ახალქალაქის ჭავჭავაძის სახელობის N3 საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების განმახორციელებელ სამშენებლო კომპანიასთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლოს იწურება, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ მოსწავლეები სკოლაში მომდევნო სემესტრიდან, 2022 წლის დასაწყისიდან დაბრუნდებიან.
“სამუშაოს დასრულებამდე ბავშვები თუმანიანის სახელობის სკოლაში ივლიან. რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ძალიან კარგად მიგვიღეს, მშვენიერი კოლექტივია, მშვენიერი ხალხი. მაგრამ ჩვენთვის ძალიან მოუხერხებელია სხვა შენობაში სწავლა. “სახლზე” უკეთესი ადგილი არ არსებობს”,- განაცხადა №3 საჯარო სკოლის დირექტორმა, თამარ ოძელაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების თანახმად, კომპანია «მედმშენთან» კონტრაქტის პირობები, რომელიც ახალქალაქის ქართულ სკოლას არემონტებს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
როგორც კომპანია «მედმშენის» თანამშრომელმა, ადგილზე სამუშაოს ხელმძღვანელმა, დავით აბრამიშვილმა განაცხადა, მისთვის არაფერია ცნობილი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. მისი თქმით, რემონტი დროულად – ნოემბრის ბოლოს დასრულდება, მაგრამ ბავშვები, ალბათ, მეორე სემესტრში შეძლებენ საკუთარ სკოლაში სიარულს.
“ვფიქრობ, სამუშაოს დათქმულ ვადაში დავასრულებთ. ალბათ, კონტრაქტი გახანგრძლივდა, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცი. რემონტის დასრულების შემდეგ, გასათვალისწინებელია ავეჯის მოწყობის, გადაადგილების და ა.შ. სამუშაოები, ბავშვები მეორე სემესტრში შეძლებენ დაბრუნებას, – თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში რემონტი 2020 წლიდან მიმდინარეობს. თავდაპირველი ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები სექტემბრისთვის უნდა დასრულებულიყო, შემდეგ ვადა ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდა.
ქართული სკოლის შენობა სექტემბრისთვის მზად უნდა იყოს
№3 სკოლაში სარემონტო სამუშაოები სრულდება
სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რემონტდება. საქართველომ დაფინანსება ჩრდილოეთ გარემოს საფინანსო კორპორაციისგან (NEFCO) მიიღო საქართველოში საზოგადოებრივი შენობების ენერგოეფექტურობის, განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის პროგრამების განსახორციელებლად. სარემონტო სამუშაოების ელექტრონულ ტენდერში 2`590`643.00 ლარის ოდენობით შპს “მედმშენმა” გაიმარჯვა.