინიციატივა, არც ახალქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას გამოუჩენია. პანდემიის პირობებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არ შეცვლილა, მხოლოდ 2020 წლის შემოსავლებში იყო დიდი დეფიციტი იმის გამო, რომ სათამაშო ობიექტები დაიხურა და გადასახადებს არ იხდიდნენ. ხოლო ხარჯებში განსაკუთრებული ცვლილებები და ახალი პუნქტები არ გაჩენილა.
პანდემია — არის კრიზისული სიტუაცია, რომელშიც ნებისმიერ პასუხისმგებელ სტრუქტურას უნდა ჰქონდეს მუშაობის სტრატეგია. გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლებამ, ადგილობრივმა და ცენტრალურმა, უნდა ითანამშრომლონ მეტი ეფექტისთვის. საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლება პარალიზებული იყო და რასაც ზემოდან ეუბნებოდნენ, იმას აკეთებდნენ. და ის, რაც არ იყო ნათქვამი, მაგრამ კარგი იქნებოდა, არ განიხილებოდა, ან შეიძლება მხოლოდ განხილულიყო და არ განხორციელებულა.