ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას.
„ამ საკითხს მე არასოდეს დავუბრუნდები. ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად. ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან, ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომის მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე. ეს არის და ეს. ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.