პროდუქცის რეალიზაციის ხელშეწყობა, პროფესიული გადამზადება, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა – ქალების საჭიროებები პოლიტიკური პარტიების წანასაარჩევნო ხედვებში:

 

ნინოწმინდაში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობა თითქმის ერთფეროვანია. საოჯახო საქმეების კეთების გარდა, მათი უმრავლესობა მიწას ამუშავებს, მოსავალი მოჰყავს და შემდეგ რეალიზებას უწევს. კაცები ძირითადად სამსახურებში არიან დასაქმებულები და ქალებს იმ დროს ეხმარებიან, თუ ტექნიკის გამოყენების საჭიროება დგება. სხვა შემთხვევაში ქალები მარტო უმკლავდებიან ფიზიკურად რთულ და დატვირთულ საქმეს.

Irina ev Susannaირინა და სუსანა კარსლიანები

ასეა ირინა და სუსანა კარსლიანების შემთხვევაშიც. ოჯახს, წლის განმავლობაში ოთხ ტონამდე კარტოფილი მოჰყავს. მიწას რძალ-დედამთილი ამუშავებს, – მოსავალს იღებს, ახარისხებს და ყიდის. ისინი ამბობენ, რომ მათ მძიმე შრომას ფასი არ აქვს და კარტოფილს მინიმალურ ფასად აბარებენ.

შორთი

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივი მეწარმეების მთავარი გამოწვევაა. ეს საკითხი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქალების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების საჭიროებათა კვლევის შედეგად გამოიკვეთა.

kartofil

ა.ო. სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრმა (SJMC) პროექტის „თვითმმართველობა ადგილობრივი თემისათვის“ ფარგლებში, თავდაპირველად ნინოწმინდის ადგილობრივი ბიუჯეტი შეისწავლა. 2021 ადგილობრივ ბიუჯეტში, 9.756.6 ლარიდან ქალებისთვის გამოყოფილია 226 000 ლარი. ეს თანხა კი გადანაწილებულია სხვადასხვა სოციალური პროგრამის და კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

შემდგომში ჩატარდა კვლევა მიმდინარე წლის 1 მაისი – 25 ივლისის პერიოდში, ორგანიზაციის ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ (SJMC) მიერ პროექტის ფარგლებში ,,თვითმმართველობა ადგილობრივი თემისათვის“, რომელიც მხარდაჭერილია ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) მიერ. პროექტის ფარგლებში, თვისებრივი კვლევა, ფოკუს-ჯგუფის გამოკითხვის მეთოდით და სიღრმისეული ინტერვიუების გამოყენებით ონლაინ ფორმატში წარიმართა. მისი მიზანი იყო ნინოწმინდაში მოწყვლადი ჯგუფების აქტუალური პრობლემების იდენტიფიცირება და პრიორიტეტების გამოვლენა. შესაბამისად, სამი ფოკუს-ჯგუფი შეიქმნა, რომლებშიც მონაწილეობდნენ ქალები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები. ქალების ჯგუფში შედიოდნენ სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ქალები.

ქალების უმრავლესობა თვლის, რომ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ნინოწმინდაში უმთავრესი პრობლემაა. ამას ადასტურებენ როგორც ფერმერები, ასევე ბაზრის მოვაჭრეები.

„კორონავირუსის გამო, ხალხი არ მუშაობს, ფული არ აქვს ხალხს, გაუჭირდა ყველას და ვაჭრობაც არ არის. რეალიზაცია რომ ხდებოდეს, პრობლემა აღარ შეიქმნება“ – გვეუბნება 57 წლის ჰაიასკას სიმონიანი, რომელიც ნინოწმინდის ბაზარში პროდუქტს ყიდის.

Hayastan Simonyan
ჰაიასკას სიმონიანი

„სხვადასხვა ქალაქიდან მოდიან, აქედან მიაქვთ კარტოფილი და თვითონ ყიდიან. ჩვენთან ყიდულობენ 20 თეთრად და იქ ყიდიან 1 ლარად და 40 თეთრად, როცა ჩვენ შემოდგომაზე ვწვალობთ, ვიღებთ მიწიდან და მთელი ზამთარი შეგვიძლია გავაჩეროთ… ჩვენ შრომას ფასი არ აქვს, მარტო წვალება გვრჩება. გარდა ამისა, გვყავს ძროხები, მაგრამ რძესაც არ აქვს ფასი. ერთ ბოთლ ბორჯომს და ერთ ბოთლ რძეს ერთი და იგივე ფასი აქვს“ – ამბობს ჩვენთან საუბრისას 63 წლის ანჟელა დარბინიანი.

Anjela Darbinyanანჟელა დარბინიანი

ნინოწმინდაში არსებულ ბევრ მწვავე საკითხთან ერთად, ქალების უფლებების დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ნინოწმინდაში არიან ქალები, რომელთაც თავისუფლება არა აქვთ. მათი გადადგილებაც კი კონტროლდება, როგორც ოჯახის, ასევე მეზობლების და ნათესავების მიერ. განსაკუთრებით ამ მხრივ პრობლემებია სოფლებში. ქალები არ არიან ინფორმირებულები თავიანთი უფლებების შესახებ და ყველაფერს, რასაც ეტყვიან, უსიტყვოდ ემორჩილებიან. ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებმა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრობლემაზეც გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ძალადობის შემთხვევები იმაზე მეტია, ვიდრე ეს საჯაროდ ჩანს. SJMC -ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნინოწმინდაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი პროგრამების ნაკლებობაა.

ამ პრობლემის შესახებ ნინოწმინდაში მცხოვრებ ქალებსაც ვკითხეთ. დავინტერესდით, ოჯახში ძალადობის შემთხვევები რამდენად ხშირია. უმრავლესობა გვპასუხობს, რომ ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობას ადგილი არ აქვს, თუმცა, როცა საქმე ეხება გადაწყვეტილების მიღებას, ცოლ-ქმარს შორის გადამწყვეტი სიტყვა კაცს ეკუთვნის.

„ჩემ ოჯახში არასდროს ყოფილა ოჯახში ძალადობა. შეიძლება ვინმეს ოჯახში იყოს რამე პრობლემა, თუმცა ეგ უკვე იმ კონკრეტული ოჯახის საქმეა და მე არ მაქვს ინფორმაცია. სოფელში თუ რამის მოწესრიგება ან ორგანიზებაა საჭირო, ამ ყველაფერზე ფიქრობს ქალი, თუმცა კაცთან შეთანხმების გარეშე ვერაფერს აკეთებს. აქამდე არ შემხვედრია ისეთი ქალი, რომელიც კაცისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. თუ ქმარმა თანხმობა არ მისცა, ისე ვერ/არ გააკეთებს“ – ამბობს 72 წლის ლეილი ესოიანი.

Leila Esoyan
(სურათზე მარცხნივ – ლეილი ესოიანი)

„ქალზე ძალადობა არ ხდება ჩვენთან. ოჯახში ქმარი არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები და რასაც ის იტყვის, ქალიც მას ემორჩილება. ასეა ჩვენ შემთხვევაშიც“ – გვეუბნება სუსანა კარსლიანი.

ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები თვლიან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქალების ინფორმირება და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორიც. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნავს:

„ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ხშირად ქალები თვითონ ვერ აცნობიერებენ თავიანთ პრობლემებს. მათთვის ეს ნორმალურია. როგორც წესი, განაწყენებულ, გადაღლილ ქალებს ბოღმა უგროვდებათ და საბოლოოდ შვილებზე გადააქვთ მთელი ბრაზი. ახალგაზრდა ქალებთან გაცილებით მარტივია მუშაობა. ისინი უფრო სწრაფად ხვდებიან ყველაფერს. ხვდებიან მათთის მომგებიანი და უკეთესი რა არის. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც გენდერული სტერეოტიპების გავლენას განიცდის“ – ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

კიდევ ერთი გამოწვევა ქალებისთვის, რაც კვლევის შედეგებმა გამოკვეთა, პროფესიული გადამზადების და სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსების არარსებობაა. ეს ყველაფერი კი ნინოწმინდაში მცხოვრებ ქალებს დასაქმებასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში უშლის ხელს. ერთ-ერთი ქალი ფოკუს-ჯგუფიდან აღნიშნავს:

„ქართული ენის შესწავლა უნდა ავიდეს უფრო მაღალ დონეზე, რომ ადამიანებმა მეტად სრულყოფილად და სრულუფლებიანად იგრძნონ თავი, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებულნი და ყველაფერზე ვიყოთ საქმის კურსში“ – ამბობს 38 წლის ქალი.

ნინოწმინდაში მცხოვრები ქალები ფიქრობენ, რომ თუ ადგილზე სხვადასხვა პროფესიის ან სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსები იქნება, თავადაც დაინტერესდებიან.

„ენის კურსები იქნება ძალიან კარგი. მეც ვივლიდი ქართული ენის შემსწავლელ კურსზე და ვისწავლიდი“ – გვპასუხობს ჰაიასკას სიმონიანი.

გარდა ამ პრობლემებისა, ნინოწმინდაში ქალებს აწუხებთ: სპეციალური დამხმარე სერვისების (მაგ: შინ მოვლის პროგრამა, დღის ცენტრი…) არარსებობა, სოფლებში საბავშვო ბაღების ნაკლებობა;

2
ნინოწმინდა

როგორი ხედვა აქვთ და თვითმმართველობაში საქმიანობის შემთხვევაში როგორ აპირებენ ქალების მთავარ გამოწვევებთან გამკლავებას პოლიტიკური პარტიები ნინოწმინდაში? ამ კითხვით მუნიციპალიტეტში 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ აქტორებს მივმართეთ.
მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 8 პოლიტიკური პარტია და მერობის ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა.

კითხვებზე პასუხი მხოლოდ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დაგვიბრუნა.

ევროპული საქართველო:

  • სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია – „შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, მწარმოებლების და მომხმარებლების ინტერესების დასაცავად“
  • სახელმწიფო ენის კურსები -„ქართულად მოსაუბრე მოქალაქეებისთვის აღარ არის გათვალისწინებული სამსახური, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობას სამუშაო ადგილების მონოპილია აქვს თავიანთი ნაცნობებისთვის”

№5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

  • პროფესიული სწავლება – „დაარსდეს პროფესიული სასწავლებელი, რომელიც იქნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე“
  • ქალები სოფლის მეურნეობაში – „მოსაძიებელია ბაზარი იმ პროდუქტის რეალიზაციისთვის, რომელსაც ნინოწმინდელი ქალები აწარმოებენ“
  • ძალადობა ოჯახში – „ქალთა ოთახში უნდა არსებობდეს კადრი, რომელიც უნდა მუშაობდეს ძალადობის საკითხებზე. საჭიროა გამოიყოს შენობა, სადაც იცხოვრებენ ძალადობის მსხვერპლი ქალები. სკოლაში უნდა იყოს არჩევითი გაკვეთილი თემაზე „ჩვენი უფლებაა ვიყოთ ძალადობისგან დაცულნი“

გახარია საქართველოსთვის :

  • ქალები და სოფლის მეურნეობა
    „ინფორმირება;
    კონსულტაციები და შესაბამისი სპეციალისტებით უზრუნველყოფა, მოყვანილი პროდუქტის ხარისხის გაზრდის მიზნით;
    კვოტები ქალების ბიზნესისათვის;
    რეალიზაციის ბაზრით უზრუნველყოფა“.
  • ძალადობა ოჯახში
    „ინფორმირება;
    სპეციალური პროგრამები ქალებისთვის უნარების და შესაძლებლობების ამაღლებისთვის;
    პროგრამები იურისტების და ფსიქოლოგების მომსახურების უზრუნველყოფით“

„ქართული ოცნება“

  • სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია – „მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმეტესობა არის დაკავებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით. შესაბამისად, მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა მოყვანილი პროდუქტის რეალიზება. ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი გამოწვევაც არის ამ პროდუქციის რეალიზების ხელშეწყობა. ამისათვის ვგეგმავთ ადგილობრივი ბაზრის შექმნას, ამ ბაზრის გაპიარებას, რათა მოხდეს არამარტო მიმდებარე მუნიციპალიტეტების მყიდველების მოზიდვა, არამედ ჩვენი პროდუქციის რეალიზება ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადაიდგას მეწარმეობის განვითარების მხარდასაჭერად. ამისათვის უნდა გაგვიწიოთ დახმარება, რათა მეწარმეობით დაინტერესებული მოსახლეობა ჩართული იყოს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პროგრამებით და გრანტებით. ასევე გვაქვს პროგრამა ამ პირებისათვის ხელშემწყობი გარემოს და პირობების შექმნა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი პროგრამები – „მართალია, მუნიციპალიტეტში არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი პროგრამა, მაგრამ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სოციალური და მოსახლეობის დაცვის სამსახურის გენდერული თანასწორობის განყოფილება ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ კუთხით. განყოფილება ატარებს ძალიან ბევრ ღონისძიებას ქალების ჩართულობისთვის საზოგადოებრივ საქმიანობაში, ასევე აწყობს შეხვედრებს სხვადასხვა თემატიკით, დაწყებული სოციალურ-ეკონომიური საკითხებით, დამთავრებული წამახალისებელი და გასართობი ღონისძიებებით. ასე რომ იმდენად მონდომებული და გამჭვირვალე გარემოა შექმნილი მერიის ზემოხსენებული სამსახურში, რომ ქალებს აქვთ თავიანთი არსებული პრობლემებზე საუბრის საშუალება. გარდა ამისა, იგეგმება მერიის შესაბამის სამსახურში ფსიქოლოგის აყვანა, რათა მოხდეს ძალადობის მსხვერპლი ქალების ფსიქოლოგიურად დახმარება. ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით ვგეგმავთ საცხოვრებელი ფართის გამოყოფას/მშენებლობას უსახლკაროდ დარჩენილი ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის“.
  • სახელმწიფო ენის კურსები – „სახელმწიფო ენის დაუფლებისათვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, როგორც საქართველოს უმცირესობით დასახლებულ რეგიონში, არის დანერგილი შესაბამისი პროგრამები. ერთ-ერთი ყველაზე ადაპტირებული პროგრამაა ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროგრამა, სადაც გარდა სახელმწიფო ენისა, ასევე ხდება საჯარო მოხელეთა გადამზადება სახელმწიფო ენაზე დარგობრივი მიმართულებით. ასევე 1+4 პროგრამით სარგებლობაც ხელს უწყობს ენის და შემდგომ უმაღლესებში განათლების მიღებას სასურველ ფაკულტეტზე. რაც შეეხება ადრეული ასაკიდანვე ქართული ენის შესწავლას, მუნიციპალიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გეგმავს ბილინგვური სწავლების დანერგვას“.

ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ფარგლებში ვინ გააგრძელებს ამ თემებზე მუშაობას და იქნება ეს მხოლოდ დაპირება თუ რეალურად გადადგმული ნაბიჯი, 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაირკვევა. „სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი“ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატების მიერ ქალების გამოწვევების მოსაგვარებლად განხორციელებულ აქტივობებს მომავალშიც დააკვირდება.

მულტიმედია მასალა მომზადებულია პროექტის ,,თვითმმართველობა ადგილობრივი თემისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ ახორციელებს. მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

hovanavor