„წამალი აღარ ვიყიდო? ძალიან ძვირია!“ – ნინოწმინდელი ხანდაზმულების ეს და სხვა გამოწვევები პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ხედვებში
„არ მყოფნის პენსია არც ჭამაზე და არც წამლებზე, აბა რა უნდა ვქნა, წამალი აღარ ვიყიდო? ანუ თუ შევჭამ წამალს ვეღარ ვიყიდი და წნევა მომკლავს, არ შეიძლება ამ წამლების ყიდვაში დაგვეხმაროს მთავრობა?“ – შემოგვჩივლა 66 წლის ზოია მურადიანმა, რომელიც საკუთარ ეზოში ფუსფუსებდა. მარტოხელა პენსიონერი წლებია წნევის წამლებს ყიდულობს და ყოველდღიურად მოიხმარს. მედიკამენტებზე ფასების მუდმივი ზრდა ახლა ყველაზე მეტად აწუხებს.
ზოია მურადიანი ნინოწმინდაში ცხოვრობს, საქართველოს სამხრეთ ნაწილში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პატარა მუნიციპალიტეტში. ბოლო აღწერით, ნინოწმინდაში 34 000 მცხოვრებია. მოსახლეობის 95% ეთნიკური სომეხია.
სამუშაო ადგილების სიმცირის და სახელმწიფო ენის არცოდნის გამო ადგილობრივები მუნიციპალიტეტს ტოვებენ. რუსეთსა და სომხეთში დასაქმების პერსპექტივა მათთვის გაცილებით მომხიბვლელია. მუნიციპალიტეტიდან სამუშაოს საძიებლად ძირითადად კაცები მიდიან, შემდეგ ოჯახის ახალგაზრდა წევრები მიჰყავთ. ნინოწმინდაში ხანდაზმულები რჩებიან და ზოგიერთი მათგანი ხანდაზმულობის წლებს მარტოობაში ატარებს.
რამდენიმე ათეული წელია მარტო ცხოვრობს ნინოწმინდაში 82 წლის ლუსიკ ეღოიანიც. შვილებმა ნინოწმინდაში ცხოვრებას რუსეთში გამგზავრება არჩიეს. ისინი საქართველოში არ ჩამოსულან და მუდმივად აქ ცხოვრებას არც მომავალში გეგმავენ. ლუსიკ ბებო მარტო დარჩა. წლებია ყველა გამოწვევასთან გამკლავება დამოუკიდებლად უწევს.
ვიდეო ლუსიკ ბებო
ზოია მურადიანის შვილი ნინოწმინდაში ცხოვრობს, მაგრამ ზოია ბებოს მარტოობაში გაჰყავს ხანდაზმულობის დღეები.
„მარტო ვცხოვრობ, ხანდახან შვილი მოდის და სახლის საქმეებზე მეხმარება, გათხოვილია და თავისი ოჯახი აქვს მისახედი“ – წუხს ზოია მურადიანი. აქვე იმასაც ამატებს, რომ მის ირგვლივ მსგავსი მდგომარეობა ბევრ ხანდაზმულს აქვს.
ა.ო „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ მიერ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ფოკუს-ჯგუფის კვლევამაც ცხადყო, რომ ხანდაზმულებს ნინოწმინდაში ყველაზე მეტად ჯანდაცვის და სოციალიზაციის საკითხები აწუხებთ.
კვლევა, რომელშიც 60 წლიდან ზემოთ ასაკის ნინოწმინდელი ხანდაზმულები იყვნენ ჩართული, მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის მაისი-ივლისის პერიოდში ჩატარდა, პროექტის „თვითმმართველობა ადგილობრივი თემისათვის“ ფარგლებში.
„კვლევის მიზნებდან გამომდინარე ჩატარდა 3 ფოკუს-ჯგუფი, რომლებშიც მონაწილეობდნენ ქალები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები.
ფოკუს-ჯგუფებისა და ინტერვიუების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების პრიორიტეტიზების მიზნით, პროექტის გუნდი ნინოწმინდის ქუჩებსა და სოფლებში შეხვდა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს, რომელთაც ჩამოწერილი პრობლემებიდან აირჩიეს მათთვის ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი სამი საკითხი, რომელთა მოგვარება ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტული იყო მათთვის. ამგვარად, პირისპირ დიალოგის გზით გამოიკვეთა 200-მდე ადამიანის პრიორიტეტი.
გარდა ქალაქსა და სოფლებში ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისა, პროექტის გუნდი ონლაინ შეხვდა ნინოწმინდის აქტიურ ადამიანებს, თემის ლიდერებს, გააცნო მათ ფოკუს-ჯგუფების კვლევის შედეგები და მისცა შესაძლებლობა გამოვლენილი პრობლემებიდან აერჩიათ სამი ყველაზე აქტუალური საკითხი.
სამი ფოკუს-ჯგუფის, სიღრმისეული ინტერვიუების, და ქალაქსა და სოფლებში ადგილობრივ თემთან პირისპირ შეხვედრის შედეგად გამოვლინდა 7 საკითხი, რომელთა მოგვარებასაც ადგილობრივი თემი ყველაზე პრიორიტეტულად მიიჩნევს.“ – ამბობს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის დირექტორი მარინა კუპატაძე.
სოციალიზაციაზე და საზოგადოებასთან კომუნიკაციის დეფიციტზე შემოგვჩივლა ნინოწმინდელმა ჟორა სტამბოლციანმა. 85 წლის კაცი შვილთან და რძალთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს.
„ხანდახან გინდა, შეხვდე თანატოლებს, ესაუბრო, მოუყვე და მოისმინო ამბები. ადრე აქ, ნინოწმინდაში, კულტურის სახლში პენსიონერებს ერთი ოთახი მოგვცეს და ხშირად ვიკრიბებოდით, ნარდს და შახმატს ვთამაშობდით, დაახლოებით 20 ადამიანი ვგროვდებოდით, მაგრამ მხოლოდ ზაფხულში, ზამთარში ოთახს გათბობა არ ჰქონდა. მხოლოდ კაცები დავდიოდით, კარგი იყო, მაგრამ ახლა ესეც აღარ გვაქვს, პანდემიის გამო მსგავსი შეკრებები აიკრძალა.“
შაქრიანი დიაბეტი ჟორა სტამბოლციანის სამედიცინო დიაგნოზია, ქრონიკულ პაციენტს მედიკამენტები სისტემატურად სჭირდება. ის ამბობს, რომ მთავრობა მისთვის საჭირო წამლებით მხოლოდ ერთხელ, ერთჯერადად დაეხმარა.
„დაახლოებით 10 თვის წინ წამლები უფასოდ მომცეს, 2 თვის წამლები, მაგრამ ახლა აღარ მაძლევენ, საავადმყოფოში მომცეს რეცეპტი, მივედი აფთიაქში და უფასოდ ავიღე ყველა მედიკამენტი. ახლა ისევ პენსიით უნდა ვიყიდო. პენსია ზამთარში ვერაფერს ვერ სწვდება, კომუნალური გადასახადებიც იზრდება ზამთრის სეზონზე“
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში მედიკამენტებით ხანდაზმულების დახმარება, ან კონკრეტულად ამ სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე ორიენტირებული სოციალური პროგრამები არ არსებობს.
„სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის და მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც ნინოწმინდაში ხანდაზმულებს ყველაზე მეტად აწუხებთ. ესენია:
როგორი ხედვა აქვთ და თვითმმართველობაში საქმიანობის შემთხვევაში როგორ აპირებენ ხანდაზმულების მთავარ გამოწვევებთან გამკლავებას პოლიტიკური პარტიები ნინოწმინდაში? ამ კითხვით მუნიციპალიტეტში 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ აქტორებს მივმართეთ.
მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 8 პოლიტიკური პარტია და მერობის ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა.
კითხვებზე პასუხი მხოლოდ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დაგვიბრუნა.
„ევროპული საქართველო“ მოკლე პასუხით შემოიფარგლა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნინოწმინდის ბიუჯეტიდან მედიკამენტების შესაძენად სუბსიდირებას გეგმავს.
„გახარია საქართველოსთვის“ პირველ ეტაპზე საკითხის სიღრმისეულ შესწავლას და კვლევას გეგმავს.
„ქართული ოცნება“ თვლის, რომ მუნიციპალიტეტში კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებები აქტუალური არ არის და რეაგირებას მათი გამწვავების შემთხვევაში აპირებს.
ნინოწმინდის საკრებულოში 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ 30 დეპუტატი იქნება, რამდენ მანდატს მიიღებს არჩევნებში მონაწილე თითოეული პარტია, ეს ოქტომბერში გახდება ცნობილი. მთავარი ერთია – მათ საქმიანობაში ადგილობრივი ხანდაზმულების საჭიროებების გათვალისწინება და მათზე ზრუნვა მოუწევთ.
მულტიმედია მასალა მომზადებულია პროექტის ,,თვითმმართველობა ადგილობრივი თემისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია ,,სამცხე- ჯავახეთის მედია ცენტრი“ ახორციელებს. მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით.
მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.