ზინაიდა ჩივჩიანი პირველ შვილს ელოდება. ის უკვე შვიდი თვის ორსულია. კორონავირუსის ეპიდემიამ ბევრს აიძულა უარი ეთქვა ბავშვის გაჩენაზე, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, მართალია ეშინია, მაგრამ ორსულობას COVID-19-ისგან „იცავს“ და მოუთმენლად ელის პირველი შვილის დაბადებას.
კორონავირუსისგან დარტყმა ზინაიდას ცხოვრებაში იყო მისი ოცნების ქორწილის გაუქმება. ის 2020 წლის იანვარში დაინიშნა. ნიშნობიდან ორი თვეც არ იყო გასული, რომ ეპიდემია დაიწყო, შემოდგომაზე გადაწყვიტეს ქორწილი აღარ გადაედოთ, ეკლესიაში დაქორწინდნენ, მაგრამ ზინაიდას საქორწინო კაბა მაინც აუხდენელ ოცნებად დარჩა.
„მართალია, ჩვენი ტრადიციული, დიდი და მდიდრული სომხური ქორწილი არ შედგა, მაგრამ ღმერთმა გაგვაერთიანა. ეკლესიაში დავქორწინდით. შემდეგ სახლში ახლო ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად მოვაწყვეთ პატარა წვეულება, რომელმაც, მართალია, ქორწილი ვერ ჩაანაცვლა, მაგრამ ყველაფერმა ძალიან მხიარულად და წარმატებით ჩაიარა. მოკლედ, ნათელი და დაუვიწყარი დღე მქონდა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება”.
ზინაიდა ახლა მოუთმენლად ელის პირველი შვილის დაბადებას. ის ერთდროულად განიცდის სიხარულსაც და შიშსაც კორონავირუსის მიმართ. ყველანაირად ცდილობს საკუთარი თავი და ჯერ არდაბადებული შვილი ვირუსისგან დაიცვას.
„ვფიქრობ, რომ არა მარტო მე, არამედ ყველა ქალს, რომელიც დედობას აპირებს, დიდი შიში აქვს ეპიდემიის. ვინაიდან ჩვენ ორსულები ვართ ეგრეთ წოდებულ რისკ ჯგუფში, ჩვენი ინფიცირების შანსი მაღალია. ამიტომ მე პირადად ვერიდები ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას, სახლიდან გასვლისას ყოველთვის ვიკეთებ ნიღაბს და ვიცავ თავს სადეზინფექციო საშუალებებით“.
ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს გინეკოლოგი, ასია გულიევა ამბობს, რომ წლეულს ორსულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. გარდა ამისა, ვირუსი ბევრ წყვილს აშინებს და ისინი ბავშვის გაჩენას მომავლისთვის დებენ. არის შემთხვევები, როცა ნაყოფს ვირუსის შიშით იშორებენ.
„ამჟამად ორ რაიონში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ერთად, შარშანდელთან შედარებით 150-ით ნაკლები ორსულია. რატომ? პირველი არის კორონავირუსი, რადგან ქალებს უნდათ ჰყავდეთ ჯანმრთელი შვილი და იმისთვის, რომ ჯანმრთელი შვილი ჰყავდეთ, მშობლები უნდა იყვნენ ჯანმრთელები, შეეძლოთ შვილის შიშის გარეშე აღზრდა, ქმარი კი ცოლთან უნდა იყოს“, – ამბობს ახალქალაქის საავადმყოფოს გინეკოლოგი ასია გულიევა.
მიუხედავად ყველაფრისა, ზინაიდას დაორსულების არ ეშინოდა. მას არასოდეს უფიქრია ეპიდემიის გამო დედობის გადადებაზე.
„ორსულობამდე არც მიფიქრია ეპიდემიაზე, სულაც არ მეშინოდა, მაგრამ როცა ჩემი ორსულობის შესახებ გავიგე, თითქოს ჩემში მაშინვე, რაღაც შეიცვალა, შიში დამეწყო. როგორც ახლა, ასევე ბავშვის გაჩენის შემდეგ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პირველ რიგში დავიცვა ჩემი ბავშვი, შემდეგ კი საკუთარი თავი“.
ზინაიდა კონსულტაციებს მასზე უფროს ადამიანებთან გადის, იყენებს ინტერნეტს და ყოველთვის უკავშირდება პირად ექიმს.
„რაც შეეხება იმას, თუ როგორ დავიცვა თავი ვირუსისგან, ძირითადად მივყვები უფროსების რჩევებს, ვაგროვებ ინფორმაციას ინტერნეტიდან, მაგრამ არა იმიტომ, რომ ექიმებს არ ვენდობი, არამედ უბრალოდ ამ ვარიანტს ვანიჭებ უპირატესობას“.
ზინაიდა არ არის აცრილი და ეს ინტერნეტის ბრალია. იქ კითხულობდა ისტორიებს, ძირითადად გადაუმოწმებელ ამბებს, რამაც შეაშინა.
„მე თვითონ არ გამიკეთებია აცრა და არც ვაპირებ მის გაკეთებას, რადგან ძალიან მეშინია. ბევრი მსმენია და ინტერნეტში წავიკითხე, რომ ბევრი ადამიანი კვდება ან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება ვაქცინაციის შემდეგ. არ ვიცი, შეიძლება გაზვიადებაა, მაგრამ მეშინია და ვაქცინაციის წინააღმდეგი ვარ”.
მომავალი დედები რისკ ჯგუფში არიან, რომლებსაც მძიმე Covid-ის განვითარების რისკის საფრთხე ემუქრებათ. ამიტომ, ბევრი ექიმი და ეპიდემიოლოგი ამტკიცებს, რომ ორსულ ქალებს ვაქცინაცია სჭირდებათ. თუმცა, ყველა ვაქცინა არ არის მათთვის შესაფერისი. რეკომენდებულია მომავალი დედების ვაქცინაცია მხოლოდ ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავაზე დაფუძნებული ვაქცინებით. დღეს საქართველოში ასეთი პრეპარატია Pfizer-ი.
ახალქალაქში ორსული ქალების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ექიმი ასია გულიევა ამბობს, რომ მათ მიიღეს დავალება, რომ ყველა ორსულს ეცნობოს ვაქცინაციის შესახებ. მსურველები, რა თქმა უნდა, იცრებიან, მაგრამ ვერავის აიძულებენ. ექიმი აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში მას არ ჰყავდა ორსული ქალი, რომელიც აიცრა ან გამოთქვა აცრის სურვილი.
ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში ასევე აღნიშნავენ, რომ მათთან რეგისტრირებული ყოველი მეხუთე ორსული ავად არის კორონავირუსით. ზინაიდას ჯერ არ ჩაუტარებია ლაბორატორიული ტესტი, რათა გაერკვია, დაინფიცირდა თუ არა ის კორონავირუსით. მაგრამ როცა სიმპტომებს ადარებს, ფიქრობს, რომ შარშან დაინფიცირდა.
„როდესაც ეპიდემია თავიდან დაიწყო, ხუთი თვის შემდეგ სამი დღე მქონდა მაღალი ტემპერატურა, ცოტა სისუსტე ვიგრძენი, რის შემდეგაც ყნოსვა დავკარგე და იქიდან დავასკვენი, რომ ინფიცირებული ვიყავი, მაგრამ სერიოზული ჩივილები არ მქონდა. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“.
ოდესღაც აქტიური, ენერგიული გოგონა, კორონავირუსის გამო, თავს ასეთად აღარ თვლის. ის დღის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს კომპიუტერთან ლექციებს უზის, ასევე დედამთილს სახლის საქმეებში ეხმარება.
„საიდუმლო არ არის, რომ ცხოვრება კორონავირუსამდე უფრო თბილი და ნათელი იყო, ვიდრე ახლაა. ეპიდემიამ ყველა ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა, სამწუხაროდ, უარესობისკენ. შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, სიცოცხლეში სევდა შემოიტანა, ტკივილი და გულგრილობა. ასევე შეცვალა ჩემი ცხოვრება, უინტერესო გახადა. ეპიდემიამდე თავს ძალიან აქტიურ, ენერგიით სავსე ადამიანად ვთვლიდი, მაგრამ ახლა, ამ აქტივობას და სრულ ენერგიას ჩემში ვეღარ ვხედავ“.
მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში ზინაიდა ცხოვრების ახალ ფაზაში შევიდა. ის ცდილობს ცხოვრებაში ადგილი არ დაუთმოს შიშებს, რაც ხელს შეუშლის ცხოვრებასა და წინსვლაში. ის არ არის ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის შესაფერისი მომენტის მოლოდინის მომხრე. ზინაიდამ დაცვის საკუთარი მეთოდი შეიმუშავა – ის მალავს ორსულობას კოროვირუსისგან გამუდმებით ნიღბის ტარებით, სახლიდან გადის, როცა აუცილებელია და თავს არიდებს ხალხმრავალ ადგილებს. თუმცა, არ ფიქრობს დაცვაზე, რომელსაც ვაქცინა გვთავაზობს.
2020 წლის დეკემბრიდან მთელ მსოფლიოში, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან და საქართველოს მასშტაბით ორსული ქალები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას იკეთებენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა არ იწვევს ორსულობის შეწყვეტას, ნაადრევ მშობიარობას, მკვდრადშობადობას ან თანდაყოლილი პათოლოგიების რისკს, ხოლო ქალის საშვილოსნოში მყოფი ბავშვის სიცოცხლეს კოროვირუსის გართულებებისგან იხსნის.