11 ოქტომბერს, ლონდონის დროით 04:00 საათიდან, საქართველო ამოღებული იქნება დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმის ე. წ. წითელი სიიდან.
რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან მიმავალი მოქალაქეები ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით:
ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის გაკეთება საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის მიზნით;
ტესტირების სამგზავრო პაკეტის შეძენა, რაც მოიცავს თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტების დაჯავშნას;
ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფლის ფორმის (locator form) შევსება 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით.
რაც შეეხება არავაქცინირებულ მოქალაქეებს: ისინი ბრიტანეთში ჩასვლის შემდგომ გაივლიან 10-დღიან თვითიზოლაციას წინასწარ მითითებულ ადგილას და თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს ჩაიტარებენ PCR ტესტს.
ბრიტანეთის საყოველთაო ვაქცინაციის პროცესის ფარგლებში სრულად აცრილი პირები გამგზავრებამდე ტესტირებისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან და მათ ჩასვლიდან მხოლოდ მე-2 დღეს მოუწევთ PCR ტესტის ჩატარება.
რაც შეეხება საქართველოში შემოსვლას – საქართველოში შემოსვლა შეუძლია ყველა ქვეყნის მოქალაქეს, თუკი იგი არის სრულად ვაქცინირებული. ხოლო, არავაქცინირებული მოქალაქეების შემთხვევაში მოქმედებს შეზღუდვები ქვეყნების მიხედვით.
მაგალითად, არავაქცინირებულ ნიგერიის ან ინდოეთის მოქალაქეს არ შეუძლია საქართველოს სახმელეთო საზღვრით სარგებლობა თუკი ის არ ჩამოდის ბიზნეს-მოწვევით ან არ იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
საქართველოში შემოდიან მხოლოდ იმ ქვეყნების არავაქცინირებული მოქალაქეები, რომლებთანაც საქართველოს გამარტივებული მიმოსვლის რეჟიმი აქვს.
მსგავსი რეჟიმი აქვს საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე ყველა მეზობელ ქვეყანასთან, აშშ-სთან, დიდი ბრიტანეთთან, უკრაინასთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან და სხვა.