Jnews-ს საქართველოში ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი იმის შესახებ ესაუბრა, თუ რა შეიძლება ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის გაკეთდეს, ადგილობრივი სომხების ინტეგრაციის კუთხით უკეთეს შედეგს, როგორ მიაღწიონ, რა პროგრამებს ახორციელებს ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და სხვა.
უკანასკნელად ჩვენს მხარეში ტურისტით ამპულაში იყავით, რა ხარვეზები შენიშნეთ და, რა იყო უჩვეულო და საინტერესო?
ყველა ვინც გზად შემხვდა სითბოთი მომესალმა. მახსოვს, ერთხელ გზის პირას შევჩერდი, სატვირთო მანქანა გაჩერდა და მძღოლმა მკითხა: “დახმარება გჭირდებათ?” არა მგონია ხარვეზი იყოს, თუმცა წინსვლა აუცილებელი – მეტი სასტუმრო სახლი და მარტივი ტურისტული რუკები.
ჩვენს რეგიონში ისეთი პოპულარული ადგილები, როგორიცაა ბორჯომი, ბაკურიანი, რაბათი, ვარძია, როგორც წესი, ტურისტულად უფრო მოთხოვნადია, ახალქალაქი კი შეუმჩნეველი რჩება. რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
ნინოწმინდაში ვიყავი. ოფისში, სადაც წარმომადგენლებს შევხვდით, ბევრი ისტორიული ინფორმაცია აღმოვაჩინე და ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მსგავსი ფაქტები ვნახე. ვფიქრობ, როგორმე უნდა გავავრცელოთ, მაგრამ მე აქ კოვიდის დროს ვიყავი და სწორი დრო არ ყოფილა. ტურისტული კომპანიები და საინფორმაციო სერვისები კი პანდემიის გამო დაიხურა.
რა არის თქვენი ვიზიტის მიზანი და რა დასკვნები გამოიტანეთ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ დისკუსიაზე?
დიდ დროს ვატარებ თბილისში. თავად ლონდონიდან არ ვარ და მესმის, რომ საქართველო მხოლოდ თბილისს არ მოიცავს. წარმოუდგენელი ქვეყანა გაქვთ მრავალი განსხვავებული რეგიონით და მათი შეცნობა მინდა. უკვე ვიყავი ახალქალაქში, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ მინდოდა რეგიონი კიდევ უფრო ახლოს გამეცნო და ხალხისგან გამეგო, რა პრობლემები აწუხებთ, როგორია პროგრესი, რა რჩება გასაკეთებელი.
რაც შეეხება ჩემს საუბრებს, დღეს ბევრი რამ გავიგე, როგორც ადგილობრივი ადმინისტრაციისგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იმის შესახებ, რა პრობლემებია ახლა რეგიონში. თითქმის ყველა ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი პროგრამა „1+4“-ის მიმართ, რომლის დახმარებითაც ახალგაზრდები თბილისის უნივერსიტეტებში სწავლობენ და ქართული ენის შესწავლაში ეხმარებიან სხვებს. მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, ყველას ეშინია, რომ ხალხი თბილისში დარჩება და სამშობლოში არ დაბრუნდებიან.
ეს დიდი ალბათობით გლობალური, საერთო პრობლემაა და მხოლოდ სამცხე-ჯავახეთს არ ეხება. დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილიდან ვარ და ლონდონში სასწავლებლად ჩავედი და იქ ვიპოვე ჩემი საქმე. ისე უნდა გაკეთდეს, რომ როგორც სამცხე-ჯავახეთი, ასევე საქართველოს სხვა რეგიონები ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი გახდეს .
საუბრების შემდეგ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ყველა, ვისაც ვესაუბრე, იმავეს გრძნობენ მომავლის მიმართ.
სახელმწიფო ენის არცოდნის გარდა, არსებობს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ტიტულოვან ერსა და ეროვნულ უმცირესობას შორის არსებული ორმხრივი სტერეოტიპები, შიშები და ფობიები. როგორ შეიძლება ამ პრობლემების დაძლევა?
თბილისში ყოფნისას, არასდროს მსმენია საქართველოში მცხოვრები ამა თუ იმ ხალხისგან შიში. ერთადერთი ენის უცოდინრობა ერთგვარი ბარიერია ხალხის ღრმა ინტეგრაციისთვის. ენის ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი პრობლემა. თემებს შორის თავისუფალი გადაადგილებაა საჭირო, რაც უკეთეს ინფრასტრუქტურას, შესაძლებლობებს, განათლებას ნიშნავს, რათა ყველამ დაინახოს შესაძლებლობები მთელ საქართველოშია და უმცირესობის წარმომადგენლები არ არიან ვალდებულნი თავისი მომავალი სხვაგან ეძებონ. ეს უკვე პროგრესია. უხეშად რომ ვთქვათ, ქვეყნის ყველა ნაწილს შორის ეკონომიკური კავშირები უნდა გავაუმჯობესოთ.
რა პროგრამებზე მუშაობს საელჩო საქართველოში?
საქართველოში თანამშრომლობის საკმაოდ ფართო დიაპაზონი გვაქვს. ძირითადად პროგრამები ცენტრალურ ხელისუფლებაზეა კონცენტრირებული. მაგალითად, გვაქვს პროგრამა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ამით ძალიან ვამაყობ. ბევრ რამეს ვაკეთებთ, მაგრამ სამწუხაროდ რეგიონებამდე ვერ მივდივართ. მაგრამ, თუნდაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ჩვენი თანამშრომლობით, იმედი მაქვს გავლენა რეგიონებსაც მიაღწევს. პარლამენტში ცენტრალური ხელისუფლების რეფორმაზე ვმუშაობთ – მეტი ქალისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლის მოზიდვა პარტიებში. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში შედეგს დავინახავთ. ასევე ვამაყობ, რომ ჩვენი კულტურის დეპარტამენტი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან და ძალიან მალე დაიწყება ქართული ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა.