ახალქალაქის რაიონში სკოლების მასწავლებელთა დაახლოებით 40%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა აქვს გაკეთებული. არის სკოლები, სადაც ყველა მასწავლებელი უკვე აცრილია, მაგრამ არის ისეთებიც, სადაც არც ერთი აცრილი მასწავლებელი არ არის. მაგალითად, სოფელ არაგვაში საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლების 80%-ზე მეტი, დირექტორის ჩათვლით, აცრილია, სოფელ აბულის სკოლაში კი, არც ერთი მასწავლებელი არ არის აცრილი და არც აპირებენ. Jnews-მა კითხვით მიმართა კონკრეტული სკოლების დირექტორებს იმის გასარკვევად, თუ რა დადებით და უარყოფით მხარეებს ხედავენ ვაქცინაციაში და რა არგუმენტები აქვთ.
ანდრეას აბდოიანი პროფესიით ინჟინერია. სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. სკოლას დაახლოებით 20 წელია ხელმძღვანელობს.
მარტინ ხოცანიანი სოფელ აბულში მდებარე საჯარო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის. ის სკოლას 15 წელზე მეტია მართავს.
JNEWS: ხართ თუ არა აცრილი და რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?
ანდრეას აბდოიანი: ვაქცინირებული ვარ და მაქვს კოვიდ-პასპორტი. Pfizer-ის აცრა გავიკეთე. რატომ Pfizer-ი? ვიცი, რომ მისი ეფექტი უფრო ძლიერია, ანუ გავიგე, ექსპერტი არ ვარ, ბევრი კვლევა არ გამიკეთებია, მაგრამ რადგან მოსახლეობის უმეტესობა აცრილია Pfizer-ით, ამიტომ გადავწყვიტე. მე ვფიქრობ, რომ რეალურად არავინ იცის, რა სახის ვაქცინა, რა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. სკოლის დაწყებამდე გავიკეთე აცრა, მივიღე გადაწყვეტილება და ნებაყოფლობით წავედი ასაცრელად. არაფერი მიგრძვნია, ვაქცინას დღემდე არანაირი გვერდითი შედეგი არ დაუტოვებია. თვითონ არ მქონია კორონავირუსი, ყოველ ორ კვირაში ვიკეთებ ტესტს, დღემდე უარყოფითი პასუხები მაქვს.
მარტინ ხოცანიანი: არის შიში, ვაქცინაში არ ვართ დარწმუნებული, რადგან დღეს არაფერია საიდუმლო, არის ინტერნეტი, სადაც ნათქვამია, რამდენად სწორია თუ არასწორი ვაქცინაცია. მივიღეთ ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულები და მის წინააღმდეგ ვაქცინირებული პირებიც ინფიცირდებიან და კვდებიან. ეს გვაღელვებს, არანაირი გარანტია არ არსებობს. არც ვაქცინის მიმართ არსებობს რწმენა. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ვინმე, ვინც დაგვარწმუნებს ფაქტებით, რომ ყველანი ერთად წავიდეთ და ვაქცინა გავიკეთოთ. როგორ პასუხობს თანამედროვე მედიცინა კითხვაზე, – რატომ კვდება აცრილი ადამიანი კორონავირუსისგან? პასუხი არ არის. თანამედროვე მეცნიერება დუმს.
JNEWS: არიან თუ არა აგარვასა და აბულში სკოლის მასწავლებლები აცრილები? შეგიძლიათ მოგვაწოდოთ რიცხობრივი მონაცემები არსებული სურათის უფრო სრულყოფილად წარმოსადგენად?
ანდრეას აბდოიანი: ჩვენი სკოლის 29 თანამშრომლიდან მხოლოდ 6 არ არის აცრილი, ერთი არის ავად, მეორეს არ სჯერა, რადგან დღეს ფეისბუქზე შეგნებულად და გაუცნობიერებლად წერენ, რაც თავში მოუვათ, არავინ იცის ვის დაუჯეროს და ვის არა. ბევრს არ სურს ამ პირობებში აცრა, მაგრამ დღეს არ აცრა არასწორია. მართალია, სახელმწიფო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, სავალდებულო აცრას ვერ დააწესებს და მოქალაქის შეხედულებისამებრ ტოვებს იმის გაცნობიერებას, რომ მას აცრა სჭირდება. თუ სახელმწიფო შექმნის გარკვეულ პირობებს, როდესაც აუცრელ თანამშრომელს ან პირს ქარხნებში ან მაღაზიებში შესვლა აეკრძალება, ის იძულებული გახდება აცრა გაიკეთოს.
მარტინ ხოცანიანი: ჩვენი 25 მასწავლებლიდან მხოლოდ ერთი დაინფიცირდა კორონავირუსით, ჩვენ არ გვყავს ვაქცინირებული მასწავლებელი. ეს არის ადამიანის ჯანმრთელობის უფლება, მე არ მაქვს უფლება ამ საკითხში ვინმეს ხელმძღვანელობა გავუწიო. ხშირად ვეკითხები მასწავლებლებს, თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, რას გააკეთებთ? საკითხი პედაგოგიურ საბჭოზეც კი განვიხილეთ. ყველა ერთხმად მპასუხობს, რომ ჟურნალებს მაგიდაზე დაადწყობენ და სახლში წავლენ, სამსახურიდან წავლენ. შრომა ბევრად იაფია ვიდრე ადამიანის სიცოცხლე.
JNEWS: თქვენ აცრილი ხართ, რამდენად დაცულად გრძნობთ თავს?
ანდრეას აბდოიანი: მჯერა, რომ უპირველეს ყოვლისა აცრას შენთვის იკეთებ. ჩემს სკოლაში ორჯერ აცრილია 15 ადამიანი, 6 თანამშრომელი – თითო დოზით, მაგრამ აქ ერთი რამ გაუგებარია, ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა გაიკეთოს აცრა ადამიანმა? მეორეც, ადამიანი გავიდა ქვეყნიდან და შემოვიდა ქვეყანაში ტესტირების გარეშე, საქართველოს კოვიდ-პასპორტით, ანუ იღებენ იმას, რომ აცრილი ხარ და ტესტის გავლა არ გჭირდება. მაგრამ, როგორც კი დაბრუნდები საქართველოში, ტესტირება ან თვითიზოლაციაა საჭირო, ფაქტობრივად, გამოდის, რომ შენს აცრას მნიშვნელობა არ აქვს (საქართველოში შემოსვლისას). ჩვენ, მასწავლებლები, ორ კვირაში ერთხელ ვიკეთებთ ტესტს. არ მესმის აზრი, არც მინდა გავიგო, რადგან არ არის არავინ, ვინც სწორ პასუხს გაგვცემს.
JNEWS: არ გეშინიათ ავადმყოფობის?
მარტინ ხოცანიანი: ჩემი პროფესიული განათლებიდან, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მოკლე დროში მივედი დასკვნამდე, რომ ძალიან მომთმენი ადამიანი ვარ, მინდა დაველოდო ხუთი წელი. კორონავირუსი, როგორც ახალგაზრდა დაავადება, შეიძენს მკურნალობის გამოცდილებას, თავდაჯერებულობას, რასაც მინიმუმ 5 წელი დასჭირდება. მე ბიოლოგი ვარ. გარანტია არ მაქვს, არც ერთი ორგანიზმი არ გამომიცდია დეტალურად, არ ვიცი, რა დაფარული დაავადება მაქვს. ვაქცინაციას უფსკრულში მივყავართ თუ ხსნისკენ, ვინ მიპასუხებს? არავინ. სანამ ეს საფუძვლიანად არ დადასტურდება. მირჩევნია არ გავიკეთო აცრა, რადგან არ ვარ დარწმუნებული და რატომაც არა, მეშინია, არ ვიცი რატომ მეშინია. ცხოვრება ძალიან ძვირფასია, იმედი არ არის. შესაძლოა არასწორად ვფიქრობ.
JNEWS: რას ფიქრობთ სავალდებულო ვაქცინაციაზე? რა მოუვა თქვენს კოლექტივს, თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება სკოლებისთვის?
ანდრეას აბდოიანი: სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე ვარ. თუ არის ეპიდემია, მაშინ ეს საკითხი ადამიანის ახირებაზე არ უნდა დატოვო. თუ, რა თქმა უნდა, ვაქცინა სწორია, ის სასარგებლოა. მაგალითად, ის დამეხმარა, ნებისმიერ გარემოში შემიძლია გასვლა, არ დაინფიცირება, თუნდაც დავინფიცირდე, შემიძლია თავს ამის უფლება მივცე, პრაქტიკამ აჩვენა, რომ აცრილი ადამიანი შეიძლება დაავადდეს, მაგრამ დაავადება ძალიან მსუბუქი იქნება. განათლების სფეროს თანამშრომლებს ვურჩევ აუცილებლად გაიკეთონ აცრა და თუ შესაძლებელია, ბავშვების მშობლებმაც. თუ ტესტი ფასიანი გახდება, პირი ავტომატურად ჩაიტარებს აცრას. ითქვა, რომ სკოლის თანამშრომლების 80% უნდა იყოს აცრილი, მაგრამ დანარჩენი 20% ძალიან მოდურია, ყველას უნდა ამ 20% -ში იყოს. ვფიქრობ 100% უნდა იყოს აცრილი. მე და ჩემი მეუღლე სკოლაში ვმუშაობთ, ორივე ვაქცინირებული ვართ.
მარტინ ხოცანიანი: მე იძულების წინააღმდეგი ვარ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მაიძულებენ, სამსახურს დავტოვებ, სხვა გამოსავალი არ არის.
JNEWS: რას ფიქრობთ ონლაინ განათლებაზე?
ანდრეას აბდოიანი: ბუნებრივია, ონლაინ განათლება არ აძლევს ბავშვს მყარ ცოდნას. სასკოლო განათლება უკვე იკლებს. ნახეთ სტატისტიკა, ბოლო წლებში 4-5 მოსწავლე გახდა სტუდენტი. კორონავირუსმა განსაკუთრებით დაწყებითი კლასების განათლება დააზარალა. წარმოიდგინეთ, ბავშვმა პირველ კლასში უნდა ისწავლოს ასოები და ამას ონლაინ რეჟიმში აკეთებენ.
მარტინ ხოცანიანი: გაკვეთილების დაწყებისთანავე (2021-2022 სასწავლო წელი), გადავედით ონლაინ სწავლებაზე, რადგან გვყავდა ინფიცირებული მასწავლებელი, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობდა. მე არ ვყოფილვარ ინფიცირებული, ან, დიდი ალბათობით, არ ვარ დარწმუნებული, დაინფიცირებული ვარ თუ არა. ანტისხეულების ტესტი დადებითი იყო და PCR-ტესტი- უარყოფითი. ინფიცირებული ვიყავი თუ არა, ჩემთვის საიდუმლოდ დარჩა, რადგან ვერაფერს ვგრძნობდი. ონლაინ განათლება ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალ დონეზეა, ეს არის კლოუნადა, თვალებში ნაცრის შეყრა, თითქოს თვალის დახუჭვაა იმაზე, რაც ხდება და ეს ცრუ ნუგეშია, როგორც მოსწავლისთვის, ასევე მასწავლებლისთვის.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ზოგადად, მასწავლებლებისა და სკოლების პერსონალის 70% არის აცრილი.
Jnews-ი შეეცდება ორგანიზება გაუკეთოს სკოლების პერსონალსა NCDC-ის სპეციალისტებს შორის შეხვედრას, რათა სკოლის თანამშრომლებმა კითხვებზე პასუხი მაინც მიიღონ.